მესაზღვრეების ამ შვეულმფრენს კატასტროფამდე მთებში არაერთი დაშავებული გადაურჩენია... - კვირის პალიტრა

მესაზღვრეების ამ შვეულმფრენს კატასტროფამდე მთებში არაერთი დაშავებული გადაურჩენია...

29 ივლისის ტრაგედია არა მარტო ამ საავიაციო კატასტროფაში დაღუპული 8 ადამიანის ოჯახს, ახლობლებსა თუ თანამშრომლობს შეეხო, ის მთლიანად ქვეყნის ტრაგედიად იქცა და 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა...

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ბოლო წლებში ერთგვარ „გაჭირვების ტალკვესად“ იქცა - სწორედ მის ეკიპაჟებსა და შვეულმფრენებს სასწრაფოდ იძახებდნენ, თუკი სადმე მთაში ტურისტს ფეხი გადაუბრუნდებოდა.

ფაქტობრივად სასაზღვრო პოლიციის ეკიპაჟები სამაშველო სამსახურის საჰაერო „სასწრაფო დახმარებად“ გადაიქცნენ, რაც აუცილებელია მთაგორიანი რელიეფის მქონე ტურიტული ქვეყნისთვის, მაგრამ ეს სასაზღვრო პოლიციის პირდაპირ ფუნქციებში არ შედის - ამისთვის იმავე შსს-ში შემავალ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (რომლის პირდაპირი მოვალეობაა სამაშველო ოპერაციების ჩატარება) დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე სპეციალიზირებული შვეულმფრენი, მაღალ მთებში დაშავებულების საჰაერო ძებნისა და ევაკუაციის განსახორციელებლად და ამისთვის 13 ტონიანი სატრანსპორტო შვეულმფრენების ისედაც მწირი საფრენოსნო რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს...

გუდაურთან კატასტროფაგანცდილი სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შვეულმფრენი Mi-8MTV-1 საბორტე ნომრით GBP-10001 ყაზანის საავიაციო ქარხანას სამი ათეული წლის წინ ჰქონდა გამოშვებული.

კონკრეტულად ეს შვეულმფრენი ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილად ითვლებოდა არა მარტო მესაზღვრეების ავიაციაში, არამედ მთლიანად საქართველოში, რადგან საბორტე რადიოლოკატორის გარდა, ეყენა ოპტიკურ-ელექტრონული ხედვის აპარატურა და მძლავრი პროჟექტორი, რომლებიც ამ შვეულმფრენის ეკიპაჟს დღისით და ღამით რთულ მეტეოროლიგიურ პირობებშიც კი, ფრენისა და ამოცანის შესრულების საშუალებას აძლევდა.

Mi-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა 13 ტონას აღწევს და მაქსიმალური 4 ტონა ტვირთი გადააქვს ან 25 კაცი გადაჰყავს (ეკიპაჟის სამი წევრი და 22 მგზავრი), ამიტომაც არ შეიძლება იმის თქმა, რომ კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი, რომელშიც ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი იმყოფებოდა, გადატვირთული იყო.

ამასთან, ამ ტიპის შვეულმფრენს უპრობლემოდ შეუძლია განახორციელოს აფრენა-დაფრენა 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ასე,რომ ვერც ეს ფაქტორი გახდებოდა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა.

2-1659162174.jpg
ამ შვეულმფრენით მესაზღვრეების მფრინავებს არაერთი კეთილი საქმე ჰქონდათ გაკეთებული საქართველოს ყველაზე მიუვალ კუთხეებში...

თვითმხილველების მიერ ორი სხვადასხვა პოზიციიდან გადაღებული ვიდეოკადრებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შვეულმფრენის უმართავი ბრუნვის დაწყებისა და კუდის ხრახნის მოწყვეტამდე, კადრებში გაიელვა თეთრი ფერის მტვრის ღრუბელმა, რომელიც სავარაუდოდ შვეულმფრენის კუდის ხრახნის კლდის ფერდობზე წამიერად კონტაქტის შედეგად წარმოიშვა, ხოლო მექანიკურმა დაზიანებამ მწყობრიდან გამოიყვანა შვეულმფრენის მთავარი რედუქტორის კუდის ხრახნის რედუქტორთან შემაერთებელი დიდი სიჩქარით მბრუნავი ლილვი, წარმოიქმნა რეზონანსული ეფექტი, რასაც საბოლოოდ, მოჰყვა კუდის ხრახნის თავის რედუქტორთან ერთად მოწყვეტა...

3-1659162174.png
ვიდეოკადრებში დაფიქსირებული შვეულმფრენის კატასტროფის მომენტი

ერთხრახნიანი სქემის შვეულმფრენების (რომელსაც მიეკუთვნებოდა ქართველი მესაზღვრეების კატასტროფაგანცდილი Mi-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენიც) უმთავრეს კონსტრუქციულ შემადგენელს სწორედ კუდის ხრახნი წარმოადგენს, რომელიც აკომპენსირებს შვეულმფრენის მთავარი ხრახნის მუშაობისას წარმოქმნილ მობრუნების მომენტს. კუდის ხრახნის მუშაობის გარეშე შვეულმფრენი რედუქტორის ღერძის გარშემო იწყებს ბრუნვას, მთავარი ხრახნის ბრუნვის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც გამოჩნდა კიდეც ვიდეოკადრებში მესაზღვრეების შვეულმფრენის კუდის ხრახნის მოწყვეტის შემდეგ...

წინასწარი ვარაუდების გამოთქმა კი შეიძლება, მაგრამ ავიაკატასტროფის ობიექტურ სურათს მაინც შვეულმფრენის საბორტე რეგისტრატორის მონაცემების გაშიფვრა მოგვცემს.

ეს საბორტე რეგისტრატორი, რომელსაც „შავ ყუთსაც“ უწოდებენ (თუმცა ის ნარინჯისფერია, კატასტროფის ადგილზე უკეთესად მოძებნისთვის), იწერს ფრენის პარამეტრებსა და ეკიპაჟის საუბრებს, იმედია მან გაუძლო შვეულმფრენის ჩამოვარდნისა და აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ ხანძარს...

პ.ს. ამ კონკრეტული ბორტით არაერთხელ მიფრენია, ეკიპაჟის წევრებს, განსაკუთრებით კი მის მეთაურსაც კარგად ვიცნობდი, ხოლო იმ ავბედით დღეს ამ შვეულმფრენმა ჩემს სახლს 30-50 მ-ის სიმაღლეზე გადაუფრინა ტრადიციულად, როდესაც მესაზღვრეების შვეულმფრენები ყაზბეგის მიმართულებით მიფრინავენ...

მეც ტრადიციულად ხელის დაქნევით გავაცილე, რომ ასევე ტრადიციულად, საღამოს უკან ალექსეევკისკენ დაბრუნებულს ისევ მივსალმებოდი, მაგრამ ტრადიცია დაირღვა, ვეღარ მივესალმე...