"დუმილის პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია...“ - კვირის პალიტრა

"დუმილის პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია...“

რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობისგან "ოფიციალური ხელშეკრულებით" ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების ნახევარი­ საუკუნით, სინამდვილეში კი სამუდამოდ გადაცემას დაჟინებით ითხოვს. შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 186 ჰექტარი მიწაა ის სამიზნე,­ რომლის ხელში ჩასაგდებადაც რუსეთი რეგიონში "რბილი ძალის" პოლიტიკიდან ხისტ ქმედებებზე გადავიდა. ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორიის დიდი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია. ბიჭვინთის კონცხიდან რუსებმა უკვე მიითვისეს 45 ჰექტარი, ინკითისა და გველების ტბების სიახლოვედ მდებარე ტერიტორია ბჟანიამ "საკუთარი სურვილით", სინამდვილეში კი რუსეთის ირიბი ზეწოლით კრასნოდარის მხარის ყოფილ გუბერნატორს ალექსანდრ ტკაჩოვს სასტუმრო კომპლექსის "მოსკოვი რიზორტის" ასაშენებლად 2021 წლის ბოლოს გადასცა, რასაც აფხაზების პროტესტი მოჰყვა, ოღონდ გაცილებით სუსტი, ვიდრე ახლა. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ტკაჩოვის პროექტი შეჩერდა.

ასე რომ, ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილს საბჭოთა კავშირის დაშლისა და ოფიციალური თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. 184 ჰექტარი ლიძავის გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლებითა და მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული და გარშემო ვიდეოსათვალთვალო სისტემებია განთავსებული. დიდი ხანია აფხაზები ამ შეზღუდვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ არის - რუსეთი მთლიანად მიწის სამუდამო დაკანონებას ითხოვს.

ასლან ბჟანია ამ გადაწყვეტილებას იძულებით ნაბიჯად ასაღებს და აფხაზებს ეუბნება, რომ "ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას მატერიალური ინტერესის გარდა, მორალური მხარეც აქვს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურვილია იქ ხშირად დაისვენოს, ხარისხიანი დასვენებისთვის კი აუცილებელია აგარაკებისა და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი. ეს ნაგებობები გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და ძალიან მოძველებულია. ამიტომ ითხოვს რუსეთი ამ ნაგებობების გადაცემას საკუთრებაში, რათა სამუშაოები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. რუსეთს სამუდამოდ გადაეცემა მხოლოდ ნაგებობები, მიწა კი 49-წლიანი იჯარით", - აცხადებს ბჟანია.

ბიჭვინთით პუტინის დაინტერესება ახალი არ არის - 2017 წელს სოჭიდან ოკუპირებულ ბიჭვინთაში რუსეთის პრეზიდენტი ჩაფრინდა და ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე სეპარატისტების მაშინდელ ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

სეპარატისტული აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ბიჭვინთის 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემას "ეროვნული ღალატი" და დაუშვებელი უწოდა. ე.წ. აფხაზთა კრებას ეს საკითხი 19 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, რომლებმაც "ხელშეკრულების" ექსპერტიზა მოითხოვეს, განხილვა გადაიდო.

აფხაზი ოპოზიციონერების თქმით, თუ მათი "ხელმძღვანელობა" ამ ობიექტს­ საკუთრებაში გადასცემს, მომავალში მისი განკარგვა რუსებს აფხაზების გარეშე შეეძლებათ. ამასთან, უცნობია, კიდევ რა დეტალებია ხელშეკრულებაში ჩადებული, რადგან საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ ბჟანია შეთანხმებას თანდათან ასაჯაროებს.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, ბჟანიამ რუსეთს აგუძერის დენდროლოგიური პარკიც დაუთმო იმ არგუმენტით, რომ ისიც განადგურების პირას არის. შეთანხმებას ხელი საიდუმლოდ იანვარში მოეწერა. როგორც ამბობენ, ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთს აფხაზეთის ენერგოსისტემაც ჩააბარა. აფხაზები ეჭვობენ, რომ ბჟანიამ შესაძლოა კიდევ არაერთი ობიექტი გადასცა რუსეთს.

"აფხაზეთში მასშტაბური შესყიდვები დაიწყო "

პარტია "ამცახარას" წევრი ალექსეი ცუგბას თქმით, აფხაზები გააღიზიანა ოფიციალური მოსკოვის პოზიციამ. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინი ამბობს, რომ "დიდი პატივისცემითა და გაგებით ეკიდება ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გამო დაწყებულ პროტესტს. ამ შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ინტერესებში შედის, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება, არც პენსიებისა და ხელფასების გადმორიცხვა შეწყდება და სამხედრო უსაფრთხოების მხარდაჭერაც ძველებურად გაგრძელდება". მისივე თქმით, 2010 წლის 24 სექტემბერს პუტინმა აფხაზურ მხარესთან ერთად ხელი მოაწერა რეგიონში უძრავი ქონების რუსეთისთვის გადაცემას, რასაც აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა "ეთნოსისა და სახელმწიფოს" დაცვის მოტივით ამართლებს. მისი თქმით, ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს, რადგან "ეს შეთანხმება აფხაზეთისთვის უსაფრთხოების გარანტიაა".

