"ფეხზე ბორკილები მქონდა და ასე მიწევდა დაჭრილების მოვლა“ - კვირის პალიტრა

"ფეხზე ბორკილები მქონდა და ასე მიწევდა დაჭრილების მოვლა“

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ნაწილები, საბრძოლო მასალების საწყობი, საწვავის საცავები კი არა, საცხოვრებელი კორპუსები, დასახლებული პუნქტები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ობიექტებია. რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუჩინარებისა და წამების ფაქტებია მოყვანილი. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ რეგიონებში 100-მდე კაცს გაესაუბრნენ. ორგანიზაციისთვის ასევე ცნობილი გახდა უკრაინის თავდაცვის ძალების წევრთა და სამედიცინო პერსონალის წამების შემთხვევებიც, რა დროსაც რამდენიმე მათგანი დაიღუპა. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, მიზანი სამოქალაქო პირებისგან ინფორმაციის მოპოვება, მოსახლეობაში შიშის გაღვივება და მისი მორალურად გატეხაა, რათა ოკუპაციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში თამილა ტაშევა Human Rights Watch-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ ვერ დაადგინა ხერსონის რეგიონში გაუჩინარებულთა ზუსტი რაოდენობა. სავარაუდოდ, 24 თებერვლიდან 600 კაცია გაუჩინარებული.ერთ-ერთი, ვინც რუსული ტყვეობა გამოიარა, ჯულია რატუშნიაკია, რომელიც სხვა ექიმებთან ერთად ხერსონში რამდენიმე კვირის განმავლობაში დაჭრილებს მობილურ საველე ჰოსპიტლებში მკურნალობდა, ოპერაციებს უკეთებდა. ერთ დღესაც რუსეთმა დასახლებულ პუნქტებზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა და ის კოლეგასთან ერთად გარეუბნის დასახლებულ პუნქტში წავიდა ორი მძიმედ დაჭრილის სამშვიდობოს გამოსაყვანად. სწორედ მაშინ აიყვანეს ორივე.

- ხელები შეგვიკრეს, პასპორტები და მობილურები ჩამოგვართვეს, თავზე შავი ტომრები წამოგვაცვეს და ტენტგადაფარებულ სატვირთო მანქანაში შეგვყარეს. გზაშივე გაგვჩხრიკეს, პასპორტები წაგვართვეს და დაგვკითხეს, ვის ვმკურნალობდით, სამხედროებთან ერთად სამოქალაქო პირებიც თუ იყვნენ. ვუთხარი, რომ ყველა მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ლაპარაკი არ შეეძლოთ. ასეც რომ ყოფილიყო, პაციენტს არასდროს ვეკითხებით ეროვნებას, პოლიტიკურ შეხედულებასა და რელიგიურ მრწამსს-მეთქი. რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროც გვყავდა, მძიმე კონტუზია ჰქონდა და მასაც ვუმკურნალე-მეთქი, მაშინვე გააჩერეს მანქანა, ორი ქალი მიწაზე დაგვაგდეს და ჩექმებით გვცემეს. შემდეგ ვიღაც მოიყვანეს, რომელმაც კითხვები მოგვაყარა. - მახსოვს მის ტანსაცმელს ეწერა "დარგიენოვი". მისი აგებულების აღწერას დაჟინებით მთხოვდნენ... სახე დაზიანებული ჰქონდა ზუსტად ვერ აღვწერე. ახლაც არ ვიცი, რატომ გვცემეს, მიზეზი რა იყო...

