სუკულენტების გაშენება - როგორ იქცა ჰობი საყვარელ საქმედ - კვირის პალიტრა

სუკულენტების გაშენება - როგორ იქცა ჰობი საყვარელ საქმედ

სუკულენტი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან სუცუს, რაც "წვენს" ნიშნავს. ამრიგად სუკულენტები წვნიანი მცენარეებია, რომლებიც წყალს, უმეტესად, ფოთლებსა და ღეროებში ინახავს. ზოგიერთ სუკულენტურ ორგანოში წყლის შემცველობა შეიძლება 90-95%-მდეც იყოს. ამ მცენარეებს აქვთ გასაოცარი და უჩვეულო შესახედაობა, ისინი ყვავის მინიმალური მოვლისასაც კი, მაღალი ტემპერატურისა და იშვიათი ნალექის პირობებში. ძირითადად, გვალვაგამძლეა, აქვს წყლის შემნახველი ქსოვილი, ფოთლები, ღერო და ფესვები კი ჩვეულებრივზე ხორციანია.

ნიკა დოლიძე:

- აგრარულ უნივერსიტეტში პროგრამირებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების ფაკულტეტი დავამთავრე. მცენარეები ბავშვობიდან მიყვარდა. ფაკულტეტი ვერ დავამთხვიე, მაგრამ 19 წლის ასაკში ამ სფეროში თვითგანათლება დავიწყე, თან ეზოების მოწყობასა და მათ მოვლაზე ვმუშაობდი. რაც ამ სფეროში ვიცი, სულ ინტერნეტით მაქვს ნასწავლი.

- დღეს თქვენი ორანჟერეა სუკულენტებს ვერ იტევს...

- კი, ასეა. თავიდან საბერძნეთიდან გამომიგზავნეს სუკულენტი. დიდი ეფექტი ვერ მოახდინა, მაგრამ გამრავლების გამოცდილება მივიღე. მცენარეს ფოთოლი შევაცალე და გაიხარა. პროცესმა დამაინტერესა. მაშინ ჩვენთან სუკულენტები ასე გამრავლებული არ იყო, ახლა ბევრი უვლის. ამ საქმეს სუკუმანიასაც ეძახიან - თუ ერთხელ ხელი მოჰკიდე, ჩათრევა იცის. დღესდღეობით სუკულენტების არაერთი საინტერესო კოლექციონერი გვყავს. მერე დავიწყე სუკულენტების შემოტანა ჩინეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან. უცხოელ კოლექციონერებს ვუკავშირდებოდი და მიგზავნიდნენ. სამ წელიწადში 900 სახეობა შემოვიტანე. რაც მომწონდა, მიყვარდა, კლასიკური იყო - ყველა მომქონდა.

suk2-1659258379.jpg

- ბიზნესის ინტერესიც გაჩნდებოდა, მაგრამ ამას შესაბამისი სივრცე სჭირდება...

- გლდანში კერძო სახლი მაქვს, ეზოთი. იქ პატარა (40 კვმ) ორანჟერეა გავაკეთე და ასე გამოვაზამთრე. როცა ჩემი მცენარეების გაყიდვა დაიწყო და გამრავლებაც ინტენსიური გახდა, ის ორანჟერეა ამ ყველაფრისთვის დაპატარავდა და მეორე გავაკეთე - 135 კვმ ფართობის. დღეს უკვე 15 ათასი ნერგი მაქვს გამრავლებული.

- რაც უნდა უპრეტენზიო იყოს მცენარე, ამ რაოდენობის მოვლა დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. საქმეს მარტო აუდიხართ?

- დიახ, მარტო... ხერხი შევიმუშავე - მცენარეები სექციებად დავყავი. ერთ დღეს ერთი სექცია ირწყვება, მეორე დღეს - მეორე. რადგან ზაფხულია და ისეთი ტემპერატურაა, რომ შეიძლება ჭარბმა წყალმა ადვილად დაალპოს, ხელით სათითაოდ ვრწყავ. ზაფხულის სეზონზე ქოთანი მთლიანად არ უნდა დასველდეს. ხანდახან, როცა ვერ ვასწრებ, მამაჩემი მეხმარება.

- მაინც რა აქვს სუკულენტებს ისეთი, რითაც ასე დაინტერესდით და მოიხიბლეთ?

- საბერძნეთიდან რომ გამომიგზავნეს, გაზაფხული იყო. მცენარემ სეზონების მიხედვით ფერი რომ შეიცვალა, ლამაზი ფორმა მიიღო, ძალიან დავინტერესდი. ბავშვობაში სოფელში სულ ტყეში დავდიოდი. გარშემო ყველამ იცოდა, ბუნებასთან ახლო კონტაქტი რომ მიყვარდა. მერე ამ საქმეში ჩემმა ჩართვამ შედეგიც რომ გამოიღო, გაუხარდათ.

- რას ითხოვს მომვლელისგან სუკულენტი?

