"ადმინისტრატორი გვყავდა რუსი, ისეთი ქართველთმოძულე იყო, ქართულად გვიკრძალავდა ლაპარაკს" - ქართველი ემიგრანტის ჯოჯოხეთური გზა ამერიკამდე - კვირის პალიტრა

"ადმინისტრატორი გვყავდა რუსი, ისეთი ქართველთმოძულე იყო, ქართულად გვიკრძალავდა ლაპარაკს" - ქართველი ემიგრანტის ჯოჯოხეთური გზა ამერიკამდე

ემიგრანტის ცხოვრება რომ რთულია, ეს ყველამ ვიცით. და მაინც, ვისაც იმ ბეწვის ხიდზე არ გაუვლია, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია, ვერასოდეს გააცნობიერებს სამშობლოდან წასულის მძიმე ხვედრსა და გაუნელებელ დარდს. ეს არის ამბავი ქართველი ქალისა, რომელსაც გამოუვალი მდგომარეობის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ყოფნამ. ქეთი კბილაშვილი­ მოსკოვში გავიცანი. სამი ვაჟის დედა და ჭირ-ვარამგამოვლილი ქალია. ის ახლა ამერიკაშია, იქ კი მექსიკის ურთულესი გზით მოხვდა...

ქეთი: - ბაღდათის რაიონის ულამაზეს­ სოფელში, წაბლარასხევში დავიბადე­ და გავიზარდე. ოთხი და და ორი ძმა მყავდა.­ ნაბოლარა ვიყავი და ყველა მათამამებდა... სკოლაში მაიკო ჯაფარიძეს დავუახლოვდი - ბავშვობის მეგობარს იმიტომ ვახსენებ, რომ მრავალი წლის შემდეგ სწორედ მაიამ გამიმართა ხელი ყველაზე მძიმე წუთებში...

ერთხელ სოფელში ბიძაშვილის მეგობარი გავიცანი. ხვიჩას ქორწილამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. მისი საცოლე მანანა ქუთაისში მუშაობდა და მამიდასთან ცხოვრობდა. ერთ დღესაც ხვიჩამ გადაწყვიტა, საცოლე მოენახულებინა. კარი მამიდამ გაუღო და ფერდაკარგულმა ძლივს ამოღერღა, მანანა სამი დღის წინ გათხოვდაო. ატყდა ერთი ამბავი... ხვიჩას მთელი სამეგობრო აწყნარებდა. დიდი ქორწილი ჰქონდათ დაგეგმილი და ამ დროს პატარძალი უკვე სხვის ოჯახში იყო. ამ ალიაქოთში ჩემმა ბიძაშვილმა ხვიჩას დასაწყნარებლად წამოაყრანტალა, ქეთი შენს მანანას ათი თავით სჯობს, ადექი და შეირთე ცოლადო. სხვებიც აჰყვნენ. გადავირიე, თქვენ გიჟები ხომ არა ხართ, ამ ბიჭს ის გოგო უყვარდა და მე სათადარიგო ბორბალი ხომ არა ვარ-მეთქი. ხომ იცით, შეძახილმა ხე გაახმოო - იმდენი მიჩიჩინეს, ხვიჩაც გაააქტიურეს და დღესაც არ ვიცი, როგორ დავთანხმდი. გავიპარეთ და ის 300-კაციანი ქორწილიც აღარ ჩაიშალა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ორი ბიჭი გავაჩინე. 5 წლის მერე მესამეც რომ გავაჩინე, დედამთილი აქოთქოთდა, საჭმელი არ გვყოფნის და შენს წვრილშვილს რა ვაჭამოთო, ჩემს გასაგონად ეუბნებოდა ხვიჩას. საკუთარ შვილიშვილებს ზოგჯერ საჭმელს უმალავდა. ხვიჩამ სმა დაიწყო, სიმთვრალეში კი საშინლად აგრესიული ხდებოდა. დედამთილი შინ დაბრუნებულს ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა, ორივე ჩემზე იწევდნენ. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მცემეს... მოკლედ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ ვერსად ვამხელდი. მაშინ სოფლად ისე სჯეროდათ, რომ გათხოვილ ქალს ყველაფერი უნდა აეტანა. ბოლოს, როცა გაუსაძლისი გახდა ოჯახში გაჩერება, ჩემს მაიკო ჯაფარიძეს ვთხოვე, დაკეტილი სახლი დროებით დაეთმოთ ჩემთვის. გადავედი ჩემი სამი შვილით და ხვიჩაც გამოგვყვა. არც იქ მომასვენა დედამთილმა... ხვიჩა ისევ სვამდა. კვლავ მცემდა და ბავშვებს მიწიოკებდა. ერთხელ ისე გადამიყვანა ჭკუიდან, უაზროდ დავადექი გზას და ქუთაისამდე ფეხით ჩავედი. თეთრი ხიდიდან რიონში მინდოდა გადახტომა.­ მერე ხმა ჩამესმა, ვის უტოვებ შენს შვილებს, ვინ მიხედავსო. დენდარტყმულივით მოვშორდი ხიდის მოაჯირს.

