როგორ გამოვიყენოთ ბავშვის სავარძელი ავტომობილში? - კვირის პალიტრა

როგორ გამოვიყენოთ ბავშვის სავარძელი ავტომობილში?

თბილისის ქუჩები ახალი, ფერადი საგზაო ნიშნებით აჭრელდა. საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მიზნით „თეგეტა ჰოლდინგმა“ ახალი კამპანია წამოიწყო. კომპანია საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს კარგად ნაცნობ, თუმცა დაუწერელ კანონებს ილუსტრაციების სახით ახსენებს.

კამპანიის ფარგლებში „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების დახმარებით 20 ახალი საგზაო ნიშანი შეიქმნა. ერთ-ერთი სწორედ ბავშვის სავარძლის გამოყენების აუცილებლობას ეხება. სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 450-მდე ადამიანი იღუპება, 7700-ზე მეტი კი მძიმე ტრავმას იღებს, მათ შორის ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები ან მოზარდები არიან, მიზეზი კი ძირითადად ავტომობილში ბავშვის სამგზავრო სავარძლის არ არსებობა ან არასწორად დამონტაჟება ხდება. ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მნიშვნელობასა და ბავშვის სამგზავრო სავარძლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.

294763049-769755527552800-30934119709215818-n-1659095058.jpg

„დიდი სიამოვნებით ვუერთდები „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გვაქვს კანონები, გვაქვს აღსრულების მექანიზმები, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოების ცნობიერება არ არის სათანადო დონეზე საგზაო შემთხვევები მრავლად ხდება. საქართველოში კანონით მძღოლის გვერდით 12 წლამდე ბავშვის დასმა აკრძალულია, თუმცა უკანა სავარძელზე ბავშვის უსაფრთხოება რა პრინციპით უნდა უზრუნველვყოთ ეს მკაფიოდ არ არის გაწერილი კანონში. შესაბამისად, კანონის მიხედვით ჩვენი ბავშვები არ არიან დაცულები, მაგრამ მშობლებს მეტი სიფრთხილე გვმართებს. ბავშვის სამგზავრო სავარძელი მეორადი დაცვის მექანიზმია. მაშინ, როცა ავტო ავარია ხდება და ბავშვი განთავსებულია მისი ზომის სავარძელში, სათანადოდ შეკრული აქვს ღვედი და სავარძელი სწორად არის დამაგრებული, 80%-იან დაცვას უზრუნველყოფს. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა ჩნდება ფასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ძალიან ბევრი საშუალო ბრენდის სავარძელია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იცავს ბავშვს და ხელმისაწვდომიც არის ყველასთვის, ვისაც ავტომობილის უზრუნველყოფა შეუძლია.“

გარდა იმისა, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობა სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელია, ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული ის მანქანაში. ავტო ავარიის შემთხვევაში არასწორად ჩამაგრებული სავარძელი შესაძლოა მეტად საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

„ყველა სავარძელს მოჰყვება წიგნი, სადაც კარგად არის ნაჩვენები ინსტრუქცია, როგორ დაამაგრონ მანქანაში სწორად. ასევე სავარძელზე განთავსებულია იარლიყი, სადაც წერია რა წონის ბავშვისთვის არის გათვლილი. არის უნივერსალური სავარძლებიც, რომლებიც ტრანსფორმირდება და მთელი ბავშვობის პერიოდში ყოფნის მოზარდს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვი უნდა იჯდეს საბავშვო სამგზავრო სავარძელში. ჩვილს და პატარა ბავშვს ზურგიანი სავარძელი ესაჭიროება, მაგრამ 7 წლიდან ე.წ. ბუსტერი გამოიყენება, რომელიც უზურგო, ასამაღლებელი სავარძელია და უზრუნველყოფს, რომ ბავშვს ღვედი მხარზე ჰქონდეს გადაკრული და არა კისერზე. კონსულტანტები უკეთ ურჩევენ მშობლებს, ბავშვის წონის და ასაკის მიხედვით, როგორ სავარძელს საჭიროებს და როგორ უნდა მოათავსონ ავტომობილში“ - ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.

საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ეკა ლალიაშვილის თქმით, გაეროს მეორე მოქმედების დეკადის მთავარი მიზანია.

„2022-2030 წლებში მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთი კამპანიები, ახალი კანონმდებლობები, ინვესტირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში, უსაფრთხო ინფრასტრუქტურისთვის, უსაფრთხო და გამართული ტრანსპორტისთვის, ადამიანის ქცევის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. აუცილებელია მულტისექტორული ჩართულობა და ზიარი პასუხისმგებლობა. საზოგადოების კერძო და სამოქალაქო თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - 50%-ით უნდა შემცირდეს დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 2030 წლისთვის, ეს დეკადა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თეგეტას ეს კამპანია სამაგალითოა“- ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის მიზანიც სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

296336229-1114930129108981-6628328553697883052-n-1659095058.jpg

„თითქოს ყველამ იცის, რომ აუცილებელია დაიცვა გარკვეული წესები და ნორმები, თუმცა, გზებზე მაინც სამწუხარო რეალობა გვაქვს. სწორედ ამიტომ, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ კამპანიის მთავარი მიზანი ამ თემაზე დისკუსიის წამოწყება და ცნობიერების ამაღლებაა. ვცდილობთ, რომ რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს საზოგადოების ჩართულობით გავაკეთოთ. ვფიქრობთ, იმ დამატებითი 20 ნიშნით, რაც კამპანიის ფარგლებში შევქმენით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები. “ - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში ამ თემაზე სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.