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას არაერთი ოპოზიციური პარტია და ე.წ. პარლამენტის წევრი ეთანხმება. ამბობენ, რომ "ეს საკითხი 1995 წელს აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გადაწყვიტა. სწორედ მან გაახმოვანა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი, რადგან ესმოდა, რომ აფხაზეთი ასეთ ობიექტებს დამოუკიდებლად ვერ მოუვლიდა". თუმცა მაშინ რუსეთის ხელისუფლებისთვის მსგავსი დანიშნულების ობიექტები საინტერესო არ იყო. მხოლოდ 2010 წელს დაინტერესდნენ რუსი ოლიგარქები, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ გააქტიურებულა. სამაგიეროდ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და სანქციების დაწესების შემდგომ რუს ბიზნესმენებს აფხაზეთი "გაახსენდათ" და "აგრესიული ბიზნესი" წამოიწყეს.

როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რუსეთმა "აფხაზეთში მასშტაბური შესყიდვები დაიწყო".

"რახან პენსიებს და ხელფასებს გვიხდიან, ამიტომ ყველაფრის უფლება აქვთ?"

"რა ალტერნატივა გვაქვს? გვყავს თუ არა ისეთი მეზობლები, რომლებიც იმავენაირად დაგვეხმარებიან? სხვა მეზობელთან­ ომის მდგომარეობაში. ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს ან არ ესმის, ან თავს იტყუებს, თითქოს დასავლეთი დაინტერესებულია დაგვეხმაროს. დახმარება რომ ნდომოდა, გვაღიარებდა. იქნებოდა თუ არა აღიარებული ჩვენი ქვეყანა, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა პირველი ნაბიჯი?" - უთხრა ბჟანიამ ტყვარჩელის მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც ბჟანია კონსტრუქციული განცხადებებით ვერაფერს გახდა, აღიარა, რომ "პუტინმა პირადად სთხოვა სახელმწიფო აგარაკის მის საკუთრებაში გადაცემა". აფხაზი ბლოგერების აზრით, "პრეზიდენტს" ეგონა, სიტუაციას ჩააწყნარებდა და თამაშში რუსეთის პრეზიდენტი შემოიყვანა. რუსული პროპაგანდის წყალობით პუტინი აფხაზეთში იმაზე მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე ბჟანია, და ფიქრობდნენ, რომ აფხაზები ხმას არ ამოიღებდნენ, მაგრამ...

"რას ნიშნავს, პუტინმა სთხოვა?.. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება?.. აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, სამოქალაქო ობიექტების და მიწის ნაკვეთების უცხო ქვეყნისთვის გადაცემა იკრძალება და თავად ხელისუფლება არღვევს კანონს - სხვა გამოსავალი არ გვაქვსო. რახან პენსიებს და ხელფასებს გვიხდიან, ყველაფრის უფლება აქვთ?.. ისედაც სომხების ბიზნესად აქციეს მთელი აფხაზეთი. ასიმილაცია მეტი კი არაფერია", - წერს ალინა გოლანძია.

ბლოგერი თენგიზ ჯოპუა სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და "აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიცავს... ეს არის ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონფრონტაციის პირდაპირი გზა, თუ კონფლიქტი გარდაუვალია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - წერს ჯოპუა.

აფხაზ საზოგადოებაში უკვე გაჩნდა რეფერენდუმის ჩატარების იდეა კითხვით, "ენდობა თუ არა ხალხი დღევანდელ პარლამენტს?.." თუმცა ზოგი შიშობს, რომ ეს რეგიონს კიდევ ერთ პოლიტიკურ გადატრიალებამდე მიიყვანს: "ხელისუფლებაში ან რაულ ხაჯიმბას გუნდი დაბრუნდება, რომელიც მკაფიოდ პრორუსული იყო, ან საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას გარემოცვა. ამიტომ არსებობს ერთი გამოსავალი - ბჟანია-ანქვაბის გუნდი უნდა ვაიძულოთ კანონიერად იმოქმედოს. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და არავის აქვს უფლება დაარღვიოს, - ამბობს ოპოზიციური პარტია "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის" ლიდერი ასლან ბარციცი.