მალე ქუთაისში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ბავშვები მშობლებთან დავტოვე. მინდოდა მცირე თანხისთვის მომეყარა თავი და თბილისში წავსულიყავი.­ მართლაც, რამდენიმე თვეში მოვკიდე სამივეს ხელი და თბილისში წამოვედი. იტალიურ ეზოში პირველ სართულზე პაწაწინა ოთახი დავიქირავე და მეორე დღესვე მივადექი რესტორან "თაღლაურას". დამლაგებლად ამიყვანეს. რამდენიმე თვის შემდეგ ჭურჭლის მრეცხავის ადგილზე გადავინაცვლე. ბოლო 6 წელი კი შეფად ვიმუშავე. ჯერ უფროსი შვილები ამოვიყენე გვერდში, ბოლოს უმცროსი ბიჭიც დავასაქმე ჩემთან... "თაღლაურაში" დავუახლოვდი ძალიან კარგ ქალს, ლაურა გიორგაძეს. ცოტა ხანში მას მოსკოვში კარგი სამსახური შესთავაზეს. გამგზავრების წინ დამპირდა, რომ მეც მალე წამიყვანდა. ისეთი გადაქანცული ვიყავი, გადავწყვიტე ერთი თვე მაინც დამესვენა. შვილები რესტორანში მზარეულების დამხმარეებად მუშაობდნენ და იმედი მქონდა, მათი ხელფასით ცოტა ხანს თავს გაიტანდნენ. მაგრამ უფროსობა გაანაწყენა ჩემმა გადაწყვეტილებამ და შვილებიც უკან გამომაყოლეს. დავრჩით უსახსროდ. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ ვიშოვე სამსახური. მოსკოვიდან ლაურა იგვიანებდა. სხვა გზა არ მქონდა, თურქეთში გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა და ერთ დღესაც ნაცნობ ქალებს გავყევი ანკარაში. გზაში ჩემი ცრემლები ზღვას ერთვოდა. მართალია, უკვე წამოზრდილები მყავდნენ ბიჭები, მაგრამ ვიცოდი, უდედოდ მაინც გაუჭირდებოდათ. ანკარაში მალე მიშოვეს ოჯახი, რომელსაც დამხმარე ქალი სჭირდებოდა. ხელფასი დაბალი იყო, მაგრამ საქართველოსთან შედარებით არა უშავდა. ძირითადად, საჭმლის მომზადება და ოთახების დალაგება მევალებოდა. რასაც ვიღებდი, სულ შვილებს ვუგზავნიდი. მალე საქართველოდან ელდასავით ამბავი მამცნეს, უფროსი ბიჭი ავარიაში მოხვდაო... ღმერთმა დამიფარა და გადაარჩინა ისიც და იმ მანქანის მძღოლიც, რომელსაც დაეჯახა, სამაგიეროდ, მანქანა გადასაგდები შეიქნა. რომ არ დაეჭირათ, მანქანის საფასური უნდა გადაგვეხადა. ნერვიულობისგან ინფარქტი დამემართა, მეც სასწაულებრივად გადავრჩი. ვისესხე 7.500 დოლარი... სწორედ ამ დროს დამიკავშირდა ლაურა მოსკოვიდან, ქართველი ქალები მოდიან თბილისიდან, სასწრაფოდ დაბრუნდი საქართველოში და იმათ გამოჰყევი, მგზავრობის ფულს და ბიჭებისთვის სახარჯოს მე გამოგიგზავნიო. მართლაც, მეორე დღესვე დავბრუნდი თბილისში, მესამე დღეს კი უკვე თბილისი-მინსკის თვითმფრინავში ვიჯექი. ურთულესია მინსკი-მოსკოვის შემოვლითი გზა, თუმცა­ მექსიკისას ვერც შევადარებ.

