"ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, რუსებს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ, რომელსაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს" - კვირის პალიტრა

"ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, რუსებს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ, რომელსაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს"

ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლის სანაცვლოდ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ისგან მოითხოვეს, რომ გარდა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტისა, მათ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ.

ინფორმაციას ექსკლუზიურად CNN ავრცელებს.

კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელიც შარშან, გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რუსებმა აღნიშნული თხოვნა შეერთებულ შტატებს ამ თვის დასაწყისში ეფ-ეს-ბეს არაოფციალური არხის მეშვეობით წარუდგინეს.

მედიის ცნობით, რუსეთის ამერიკისადმი თხოვნა კრასიკოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემურად განიხილებოდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

შედეგად, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ჩუმად მიმართეს გერმანელებს იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

ცნობისთვის, რუსეთის დაზვერვის აგენტმა კრასიკოვმა 2019 წელს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

საინფორმაციო სააგენტო BBC-მ ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ზელიმხანის ძმა ზურაბ ხანგოშვილი გარდაცვლილი ძმის ცხოვრების სხვადახვა ეტაპზე საუბრობდა:

ომიდან დაბრუნების შემდეგ ზელიმხანი ფიქრობდა, რომ მასზე ნადირობა აღარ გაგრძელდებოდა, რადგან ის უკვე ბიზნესის სფეროში იყო, თუმცა მას თვალყურს ადევნებდნენ, რადგან, როგორც ცნობილია, მოკლულ ზელიმხანს დიდი გავლენა ჰქონდა პანკისელ ახალგაზრდებზე.

"ახალგაზრდებს არ სურდაც რუსეთის ან ჩეჩნეთის გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ, ისინი აზრს ეკითხებოდნენ საქართველოდან წასულ ზელიმხანს, შესაძლოა ზელიმხანი მათ ხელს უშლიდა",- ამბობს ზურაბი.

ვინ არის ვადიმ სოკოლოვი, იგივე ვადიმ კრასიკოვი

რამდენიმე წლის წინ გერმანული საინფორმაციო სააგენტოების მოპოვებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ბერლინში სამართალდამცავებმა დააკავეს საბუთები ვადიმ სერგეის ძე სოკოლოვის სახელზე ჰქონდა გაკეთებული, საცხოვრებელ ადგილად კი სანქტ-პეტერბურგი ჰქონდა მითითებული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საბუთები ყალბი იყო, ადგილი კი რომელიც მას ჰქონდა მითითებული სანქტ-პეტერბურგში, არ არსებობდა. ჟურნალისტების ცნობით, ის რუსეთიდან ჯერ საფანგეთში ჩაფრინდა, საფრანგეთიდან პოლონეთში და შემდეგ მანქანით გაემგზავრა გერმანიისკენ.

The Insider წერდა, რომ "ძალიან უცნაურია და დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, როგორ გასცა საფრანგეთის საკონსულომ არარსებულ ადამიანზე ვიზა. "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტის აზრით, ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ამ საქმეში საფრანგეთის სპეცსამსახურები იქნებოდნენ გარეული.

ხანგოშვილის ძმას და მეუღლეს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ზელიმხანის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს, "ყველამ იცის, ვინც ჩაიდინა ეს მკვლელობა. ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს და მეც ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების გაკეთებულია", - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი. (გააგრძელეთ კითხვა)