შსს გუდაურში პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებს - კვირის პალიტრა

შსს გუდაურში პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუდაურში პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებს.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

როგორც ცნობილია, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"