როგორც იქნა, ჩავაღწიეთ მოსკოვში, ლაურამ მეორე დღესვე წამიყვანა რესტორან "პილპილში". ქართული რესტორანი­ იყო, მეპატრონეებიც და მზარეულებიც ქართველები ვიყავით, მხოლოდ ადმინისტრატორი გვყავდა რუსი, ვინმე ნატალია. ისეთი ქართველთმოძულე იყო, ქართულად გვიკრძალავდა ლაპარაკს. როცა დავსხდებოდით ცოტა ხნით სულის მოსათქმელად, ისტერიკა ეწყებოდა. ნუ ხართ ერთად და ქართულად ნუ ლაპარაკობთო. რამდენჯერმე მოვუთმინე, მაგრამ ბოლოს ამომასხა და ჩემი დამტვრეული რუსულით ვუთხარი, ქართულ რესტორანში მუშაობ, ქართველებისგან იღებ ხელფასს და ვინ მოგცა უფლება, მშობლიურ ენაზე­ ლაპარაკი ამიკრძალო-მეთქი. გადაირია, შელაპარაკებას როგორ მიბედავო. არ დავიხიე უკან: რუსებს თავს გაქვთ გასული, გგონიათ, ქართველები თქვენ უნდა გემსახურებოდეთ-მეთქი. ბევრი აღარ მიფიქრია, ავიკრიფე ჩემი გუდა-ნაბადი და წამოვედი...­ "პილპილის" მერე "მიმინოში" გადავინაცვლე. შეფ-მზარეული ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი ძალიან კარგი ქართველი, კოტე ნადარეიშვილი აღმოჩნდა... მალე მოსკოვში ჩემი ბიჭებიც წამოვიყვანე და ვასწავლე სარესტორნე საქმე, კერძების მომზადება და დავასაქმე. გავიდა რამდენიმე წელი, შვილები დაოჯახდნენ, ქართველი გოგონები მოიყვანეს ცოლად. მიხაროდა, რომ რძლებშიც გამიმართლა. ბავშვები რომ შეეძინათ, უფრო მეტი დაგვჭირდა. შენი ქვეყნის გარეთ ყველგან ძნელია დამკვიდრება, მაგრამ რუსეთში ყოფნა, თანაც უსაბუთოდ, როცა არ იცი, როდის გაგაჩერებენ, რამდენს წაგართმევენ ან სულაც დაგიჭერენ, კოშმარია. რუსები პრეტენზიულები, მუდამ ზემოდან მომზირალნი და შოვინისტები არიან. გადავწყვიტეთ, რომ ბიჭები ოჯახებით საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, მე კი გამეგრძელებინა მუშაობა. ბიჭები დაბრუნდნენ, შეეცადნენ ბიზნესი წამოეწყოთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა... მოკლედ, დავრჩი მარტო, არ ვიცოდი, როდის მეღირსებოდა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებთან ყოფნა. ბავშვობის მეგობარმა, აი, იმ მაიამ (ამერიკაში ცხოვრობს­ მეთერთმეტე წელია), რომელმაც თავისი სახლი დამითმო, შემომთავაზა, რამენაირად ჩამოდი აქ, არც არავინ შეგავიწროებს, არც ქუჩაში გაგაჩერებენ საბუთებისთვის, სამუშაოს პოვნაში კი მე დაგეხმარები და ვალებსაც მალე გადაიხდიო. ამერიკის საელჩოს რომ მივაკითხე, უარით გამომისტუმრეს, არალეგალური გზისთვის კი დიდი თანხა იყო საჭირო. მაიამ ისევ დამაიმედა, მექსიკიდან დიდი ნაკადი შემოდის ამერიკაში, შენც სცადეო. სხვებისგანაც ვიცოდი, რომ მექსიკის გზა ურთულესი იყო, ბევრიც ეწირებოდა, თუმცა იმედიანი ინფორმაციაც მქონდა, რაც მთავარია, იქ მაიკო მელოდა. მან მომიძებნა ერთი ჩეჩენი, რომელსაც მეხიკოში ჯგუფს აგროვებდა და ამერიკაში გადაჰყავდა. ჩეჩენმა მეხიკოდან ამერიკის საზღვრამდე მიყვანაში 9.000 დოლარი მომთხოვა. თუმცა კიდევ ბევრი რამ იყო საჭირო, რომ უსაფრთხოდ ჩავსულიყავი მეხიკოსითიმდე. ჯერ ერთი, ორმხრივი ბილეთი უნდა ამეღო. უნდა მომეძებნა სპონსორი, მისი ფუნქცია კი შემდეგი იყო: შესამოწმებლად რომ დარეკავდნენ, მას უნდა დაემოწმებინა ჩემი ვიზიტი და ეთქვა, რომ სტუმრად მასთან მივდიოდი. საჭირო იყო ოფიციალური მიწვევაც. