დრონმა-კამიკაძემ შავი ზღვის ფლოტის შტაბს დაარტყა - უკრაინელებმა რუსებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღევანდელი დღესასწაული ჩაუშხამეს... - კვირის პალიტრა

დრონმა-კამიკაძემ შავი ზღვის ფლოტის შტაბს დაარტყა - უკრაინელებმა რუსებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღევანდელი დღესასწაული ჩაუშხამეს...

დღეს, 31 ივლისს რუსეთს თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე განსაკუთრებული პომპეზურობით უნდა აღენიშნა წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთის, ბარენცისა და რა თქმა უნდა, შავი ზღვის ფლოტებში, შტაბების წინ საზეიმო მოწყობებითა და ზღვაში ხომალდების სააღლუმო სვლით...

მაგრამ უკრაინელებმა რუსებს ეს დღესასწაული ჩაუშხამეს - 31 ივლისის დილას, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის წინ განხორციელდა შეტევა დრონი-კამიკაძეს გამოყენებით, რის შედეგადაც, რუსული შტაბის ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა...

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, თუ რამდენი მეზღვაური დაეჭრათ რუსებს ან რამდენი ფანჯარა ჩაიმსხვრა შენობაში, არამედ იმას, რომ უკრაინელებმა პოლიტიკური, მორალური და საინფორმაციო „წერტილოვანი“ შურისძიება განახორციელეს რუსეთის შავი ზღვის იმ ფლოტის შტაბზე, საიდანაც წამოსული ბრძანებებით ამ ფლოტის ფრეგატები და წყალქვეშა ნავები უკრაინის ქალაქების დასაბომბად და გასანადგურებლად თითქმის ყოველდღიურად უშვებენ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს...

21-1659255143.png
რუსულ შტაბზე თავდასხმა კამიკაძედ გადაკეთებული ამგვარი კვადროკოპტერის გამოყენებითაც შეიძლება განხორციელებულიყო...

2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ ჯერ ოკუპირებული და შემდეგ ანექსირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლში ყოველთვის წარმოადგენდა უკრაინელი სამხედროების სანუკვარ „ლუკმას“, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, რუსი ოკუპანტებიც ხვდებიან და ამიტომაც გაძლიერებული აქვთ სევასტოპოლის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

მაშინ როგორ მოახერხა უკრაინულმა დრონი-კამიკაძემ რუსების ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეუმჩნევლად გადალახვა და შავი ზღვის ფლოტის შტაბის საპარადო შესასვლელთან ხმაურიანი „სტუმრობა“?

დიდი ალბათობით, უკრაინელების კამიკაძე-"საჩუქარს" არც კი დასჭირვებია რუსული რადარებისგან დამალვა, რადგან მისი გაშვება და წერტილოვანი საჰაერო დარტყმის მართვა... უშუალოდ ოკუპირებული სევასტოპოლის ტერიტორიიდან მოხდა უკრაინელების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მიერ - სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა მცირე ზომის კვადროკოპტერი, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა დამაგრებული მსუბუქი ასაფეთქებელი მოწყობილობა...

ეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მორიგ დიდ ფიასკოდ შეიძლება შეფასდეს იმ სამხედრო წარუმატებლობების ჩამონათვალში, რასაც ეს ფლოტი განიცდის 24 თებერვლიდან - რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან.

ჯერ იყო და ამ რუსულმა ფლოტმა ვერ შეძლო სტრატეგიული ამოცანის - ოდესასთან ფართომასშტაბიანი საზღვაო სადესანტო ოპერაციის განხორციელება, შემდეგ აზოვის ზღვაში ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში საბრძოლო საჭურვლის ჩამოტვირთვისას უკრაინელების ზუსტ სარაკეტო დარტყმას შეეწირა დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, ორი ასეთივე კი მცირედ დაზიანდა.

35-1659255182.jpg
ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომებთან მდგარი რუსული სამხედრო ხომალდები უკრაინელების შემდგომი შურისძიების სამიზნეებად შეიძლება იქცნენ, ოღონდ ამჯერად მძლავრი რაკეტების გამოყენებით...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფიასკოს ზენიტად გადაიქცა მისი ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა, რასაც მოჰყვა თანამედროვე ბუქსირისა და მცირე სწრაფმავალი კატარღების „რაპტორების“ განადგურება უკრაინელების „ნეპტუნისა“ და „ჰარპუნის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების და უპილოტო „ბაირაქტარებიდან“ ჩამოგდებული მართვადი მინი-ბომბების გამოყენებით.

ასევე რამდენიმე მცურავი ჭაბურღილის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ზუსტად დაზიანებების შედეგად, უკრაინელებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ამ ჭაბურღილების მაღალი კონსტრუქციების თავზე დამონტაჟებული რადიოლოკაციური და ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით გაეგრძელებინათ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილისა და ოდესის სანაპიროს დაზვერვა.

ყველაზე რეზონანსულად კი ეტყობა იქცა მრავალტანჯულ კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების თავქუდმოგლეჯილი გამოქცევა, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა არტილერისტებმა ჭურვებითა და რაკეტებით „დააუთავეს“ ეს პატარა კუნძული და რუსი ოკუპანტები აიძულეს სასწრაფოდ დაეტევებინათ ის.

და აი, დღეს, უკრაინელებმა შურისძიება უკვე უშუალოდ რუსი ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განახორციელეს...

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? იქნებ, სევასტოპოლის ბუხტაში ნავმისადგომებთან მდგარი რუსული ფრეგატის, კორვეტისა თუ წყალქვეშა ნავის განადგურება ოდესის რაიონიდან, „ჰაიმარსიდან“ გაშვებული შორი მოქმედების მართვადი ბალისტიკური რაკეტით...