ასევე მკითხეს, დაჭრილებს რით ვმკურნალობდით. ვუთხარი, რომ პირველ ხანებში სამედიცინო ინვენტარის დეფიციტი გვქონდა, გვაკლდა ანესთეზიოლოგიური საშუალებები, გამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები, შპრიცები, ბამბაც კი... ჩვენს ქირურგებს, ტრავმატოლოგებს, სამედიცინო სკალპელიც კი არ ჰქონდათ, არც სხვა ქირურგიული იარაღი და ინვენტარი. ქირურგებს ხშირად ადამიანის გადასარჩენად კიდურების მოჭრა უხდებოდათ, მაშინ, როდესაც არასაომარ დროს შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა. რამდენიმე კვირა ელექტროენერგიის გარეშე, ფარნით, ზოგჯერ ტელეფონების განათებით, სანთლებისა და ლამპების შუქზე ატარებდნენ სამედიცინო პროცედურებს. არ გვქონდა რენტგენი როგორც მოტეხილობის გასაშუქებლად, ასევე სხვა ორგანოებისთვის. არც პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა შეგვეძლო. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი ფილტვის უკმარისობით დაგვღუპვია. შემდეგ კი ეტაპობრივად ყველაფერი მოგვაწოდეს, რადგან ჰუმანიტარული დახმარება წამოვიდა და მობილური სამედიცინო ჰოსპიტლებიც მომარაგდა. რუსი სამხედროები ყველაფერს ინიშნავდნენ. გავიგონე, ირონიული რეპლიკებიც - არა უშავს, ყველაფერი ჩვენ დაგვრჩებაო.

ყირიმის ახლოს გავჩერდით, რომელიღაც შენობაში, სავარაუდოდ, სკოლაში. იქ დაჭრილები ჰყავდათ. კიდევ ერთხელ დაგვკითხეს და იგივე გავიმეორე.

- ტყვეები მხოლოდ თქვენ იყავით თუ სხვა უკრაინელებიც შენიშნეთ?

- მეორე დილას ვნახე უამრავი უკრაინელი, თითქმის ყველა სამოქალაქო პირი. ყველა მათგანს ინფორმატორობაში ადანაშაულებდნენ. რამდენიმეს სახესა და ხელებზე ეტყობოდა წამების კვალი.

ხერსონის მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ - ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად გაგათავისუფლეთ "ნაცისტებისგან", თქვენ კი ბუნტს გვიწყობთო. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხანგრძლივი ცემისა და ელექტროშოკის კვალი ეტყობოდათ.

ერთ პატარა ოთახში, სადაც ხის სკამები და ჭუჭყიანი მატრასები ეყარა, დაჭრილსა და ნაცემს ყველას ერთად გვეძინა. ზოგს ძვლებისა და ნეკნების მოტეხილობები ჰქონდა. თურმე რუსები ავტომატის კონდახებით, ბეისბოლის ჯოხებითა ან სხვა ბლაგვი საგნებით სცემდნენ. ძალადობდნენ ქალებზე და ეუბნებოდნენ, რომ მოსულიყვნენ ახლა მათი გმირი ქმრები და დაეცვათ მათი ოჯახები.

დაშავებულებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც სარაკეტო იერიშის ან არტილერიის დაბომბვისას დაშავდნენ, ზოგს კონტუზია ჰქონდა, ზოგი შოკში იყო, რუსები კი მიადგნენ და ყველა ერთიანად წამოიყვანეს. იყვნენ მძიმე დამწვრობებით, ტვინის შერყევით, თვალის დაზიანებებით, ნახეთქი ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით.

თუ ადრე "აზოვის" მიმართ ჰქონდათ აგრესია და შიშიც, ახლა "აიდარის" ბატალიონს ახსენებდნენ. მეც მკითხეს, ვიცოდი თუ არა მათზე რამე. ვუთხარი, რომ 24 თებერვლის შემდეგ დღე-ღამეში 14 საათს დაჭრილებთან ვატარებდი და პოლიტიკურ პროცესებზე არ მქონდა ინფორმაცია. დასავლეთი ახალ-ახალ სუპერგმირებს იგონებს, რომ ტვინი გამოგირეცხოთო. ასეთი გეგონათ "აზოვი", მაგრამ ახლა ვიღას ახსოვსო. ვინც გადარჩა, ისევ რუსეთი უვლის საკუთარი ხარჯითო. ჩვენ თქვენს გადარჩენას ვცდილობთ, თქვენ კი დანაღმულ მინდორში დარბიხართ, ხელში შვილებით. რა არ ვცადეთ, ვერაფერი გაგაგებინეთ. თქვენს გადასარჩენად ჩვენი კონტრაქტორები თავს არ ზოგავენ, ბევრი­ შინ "გრუზ-200-ით" ბრუნდება, მათი ცოდვაც თქვენს კისერზეა, ისე, როგორც, თქვენი ხალხისო. ასეთი პროპაგანდა გრძელდებოდა ყოველდღე.