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ერთმა შვილმა მეზობლისგან ფული ისესხა პროცენტით, მეორემ ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, მესამემ ოქროულობა დაალომბარდა, ზოგიც მაიკომ და ამერიკაში მყოფი ბიძაშვილის ცოლმა მასესხა და ასე შევაქუჩე ფული. იმ ჩეჩენისთვის 9.000 დოლარი გადავდე, მოსკოვი-სტამბოლი-მეხიკოს ბილეთებში (ორმხრივში) 1.150 დოლარი გადავიხადე, მიწვევაში (თითქოს მე, პროფესორი ქეთევან კბილაშვილი, მეხიკოში გამართულ მათემატიკა-ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაზე მივდიოდი) გადავიხადე 1.500 დოლარი, ხოლო იმ სპონსორს 2.000 დოლარი გადავუგზავნე. ასე გადავანაწილე სიმწრით შეგროვილი თანხა და 2021 წლის 10 დეკემბერს ვნუკოვოს აეროპორტიდან შორ გზას დავადექი. როგორც იქნა, ჩავფრინდი და ვაი თქვენს ქეთის, ყველა ესპანურად ლაპარაკობს. სიმწრის ოფლი მდის, მივდივარ საპასპორტო განყოფილებისკენ და ინჩიბინჩი არ მესმის არც ესპანურად, არც ინგლისურად. დამტვრეული რუსულით კი ვის რას გავაგებინებდი? მესაზღვრემ 5 წუთის განმავლობაში ათვალიერა ჩემი პასპორტი და საუკუნედ მომეჩვენა. ბოლოს დამიბრუნა პასპორტი და ხელით მანიშნა გასასვლელისკენ. მივედი ტაქსისთან და მძღოლს ქაღალდზე დაწერილი სასტუმროს მისამართი ვაჩვენე. მანქანაში ჩამჯდარს ათასი ეჭვიანი ფიქრი შემომესია: ვაითუ გამძარცვოს და მერე მომკლას, ვინ რას გაიგებს-მეთქი. ნახევარი საათის შემდეგ მივადექით სასტუმროს. შეთანხმების თანახმად­, გვიან უნდა დაერეკა იმ ჩეჩენს. მე შიშით გული მისკდება, რა იქნება, როგორ ჩავაღწევ ამერიკამდე, ღმერთო, გადმომხედე, ნუ გამწირავ-მეთქი, ხმამაღლა ვლოცულობ. ასეთ დღეში ვარ და დამირეკა იმ გადამყვანმა: ორი ქუთაისელი ბიჭი შემოგიერთდება და ერთად გაუდგებით გზასო. მათთან შეხვედრამ იმედით ამავსო. ცოტა ხანში 23 წლის თემო და 28 წლის დათო მოვიდნენ სასტუმროში. ჩემი შვილებისტოლა ბიჭებმა ინგლისური კარგად იცოდნენ და შეუკვეთეს თვითმფრინავზე სამი ბილეთი, რომელიც ტიხუანამდე ჩაგვიყვანდა. იქ სასტუმროს ორი ნომერიც დაჯავშნეს, ერთი თავიანთთვის, ერთიც ჩემთვის. ტიხუანის აეროპორტში კარგა ხანს გაგვაჩერეს. ცოცხალ-მკვდრები ვიდექით და ველოდებოდით განაჩენს. ზუსტად ერთი საათი ამოწმებდნენ საბუთებს, ბოლოს დაგვიბრუნეს და გავედით ქალაქში. ერთმანეთს რომ შევხედეთ, სიმწრის სიცილი აგვიტყდა, მიტკლისფერი გვედო სამივეს. სასტუმროში ორი დღე გავჩერდით. მერე ისევ დაგვიკავშირდა ის ჩეჩენი და გვითხრა, მოგაკითხავთ გადამყვანი და წაგიყვანთ მეხიკალამდეო. ეს მექსიკის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია, იქიდან ფეხით გადადიან მიგრანტები. 