„რატომ უნდა აიღოს კრემლმა ომით ის, რასაც უომრად იღებს?!“

პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი:

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აფხაზეთში 49-წლიანი იჯარით შედის, მაგრამ აქამდე ეს მხოლოდ შენობებს ეხებოდა. ასეთივე ხელშეკრულებით აქვთ წაღებული სანატორიუმები, პანსიონატები, სახელმწიფო აგარაკები... მაგალითად, ბიჭვინთა-მიუსერის ტერიტორიაზე არსებული აგარაკები ამდენივეწლიანი იჯარით არის გაცემული. ამჯერად რუსეთს დასახლებული პუნქტები, სოფელი ლიძავა და მთლიანი მიმდებარე ტერიტორია მიაქვს. რუსები სოფლების აყრას, მოსახლეობის გაძევებას აპირებენ. ქართულ სოფლებში, სადაც ომამდე ქართველები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფხაზები ჩასახლდნენ, მათაც ყრიან. ვისაც აყრა არ მოუწევს, ანუ მიმდებარედ ცხოვრობენ, სპეციალური საშვებით მოუწევთ მიმოსვლა. იქ ადრეც იდგა უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, რომელიც მოსახლეობისგან ორმეტრიანი ღობით იყო გამიჯნული, ახლა კი მიმდებარე სოფლები და ფიჭვის ტყეებიც მიაქვთ.

- არსებობს ვერსია, რომ გალის რაიონში ე.წ. ჯაშუშობისთვის დაკავებული გოგონას საქმე ბიჭვინთის სკანდალის გადაფარვას ემსახურება - რუსეთის ქმედებებს­ კი აპროტესტებთ, მაგრამ გახსოვდეთ, ქართულ მხარეს არ სძინავსო.

- არ არის გასაკვირი, ასე იყოს და აფხაზებს ეს სპეცოპერაცია საჭირო დროს გამოეყენებინათ. არა მგონია, აფხაზებს ამის სჯეროდეთ. ბჟანიას გუნდი ცდილობს საპროტესტო მუხტი, რაც ბიჭვინთის ამბებს მოჰყვა, სხვა მიმართულებით წარმართოს, რადგან იცის, რომ ხალხი შეეცდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხდეს. თუ მოახდენს, ამის შემდეგ გამოჩნდება, ხალხი რამდენად აღშფოთებულია და შესაძლოა ქუჩაში გამოვიდეს. თუ პროტესტი მცირე მასშტაბის იქნება, რუსეთი ამ უკანონობას დააკანონებს და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.

საქმე ის არის, რომ ამ უკანონობას არც საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ასეთი დიდი საფრთხის პირისპირ ერთიანობა არ ყოფილიყო - ყოველთვის, როდესაც­ მსგავსი შემთხვევები ხდებოდა, ჩვენ და აფხაზები ვერთიანდებოდით. ახლა კი რა ხდება? მხოლოდ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ მას არა აქვს იმხელა უფლებამოსილება, რამე შეცვალოს, პარლამენტი კი დუმს. არადა, გაწონასწორებულმა პოლიტიკამ არ მოგვიტანა სასურველი შედეგი, რუსეთი­ თავხედურად განაგრძობს ანექსიას. ვცდილობ ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკას გავუგო, მაგრამ ვერ ვხვდები, რა არის ამის ფასი, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს რუსეთის გულის მოსაგებად. რუსეთს შავი ზღვისპირეთი სჭირდება და ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ გამოძვრება სიტუაციიდან, რადგან აცნობიერებს უკრაინაში დამარცხების ალბათობას. როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი - პუტინმა საომარი მოქმედების დასრულებიდან ორ დღეში მოულოდნელად გამონახა დრო ბჟანიასთვის, სოჭში შეხვდა და იმ ყბადაღებულ ე.წ. ჰარმონიზაციის 45-პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა - ანუ წინასწარ დაიბევა, კავკასია არასტაბილური რეგიონია, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არავინ იცის, რა მოხდება და შავი ზღვისპირეთზე გავლენის გაფართოების უფლება დაიტოვა. ახლა რაკი უკრაინას კარგავს, გეგმა "ბეს" ამუშავებს, - ამისთვის სჭირდებოდა მას ქართული მხარის სიჩუმე და თუ "ოცნება" დუმს, ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა ამოიღონ ხმა. თუკი ადრე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას "სტრატეგიულ დუმილს" უწოდებდნენ, ასე აპირებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასო, ახლა ახსნან, რა მოუტანა ქვეყანას ამ დუმილმა და რის დაბრუნებაზეა საუბარი. დუმილის პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია. რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილებით ომი ავიცილეთო... რატომ უნდა აიღოს­ კრემლმა ომით ის, რასაც უომრად იღებს?!