ადვოკატის ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში  მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს - კვირის პალიტრა

ადვოკატის ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში  მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი გვაჯაიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიჯეიშვილმა პირობა დადო, რომ გამოძიებას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„თავად მივიდა ნებაყოფლობით, ეს არ იყო ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე მას შემდეგ მივედი, რაც თავად მივიდა. ის უკვე პოლიციის განყოფილებაში დამხვდა და იქ მოხდა მისი დაკავება. შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებ. მის ბრალეულ ქმედებას მოყვა ახალგაზრდის გარდაცვალება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და პირობა დადო გამოძიებასთან, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გასცემდა”, - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით ჯიჯეიშვილი წუხელ, 29 ივლისს დაააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც, მცხეთის რაიონული სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.