5 საათის მგზავრობის შემდეგ მძღოლმა ჩამოგვსხა საზღვართან ახლოს და გვითხრა, დაადექით ამ გზას და 17 წუთში უკვე ამერიკის ტერიტორიაზე იქნებითო. საზღვართან 50-მდე კაცი დაგვხვდა. ზოგი ბრაზილიიდან იყო, ზოგი ინდოეთიდან, ნიკარაგუიდან, ზოგიც რუსეთიდან. ბევრს ახლდა 2-3 თვის ან 3-4 წლის ბავშვები. ეს იყო ჯოჯოხეთური გზა, რადგან გზის ყოველი მონაკვეთიდან საფრთხე იყო მოსალოდნელი (იარაღიანი მესაზღვრე ან მაროდიორი, ან ქვეწარმავალი, ან მორიელი და კიდევ, ვინ მოთვლის იმ საშიშროებას, რაც წინ გადაგვეღობებოდა). ჩვენდა ბედად, იმ პერიოდში გვალვის გამო მდინარე არ იყო ადიდებული. მოვძებნეთ ყველაზე ვიწრო ყელი და შევედით. ნაპირზე გასულებმა გამოვიცვალეთ ტანსაცმელი. უკვე ღამე იყო და უდაბნოში ციოდა, მობილურის ფარნებით ვიკვლევდით გზას. კალიფორნიაში რომ გადავედით, ცენტრალურ გზაზე შევჩერდით. ზოგმა განაგრძო გზა, ზოგიც იქვე ჩამოჯდა. ცოტა ხანში გამოჩნდა მანქანა, იქიდან ჩამოვიდა ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი კაცი, ხელით გვანიშნა მანქანისკენ და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ მის ბრძანებას. გზადაგზა გვეკითხებოდა რაღაცას ესპანურად, მაგრამ არაფერი გვესმოდა. მივენდეთ უფალს. ნახევარი საათის მერე მიგვიყვანა ბორდერზე, ასე ეძახიან ადგილს, სადაც მიგრანტებს აჩერებენ. იქ ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო - ღია ცის ქვეშ, დეკემბრის ცივ ღამეს, თითოეულს ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე გვამოწმებდნენ. ჩამოგვართვეს ყველა ნივთი, მოგვცეს ფოლგის თხელი პლედი და შეგვრეკეს ერთ დიდ ტერიტორიაზე, სადაც ათასი ჯურის ადამიანი პირდაპირ მიწაზე იწვა. აქ დავშორდით მე და ის ქართველი ბიჭები. იქაურებს ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა უჭირდათ, ამიტომ ყველა ,,Gეორგია“-ს მეძახდა. რამდენიმე საათი ფეხზე ვიდექი. როგორც იქნა, მოვიდა ჩემი რიგი და გამომიძახეს. შევედი შენობაში. უზარმაზარი დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით, სუნთქვაც კი ჭირდა. მოვძებნე ადგილი და ჩამოვჯექი. მეორე დღის საღამომდე ველოდე ჩემს რიგს. როცა ანაბეჭდები ამიღეს და ჩემი ანკეტა შეავსეს, გადამიყვანეს ოთახში, იქაც ტევა არ იყო, ოღონდ იატაკზე კი არა, უკვე ტყავგადაკრულ საწოლებზე იწვნენ. იქ 2 ღამე გავათენე. ისეთი უჰაერობა იყო, ორჯერ დამჭირდა ჟანგბადის ბალიში. მესამე დილით გამიყვანეს ღია სივრცეში, სადაც 2000-მდე ქალი იქნებოდა. ყველას სათითაოდ დაგვადეს ხელ-ფეხზე ბორკილები, წელზე დიდი ჯაჭვი შეგვაბეს და გაგვამწკრივეს სხვა შტატში გადასაფრენად. სიტყვები არ მყოფნის, გადმოგცეთ ის ემოციები, რაც