- ანუ უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ?

- დიახ, თუმცა, შემდეგ ითქვა, რომ ჰყავდათ მძიმედ დაშავებული სამხედრ­ოებიც. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ წამომაცვეს თავზე შავი ტომარა და მათ მოსავლელად მანქანით წამიყვანეს. გადახვევა და ჭრილობის დამუშავებამ მომიწია. თუ დაჭრილების მდგომარეობით ვიმსჯელებთ, რუსებს სამედიცინო პერსონალის მძიმე დეფიციტი აქვთ. ინფექციაწასული ჭრილობები ვნახე, რის გამოც პაციენტს შეიძლება სეფსისი განუვითარდეს. არ ჰქონდათ სახვევები, სადეზინფექციო, სტერილიზაციის საშუალებები, ანტიბიოტიკები... რამდენიმე ადამიანი უკვე განწირული იყო, ზეზეურად იხრწნებოდა და სიკვდილს ელოდებოდა. იყვნენ სულ პირტიტველა ბიჭებიც, ნანობდნენ, რომ სხვებს არ დაუჯერეს და ომში წამოსვლის თავიდან ასარიდებლად თვითდაზიანებები არ მიიყენეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუს დაჭრილებს ვუვლიდი. დღე-ღამეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე და ორ ნაჭერ პურზე ვიყავი. იყო შვრიის ფაფაც, ოღონდ უმარილო და უშაქრო. ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ არ ვეცემე. თირკმლის პრობლემა მაქვს და საკმარისი იქნებოდა, ავტომატის კონდახის ერთხელ მაინც ჩარტყმა და იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. თავდაპირველად ფეხზე ბორკილები მქონდა და ასე მიწევდა დაჭრილების მოვლა. შემდეგ ვუთხარი, რომ ტყვედ აყვანისას სასტიკად მცემეს, ხერხემლისა და მუხლის ძვლები დაბეჟილი, შესაძლოა გაბზარულიც მქონდა და დახრილი ვერ ვმუშაობდი პაციენტებთან. შენი ცუდად გახდომა არ გვაწყობს, ყირიმში გადასაყვანად გამზადებთ, იქ უფრო მეტი საქმეა და გამოცდილი კადრები გვჭირდებაო. შეიძლება ნერვიულობის გამო მესამე დღეს თირკმლის ძლიერი შეტევა მომცა და გავითიშე. კარგა ხანს ეგონათ, რომ ვსიმულანტობდი და "აზრზე მოსაყვანად" სახეში ხელებს მირტყამდნენ. როგორც მობილური ბრიგადების წევრებმა მითხრეს, ამ გზას ბევრი მიმართავდა, რაღაც-რაღაცებისგან თავის დასაღწევ შოკს იგონებდნენ და ამიტომ არ სჯეროდათ ჩვენი. გონზე რომ მოვედი, სახის ძვლები მტკიოდა, თავიდან მეგონა, რომ დავეცი და ისე დავიზიანე, მაგრამ პირდაპირ მითხრეს, გონზე მოსაყვანად რამდენჯერმე სახეში დაგარტყითო.

ზოგჯერ დაკავებულ მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებდნენ, რაც ისინი განცხადებას მოაწერდნენ ხელს, წერდნენ ვიდეომიმართვასაც, სადაც პირობას დებდნენ, რომ რუსულ მხარესთან ითანამშრომლებდნენ და "ყველას სტაბილურობისთვის, სიტუაციის დალაგებისთვის" და სხვებსაც ამას მოუწოდებდნენ.

- როგორ გაგათავისუფლეს?

- ჩემი დაავადების გამო მათთვის საინტერესო არ ვიყავი, იმ პირობებში, სიკვდილი არ ამცდებოდა. ამიტომ მე და კიდევ 17 კაცი ტყვეებში გაგვცვალეს. რამდენიმე დღე დიალეზზე ვიყავი. მარჯვენა ხელი გამიუქმდა, ნერვი მაქვს დაზიანებული, რაც მუშაობაში ხელს შემიშლის, მაგრამ ცალი ხელით გავაკეთებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი.