"ყველაზე რთულ სიტუაციაში კახა იყო ერთ-ერთი, ვისაც აგზავნიდნენ სხვის დასახმარებლად" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"ყველაზე რთულ სიტუაციაში კახა იყო ერთ-ერთი, ვისაც აგზავნიდნენ სხვის დასახმარებლად" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ

არქივი

2022 წლის 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ, რომელიც გუდაურში დატრიალდა, მთელი ქვეყანა შეძრა. უბედური შემთხვევა 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს კლდეზე შეჯახების შედეგად ე.წ. "კუდი" დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქებისას ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. ამ ტრაგედიის ამსახველმა შემზარავმა კადრებმა მთელი საქართველო აატირა.

იმ საბედისწერო დღეს პარაპლანით ფრენის დროს 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სწორედ მათ დასახმარებლად დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია და ამ ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი "მი-8" ჩაერთო, რომელმაც საუბედუროდ, ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

296668620-1722704474762313-6268006443173977542-n-1659163939.gif
ზაზა ლო­რია

ვერტმფრენის ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი. ვერტმფრენს გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია მართავდა, ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ: დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე იმყოფებოდნენ ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი. ასევე ორი მაშველი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. შს მინისტრის თქმით, "ექსპერტები მუშაობენ იმის გასარკვევად, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე, უკანა მხარე, თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ, მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო, თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირად ხდება. როგორც მინისტრი გომელაური ამბობს, "თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლების შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალები არიან", - განაცხადა მინისტრმა.

სასაზღვრო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი შამილ ქორთოშიძე ფიქრობს, რომ "ალბათ, ქარის ფაქტორის გამო მოხდა ტრაგედია. თვითონ იმ ტერიტორიაზე, სადაც პარაპლანისტი იყო ჩავარდნილი, შვეულმფრენი კლდესთან ახლოს იყო. შემთხვევის ადგილას ისედაც შეზღუდული სივრცე იყო. პარაპლანისტი კლდეზე იყო დაკიდებული და ეს ჩანს კადრებში. ეკიპაჟმა შეარჩია ქარის მიმართულება და დაეკიდა ამ შეზღუდულ ფართში. როცა სამაშველო ოპერაცია უნდა დაეწყოთ, ჩემი აზრით, ამ დროს ქარი შეიცვალა და რომ დაუბერა, შვეულმფრენი შეატრიალა, კუდით დაეტაკა ამ კლდეს. წამოარტყა კლდეს კუდი, უკანა პროპელერი და დაკარგა წონასწორობა. ამ უკანა პროპელერზეა დამოკიდებული წონასწორობის დაცვა, ის არის მიმართულების გამსაზღვრელი. უკანა პროპელერი როცა არ აქვს, ის გარშემო იწყებს ბრუნვას, რაც ვნახეთ კიდეც. მას ჰაერში გაძვრა დეტალი და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ქარის ფაქტორმა განაპირობა. ამ დროს მფრინავი შეეცადა შვეულმფრენის გაჩერებას და ეს დაზიანებული კუდი რომ იყო, გადატყდა. კადრშიც ჩანს, რის შემდეგაც ვერტმფრენი უმართავი გახდა... არსებობს ე.წ. შავი ყუთი, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი და მიზეზი იქიდან გაირკვევა. ვიდრე კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება",- ამბობს ქორთოშიძე.

"შიშის გრძნობა არ გეუფლება როდესაც დაფრინავ, როდესაც მიდიხარ დავალებაზე. როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, როგორ არის, მაშინ უფრო არის შიშის გრძნობა, ვიდრე ფრენის და დავალების შესრულების დროს. ასეთი გამონათქვამიც არის ერთხელ თუ დაავადდი ამ პროფესიით, ვეღარ განიკურნები, მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გინდა ჰაერში იყო და იფრინო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მფრინაობა, ძალიან საამაყო პროფესიაა, ალბათ ყველაზე უფრო დიდი გრძნობა გეუფლება, როდესაც სამაშველო ოპერაციას ატარებ, ადამიანებს ეხმარები, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ეს უფრო დიდ სტიმულს აძლევს მფრინავს და კიდევ და კიდევ მეტი საგმირო საქმეებისკენ გიბიძგებს” – ამბობდა გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია. ვერტმფრენს სწორედ ის მართავდა. მას 35 წლიანი გამოცდილება ჰქონდა და ამ წლების მანძილზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია თავისი სიცოცხლის რისკის ფასად. ტრაგედიამდე თურმე მეუღლეს ესაუბრა და უთხრა მალე დაბრუნდებოდა სახლში.

"დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა. ბედნიერი წლები გავატარეთ, ბედნიერი მეუღლე ვიყავი, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება, ყველას გადამრჩენელი. საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, მამა, ბაბუა, ყველასთვის. ძალიან მიმძიმს. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ეს ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გადაერჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა. ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, პირველი შემთხვევა არ იყო, მფრინავისთვის ეს თანმდევია”, – ამბობს გარდაცვლილი პილოტის მეუღლე თამუნა ასანიშვილი.

295898541-741784523797093-2823192231776859421-n-1659163939.jpg
დიმა ქა­ა­ძე

საქმის პროფესიონალები იყვნენ ასევე დიმა ქააძე და ლევან ჩოხელი. 43 წლის დიმა ქაააძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ ზემო ალვანიდან იყო. მას თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მისი ძმაც მფრინავია. 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

"ქააძე.. ქააძე.. სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან. არ ვიცნობდი, არც არსად მენახა, მახსოვდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაციის მერე დაჯილდოვდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ვინმე სადმე თუ ჩარჩებოდა, საშველი იყო და ყურს მოვკრავდი ამ თემას ტელეფონზე, იქვე მესმოდა: აქ არაა ქააძე? დღევანდელი ტრაგედიის ამბავი რომ გავიგე, იმწამსვე გულმა რეჩხი მიყო, ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით და შემართებით.... იყო. აღმოჩნდა, რომ იყო, რა მძიმე ამბავია... სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს..დიდება გმირებს", - წერს სოციალურ ქსელში ანა წერეთელი.

"იმ საშინელი კადრების შემდეგ ვლოცულობდით, ნეტავ ჩვენი დიმა არ აღმოჩენილიყო, ნეტავ.. მაგრამ შენ იქ აღმოჩნდი დიმა, გული გამეგლიჯა! დაუჯერებელია ეს ტრაგედია! ნიკოლოზი აუცილებლად იამაყებს შენნაირი მამით დიმა! მეც ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყავი. ასეთი ვაჟკაცი! რამდენი ადამიანი გადაგირჩენიათ, გმირი იყავი და გმირულადაც წახვედი.. გამძლეობას ვუსურვებ ლალი დეიდას, დათოს და მთელ ოჯახს. ჩემი ლალი დეიდა, როგორ მენანება ამხელა ტკივილისთვის",- წერს ქააძის ახლობელი.

295917833-736870094038844-3861720572691100207-n-1659163939.jpg
ლე­ვან ჩო­ხე­ლი

ლევან ჩოხელი დაოჯახებული იყო. ის ოჯახთან ერთად ვარკეთილში ცხოვრობდა. მისი და და დედა საზღვარგარეთ არიან და იქ შეიტყვეს ეს უმძიმესი ფაქტი. ლევანს ყველა დადებითად ახასიათებს. მის სახლთან გუშინ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა ტიროდა.

"რატომ ღმერთო, რატომ??? ნუთუ არ შეიძლებოდა რომ ეს არ მომხდარიყო. დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი... რამდენი გირეკე ლევან, რამდენი. იმედი მქონდა, რომ შენ არ იქნებოდი, გადარჩებოდი და ისევ ცოცხალს, მომღიმარს და მხიარულს გნახავდი. მიჭირს შენზე წარსულში საუბარი. ყველაზე შემტკივა გული, ყველას გიცნობდით და ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ რომელიმე მაინც, რომელიმე... მაგრამ.... თქვენ ჩვენი გმირები ხართ, რამდენის სიცოცხლე გადაგირჩენიათ და რამდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული. სამარადისოთ დარჩებით ჩვენს გულებში. გვანცას (ჩემი შავტუხაო რომ ეძახდი) ლევანი ნათლია", - წერს ნათია რუსიშვილი "ფეისბუკის" გვერდზე.

296296020-594278675608261-9127788797874924387-n-1659163939.jpg
ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი

ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ბორტზე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი იყო. მას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ყველა დადებითად ახასიათებს ანდროს და ყველა განიცდის მის ტრაგიკულად დაღუპვას.

"კეთილი, ჭკვიანი, უკეთილშობილესი, მშვიდი და წყნარი ბიჭი იყო, არ მინდა დაჯერება რომ ანდრო აღარ არის. მთელი ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა", -ამბობს ახლობელი. "შენ მე მომკალი, ჩემო გულო და ჩემო სულო. ჩემო ძმაკაცო მიყვარხარ გულში. შენი მოსანათლი რო დატოვე ის პატარა კაცი გააგრძელებს შენი სახელის ტარებას ამაყად ჩემთვის გმირი იყავი და ახლა ქვეყნისთვისაც გმირი ხარ. მენატრები და მიყვარხარ", - ასე ემშვიდობება ანდროს მეგობარი აჩი ცანავა სოციალურ ქსელში.

296260038-5680663998634060-1658995117326900995-n-1659163939.jpg

კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი სამაშველო სამსახურში წლების მანძილზე მუშაობდნენ. გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ, რომლებსაც ბევრჯერ გადაურჩენიათ ადამიანის სიცოცხლე და ყოველთვის იქ იყვნენ, სადაც საჭირო იყო მათი გმირობა. ეს ბიჭები ბათუმის ტრაგედიის დროს, როცა კორპუსი ჩამოინგრა თავდაუზოგადავად იბრძოდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად.

296221488-561018742392371-6250153596191290453-n-1659163939.jpg

კახა ტორჩინავა აფხაზეთიდან დევნილი იყო. "ყველა იცნობდეთ, მაშველი, ჯერ ქართველი ვაჟკაცი, მერე მაშველი კახაბერ ტორჩინავა, მან და მისმა მთელმა გუნდმა საშველად ჩასულმა მაშველებმა ბევრი ნერვიულობით, უზადო სიფრთხილით, თან უდიდესი განცდით, ამოიყვანეს დაზარალებულები. კახა დევნილია და მან ყველაზე კარგად იცის თითოეული გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლის ფასი, დიდება გმირებს", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში 2021 წელს, ბათუმის ტრაგედიის დროს ერთ ერთმა მოქალაქემ დაწერა და კახას მადლობას უხდიდა. დღეს უკვე ამ მაშველი ბიჭების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

"ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, როცა ვიაზრებ რომ რამოდენიმე საათის წინ ერთად ვიყავით ბაზაზე...მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი საუკეთესო მაშველები და ვაჟკაცობის ეტალონები იყვნენ. ვამაყობ ძმებო თქვენს გვერდით ნამუშევარი ყოველი წუთით. ღმერთმა გაანათლოს თქვენი კეთილი სულები. მეხანძრე მაშველი გმირია!!!",