- როდესაც ახალბედა ან მოყვარული მეყვავილე მოდის, ასეთ რეკომენდაციას ვაძლევ - მზეზე ყოფნამ იმდენ ხანს უნდა მოუწიოს, რომ ფერი არ დაკარგოს და ჩრდილშიც არ უნდა იყოს, რათა ორ კვირაში ფორმა საერთოდ არ დაკარგოს. წყლის კონტროლიც აუცილებელია, ასე რომ, დიდი ყურადღება და დაკვირვება უნდა. ხშირად მეკითხებიან, რამდენ დღეში ერთხელ უნდა მოვრწყაო? მაგრამ ასე ვერ გაიგებ, ამისთვის არსებობს ფოთოლი. ხელს რომ მოჰკიდებ და დარბილებულია, ე.ი. ის რესურსი, რაც შიგნით აქვს, გამოლეულა.

suk3-1659258380.jpg

- ბარაქის ხეც სუკულენტია?

- კი, კრასულათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი 400 სახეობა მაინც არის. ყველა სეზონზე უნდა გასხვლა, თან - დაუნანებლად. ტოტები თამამად უნდა მოაჭრა. ეს ხელს უწყობს ღეროს გასქელებას და უფრო ლამაზად იზრდება.

- ანუ სუკულენტებს ფორმირება სჭირდება?

- მე ვაძლევ ფორმას, რადგან მომწონს. ისე, ადამიანსა და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული... ყველაზე მეტად მაინც მზის კონტროლია დასაცავი, რომ ფორმა არ დაიკარგოს და არ "გაიქცეს". ამავე დროს მიწის ისეთი ნაზავი უნდა გაკეთდეს, რომ წყალი გაატაროს და მალეც გაშრეს. შესაბამისი სტრუქტურა რომ მიმეღო, მიწის შეზავებაზე სამი წელიწადი ვიმუშავე. ჩვეულებრივ შავ მიწაში, გინდაც თიხნარში, პემზასა და სილას ვაზავებ და ბოლოს ტორფს ვუმატებ. ისეთი ნიადაგი უნდა შევქმნათ, რომ არ იკვრებოდეს და წყალს რომ დაასხამ, შეიწოვოს, მაგრამ ადვილად გაატაროს. შეუზავებელი თიხნარი მიწა, განსაკუთრებით - ზაფხულში სინესტეს ინარჩუნებს, მაღალი ტემპერატურა კი მცენარეს ახურებს და აფუჭებს.

- რა მავნებლები უჩნდებათ?

- ერთი მწერი უჩნდება, ტკიპასავით არის და კიდევ სოკოვანი დაავადებებისადმია მიდრეკილი, ამიტომ პროფილაქტიკისთვის გაზაფხულზე ვწამლავ, 14 დღის მერე ამ პროცედურას ვიმეორებ, მესამედ კი - 10 დღის შემდეგ.

suk4-1659258501.jpg

- მითხარით, რომ ეზოს დიზაინზეც მუშაობთ.

- დიახ, ეს საკითხიც კარგად მაქვს შესწავლილი... კლიმატსა და გარემოს ვურჩევ მცენარეებს და ერთმანეთს ვუხამებ. თან დამკვეთს კომპიუტერშიც ვაჩვენებ და წინასწარ ვუთანხმებ, რის გაკეთებას ვაპირებ, შემდეგ უკმაყოფილო რომ არ დარჩეს.

- ბავშვობაში ფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა თქვენი სამომავლო საქმე?

- არა, ეს გატაცება იყო. ვფიქრობდი, რომ რამდენიმე მცენარე მექნებოდა და მათ გავზრდიდი, ახლა კი თვე თუ ისე გავა, რომ კოლექციას არაფერი შევმატე, უკვე მოსვენებას ვკარგავ.

- ამას დიდი შრომით მიაღწიეთ. კიდევ რამეზე ოცნებობთ?

- ჩინეთში არის სუკულენტების 50 ათასი სახეობა. მინდა, საქართველოშიც ამდენი გვქონდეს...

- ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი უვლის მცენარეებს და არიან გოგონები, ვისაც ისინი არ იზიდავს. ალბათ, მთავარი ადამიანის ხასიათია...

- კი, ასეა. ჩემს სამეგობროშიც არიან ადამიანები, რომლებსაც მცენარეები არ აინტერესებდათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, მანია დავმართე. ყვავილებს ცოცხალ ორგანიზმად აღვიქვამ და თუ მათ კარგად დააკვირდები, დაუახლოვდები, ამას ადვილად აღმოაჩენ. ემოციურად რას განიცდიო, მკითხეთ. თავიდან სათბური რომ გავაკეთე და ყველა მცენარე იქ დავაწყვე, თავი ზღაპარში მეგონა. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა... მცენარეს რომ შეხედავ და იტყვი, უი, რა ლამაზიაო, ამით ვერაფერს გაიგებ. ორი-სამი მცენარე მაინც უნდა გაზარდო, მოუარო, შინ გქონდეს. ყურადღებას აქცევდე და ამით სიამოვნებას იღებდე, მათი მოვლით მიღებულ სიამოვნებას კი არაფერი შეედრება.