იმ წუთებში დამეუფლა. მძაფრსიუჟეტიან საშინელებათა ფილმებში მინახავს მსგავსი რამ და მაშინაც რეჟისორის ფანტაზია მეგონა, რას ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც საკუთარ თავს ბორკილ და ჯაჭვებდადებულს ვიხილავდი. ცრემლიც კი გამიშრა, ღმერთს მინდობილი ცხვარივით მივუყვებოდი გაურკვეველ გზას. მოკლედ, ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოს ციხეში მიგვიყვანეს. ჩვენს დიდ საკანში 60 საწოლი იდგა, ღრუბელზე გადაკრული შავი ტყავით, მაგრამ ბორდერთან შედარებით გაცილებით კარგი პირობები იყო. გვქონდა აბანო, ჰიგიენის ყველანაირი საშუალება და სამჯერადი ნორმალური კვება. ვფიქრობდი, ალბათ, აქ ერთ თვემდე გამაჩერებენ-მეთქი, მაგრამ მოხდა სასწაული და მეოთხე დილით ესპანელმა ოფიცერმა ქალმა გამყინავი რომ ხმით დაიძახა „Gეორგია“, ყურებს არ ვუჯერებდი. იქ მყოფებმა ტაში რომ დამიკრეს და მომილოცეს, გათავისუფლებენო, ძლივს მოვედი გონს. მოკლედ, ოფიცრებმა შეავსეს რაღაც ფურცლები და ამიხსნეს, რომ ფურცელზე მონიშნულ თვესა და რიცხვში გამოვცხადებულიყავი ნიუ-იორკის საემიგრაციო სამსახურში. იმათაც დამილოცეს გზა და გადამიყვანეს ტეხასის ერთ-ერთ ტაძარში, რომელსაც საემიგრაციო თავშესაფარს უწოდებენ. ციხიდან რატომღაც ჩემი ტანსაცმელი აღარ დამიბრუნეს. ტაძარში მომცეს ერთჯერადი სამოსი, დამარეკვინეს სპონსორთან, რომელმაც მიყიდა ბილეთი ბრუკლინამდე და ასე აღმოვჩნდი საოცნებო ადგილას, სადაც გულის ფანცქალით მელოდა ჩემი მეგობარი მაიკო. მითხრა, ერთი თვე დაისვენე, გონს მოდი და მერე გიშოვი სამსახურსო. მაიკომ თავისი მეგობარი გამაცნო, მარიკა შარაშენიძე. მან მომატარა მაღაზიები და ტანსაცმელი მიყიდა, მერე თავისთან წამიყვანა და ერთი ჩანთა გაავსო თავისი ტანსაცმლით. სიკეთე ყველგან მადლია, მაგრამ უცხო გარემოში ნაცნობი ან უცნობი ხელს რომ გაგიმართავს, სასწაულის ტოლფასია.

ორი კვირის მერე ერთმა ქუთაისელმა ქალმა, რომელსაც "კეთილი ფერია" დავარქვი, ბრუკლინში მიშოვა კარგი სამსახური - რუსულენოვან ოჯახს, მოხუც ცოლ-ქმარს, დამხმარე ქალი ესაჭიროებოდა. ქმარი 81 წლისაა, ცოლი - 70-ის. ძირითადად, საჭმელს ვუმზადებ, პროდუქტებს ვყიდულობ და სასეირნოდ ან ექიმებთან დამყავს. სულ ესაა ჩემი მოვალეობა. ხელფასს რაც შეეხება, რაც მოსკოვში თვეში ერთხელ მქონდა, იმდენი მაქვს კვირაში. იმედია, ვალებს მალე მოვიშორებ და ჩემს შვილებსაც გავუიოლებ ცხოვრებას. ალბათ, მალე მომცემენ ოფიციალურ საბუთს, რომლითაც უკეთეს სამუშაოს მოვძებნი. დავაგროვებ ფულს და დავბრუნდები სამშობლოში. ამდენ ცრემლსა და დარდში მხედველობა დამიქვეითდა, მაგრამ განა მარტო მე მერგო ასეთი ბედი? ჩემსავით ბევრი ქალი წვალობს უცხოეთში, რათა ისევ თავის ბუდეში დაბრუნდეს, მანამდე კი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ შვილებს არაფერი მოაკლოს და გზა გაუკაფოს.