გიორგი მარგიანი დაოჯახებული იყო, ის ბოლნისში, სოფელ ტანძიაში ცხოვრობდა

"კახა ტორჩინავა უკარგესი ადამიანი იყო, აფხაზეთიდან დევნილია. ამ ოჯახს დიდი ტრაგედია წლების წინ დაატყდა თავს. კახას ორი ძმა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ორივე ერთად ისხდნენ მანქანაში. ახლა კი ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. არ ვიცი როგორ უნდა გაუძლოს ოჯახმა ამ ტკივილს. კახა დაოჯახებული იყო, უკარგესი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ორი და ჰყავს და მშობლები. ვუსამძიმრებ მათ ამ უდიდეს ტრაგედიას და სრულიად საქართველოს. ჩემი მეზობლის ძმაა, გამომდინარე მისი სამსახურიდან ხშირად ვერსად ახერხებდა სტუმრობას, ყველაზე რთულ სიტუაციაში ყოველთვის კახა იყო ერთ-ერთი ვისაც აგზავნიდნენ სხვის დასახმარებლად...", გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

eqimebicover-00090-1659164127.jpg
ექი­მე­ბი - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ვე­ნეც­კი

დაღუპულებს შორის ასევე ორი ექიმია. ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. ქეთი…დაოჯახებული არ იყო.

"სიტყვები ზედმეტია ამ ტკივილის გადმოსაცემად, კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ქეთიზე. იმდენად ამაყი იყო, იმდენად თავდადებული თავისი საქმის, ნამდვილად გმირი იყო და გმირულად დაგვტოვა. 16 წელია სასწრაფოს ექიმია. ქეთი დაოჯახებული არ იყო, სიცოცხლით სავსე ადამიანი. წარმოშობით კახეთიდან იყო. იმდენად დატვირთული სამუშაო ჰქონდა, რომ ხშირად ვერ ჩადიოდა მშობლიურ კუთხეში. კატასტროფის ბრიგადაში და 112-ში მუშაობდა. ერთი კვირის წინ ჩვენთან სახლში იყო. მას ოჯახის წევრად ვთვლიდით და გვთვლიდა თვითონაც. ბავშვის დაბადების დღე არ გამოტოვა, სამსახურიდან უზომოდ დაღლილი მოვიდა და ბავშვი გაახარა. განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა ყველას მიმართ, არ ვიცი ალბათ გრძნობდა, რომ ხანმოკლე იყო მისი სიცოცხლე. უზომოდ თბილი და ყურადღებიანი ქეთი აღარ გვყავს. ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში ვინმეს თუ უჭირდა სხვას ედგა მხარში. უზომოდ მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ვერ ვიაზრებ, რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ. უანგარო და უზომო სიყვარულს, სითბოს, ყურადღებას აფრქვევდა. ჩემს მეხსიერებაში ქეთი დარჩება როგორც გმირი ადამიანი, გმირი ექიმი. ჩემი ღიმილიანი, თბილი და ყურადღებიანი ქეთი, უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი აღარ არის. 3 წლის წინ მან ჩემი ოჯახის წევრის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. ვიზიარებ დაღუპულების ოჯახების ტრაგედიას, ამ მოუშუშებელ ტკივილს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. გმირულად გარდაცვლილი ადამიანები არიან, რომლებსაც ბევრი სიცოცხლე ჰყავთ გადარჩენილი. კიდევ სიცოცხლის გადასარჩენად წასულებმა კი თავი გაწირეს. ეს მწარე რეალობაა", -გვითხრა ქეთის მეგობარმა მარიამ აფციაურმა.

გიორგი ვისეცკი დაოჯახებული იყო, მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. "ნეტა მართლა არ გამეგო გიორგი, ჩვენო ერთადერთო კურსელო ბიჭო. ლექტორებიც და კურსელებიც თავზე დაგფოფინებდით. ერთადერთი იყავი კურსზე და განსაკუთრებულად მონდომებული. მტკივა შენი დაკარგვა. სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს. ვიცი ერთი, იყავი დაბადებული ექიმად და ექიმად მოკვდი. გვიყვარხარ მთელ კურსს და გემშვიდობებით",- წერს გიორგის ჯგუფელი შორენა ჩოხელი. სიტყვები მართლა უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს, "კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"ფრენის დროს კარაბინი გაუტყდა და პარაპლანი საერთოდ მოძვრა, მაგრამ მან შეძლო პარაშუტით დაშვება" - რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა კონტროლდებოდეს პარაპლანით ფრენისას