"ჰაიმარსი" აბობოქრდა... - კვირის პალიტრა

"ჰაიმარსი" აბობოქრდა...

ამ ნახევარი საუკუნის წინ ძალზე პოპულარული იყო ფრანგული კომედიური ფილმი "ფანტომასი აბობოქრდა", რომელსაც მაშინ საქართველოშიც აჩვენებდნენ და დიდი მოწონებით სარგებლობდა...

ისევე, როგორც ამ ფილმში ფანტომასის კინოგმირის შემკავებელი ვერავინ იყო, დღეს უკრაინის ფრონტზეც აბობოქრებულ "ჰაიმარსებს" რუსმა სამხედროებმა ვერაფრით მოუფიქრეს ეფექტიანი კონტრზომები...

გუშინ ღამით, უკრაინელმა არტილერისტებმა "ჰაიმარსების " გამოყენებით პირადი რეკორდი დაამყარეს და რუს ოკუპანტებს ოთხზე მეტი საბრძოლო მასალების საწყობი ერთმანეთის მიყოლებით, უზუსტესი სარაკეტო დარტყმებით აუფეთქეს.

2-1659081994.jpg
„ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტით მორიგი რუსული საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების მომენტი

"ჰაიმარსების" ძირითადი სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამხრეთ ნაწილში, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში განხორციელდა, სადაც უკრაინის არმია დიდი კონტრშეტევების დასაწყებად ემზადება.

ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე გამავალი სამივე ხიდი - ანტონოვის, სარკინიგზო და კახოვკის, ფაქტობრივად, მწყობრიდანაა გამოყვანილი "ჰაიმარსების" რაკეტებისა და, სავარაუდოდ, ასევე 155 მმ კალიბრიანი "ექსკალიბურის" მართვადი საარტილერიო ჭურვების ზუსტი მოხვედრების შედეგად.

რუსი სამხედროები დაჩქარებული ტემპებით აგებენ საპონტონე ხიდებს ზემოხსენებული სტაციონალური ხიდების გვერდით, რადგან ამ დაზიანებული ხიდების კონსტრუქციები რაღაცნაირად გადაეფარონ საპონტონე ხიდებს და ისინი დაიცვან უკრაინული "ჰაიმარსებისა" და "ექსკალიბურების" წერტილოვანი დარტყმებისგან.

თუკი მდინარე დნეპრზე ყველა სტაციონალური და დროებით გადასასვლელი უკრაინელებმა რუსებს გაუნადგურეს და ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდნენ, მაშინ რუსი ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა ნაპირთან აღმოჩნდებიან მიმწყვდეულნი და შეიძლება სტალინგრადის ბრძოლაში გერმანელი ფელდმარშლის - პაულიუსის არმიის მწარე ბედი გაიზიარონ, რომელიც მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროსთან, "ქვაბში" იქნა გამომწყვდეული და 1943 წლის 31 იანვარს სრული კაპიტულაცია გამოაცხადა...

ფრონტის სამხრეთ ნაწილში, ეფექტიანი საბრძოლო შედეგების გარდა, "ჰაიმარსებმა" გუშინ თავი აღმოსავლეთ ფრონტზეც გამოიჩინეს - დონბასში, ილოვაისკთან ზუსტი სარაკეტო დარტყმით ეტყობა, საბრძოლო მასალების დიდი საწყობი ააფეთქეს, რადგან ჭურვების დეტონაცია მეორე დღეს, ამ სტატიის დაწერის დროსაც კი გრძელდებოდა...

3-1659082033.png
რუსული სამხედრო საწყობის აფეთქების შედეგად მიმოფანტული, დეტონაციას გადარჩენილი საარტილერიო ჭურვები, რომელთა არათუ გამოყენება, ხელის ხლებაც კი ძალზე საშიშია...

უკრაინელი არტილერისტები ამერიკული "ჰაიმარსებით" მართლაც ცდილობენ, შემოატრიალონ ომის ბედი, მაგრამ მათი ყველა წარმატებული საარტილერიო თუ სარაკეტო დარტყმა ხომ მაინც დროებით ოკუპირებულ, მაგრამ მაინც უკრაინულ მიწაზე ხდება?

ამიტომაც უკრაინელი სამხედროები არ ივიწყებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის იმის შეხსენებას, რომ ომის ქარცეცხლი ოკუპანტი რუსეთის მიწაზეც დაბრუნდება - გუშინ ღამითვე, უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმების სამიზნეები უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქშიც გამოიძებნა - დასახლებული პუნქტის - კლიმოვოს მიმდებარედ, რუსული სამხედრო ნაწილის მიმართულებით 40-მდე რაკეტა აფეთქდა...

ამ ზალპური სარაკეტო დარტყმის მიკუთვნება "ჰაიმარსებისთვის" ეტყობა, არ ღირს, რადგან ეს რუსული დასახლებული პუნქტი, რომელსაც რუსეთის არმია თავისი საბრძოლო დანაყოფების თავმოყრისთვის იყენებს, უკრაინის საზღვრიდან სულ ათიოდე კმ-ითაა დაშორებული. ამ მასობრივ სარაკეტო დარტყმას ერთი უკრაინული "გრადიც" თავისუფლად გაართმევდა თავს...

უკრაინელი სამხედროები ამერიკელების მიერ გადაცემული "ჰაიმარსებით" კი წერტილოვან დარტყმებს აყენებენ რუსი ოკუპანტების სამხედრო ობიექტებს, მაგრამ ამის შემდეგ, როგორც წესი, უბრალო უკრაინელი მოქალაქეები ისჯებიან, რადგან აბობოქრებული "ჰაიმარსების" მორჯულების საშუალების ვერ გამოძებნით გამძვინვარებული რუსი გენერლების ბრძანებით, შურისძიების სახით, რუსული რაკეტები მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ეცემა...

პ.ს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების წევრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მართვადი ბალისტიკურ რაკეტების მიწოდებას, რომლებიც "ჰაიმარსის" სარაკეტო დანადგარებიდან მაქსიმალურ, 300 კმ-ის სიშორეზე შეიძლება იქნენ გაშვებულნი და სამიზნეს 3-5 მ-ის სიზუსტით მოხვდნენ.

ამერიკელი კანონმდებლების უდიდესი ნაწილის ზეწოლა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე იმედია, ბოლოსდაბოლოს შედეგს გამოიღებს და უკრაინელი არტილერისტები, 84 კმ-მდე მოქმედი "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტების კვალდაკვალ, 300 კმ-ზე მფრენ ბალისტიკურ რაკეტებსაც მიიღებენ, რაც ნამდვილად შეცვლის უკრაინის არმიის სასარგებლოდ სიტუაციას ფრონტის ხაზზე და მის ღრმა ზურგშიც.

უბრალოდ, პირველ ეტაპზე, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ამერიკელი პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვა, რომ 300 კმ-ზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს არ დაბომბავენ...

მაგრამ რა მოხდება ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის შემთხვევაში, რომელსაც უკრაინელები, ბუნებრივია, დონბასივით ოკუპირებულ ტერიტორიად თვლიან, ხოლო რუსეთი კი თავისი ფედერაციის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს?

300 კმ-ზე მოქმედი რაკეტების მიღების შემთხვევაში, კიევს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ყირიმის ხიდის, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მარაგდებიან, მწყობრიდან გამოყვანის და როგორი იქნება კრემლის საპასუხო რეაქცია?