„კულუარული პროცესები მიდის, შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი...“ - კვირის პალიტრა

„კულუარული პროცესები მიდის, შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი...“

გასული კვირის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი გადაფარა ტრაგედიამ, რომელიც გუდაურში დატრიალდა - პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 კაცი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იყვნენ. ამასთანავე, გარდაიცვალა უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრენისას დაშავდა. სამწუხაროდ, საქართველოში პირველად არ ხდება, როდესაც ტრაგედიის შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება. მაგალითად, ბოლო ხანს არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა პარაპლანით ფრენისას, შესაბამისად, დღის წესრიგში იდგა ამ სფეროს რეგულირება ისე, რომ მსგავსი ინციდენტებისგან მაქსიმალურად დაგვეზღვია თავი, თუმცა ასე არ მოხდა... გარდა ამისა, წლებია სპეციალისტები ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციებისთვის საჭიროა სპეციალური საფრენი აპარატების შეძენა-გამოყენება, და არა იმ ტიპის შვეულმფრენების, რომელთაც საქართველოში იყენებენ. ამ ტრაგედიაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- საშინელი ტრაგედია დატრიალდა, უპირველესად სამძიმარი მინდა ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას. ახლა დავსვათ კითხვა ასე - რატომ მოდიან პარაპლანით საფრენად მაინცდამაინც საქართველოში? იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში ეს, პრაქტიკულად, ან აკრძალულია, ან ისე მკაცრად რეგულირდება, რომ მსგავსი გართობის ბიზნესად გადაქცევა არავის უღირს, ჩვენთან კი ეს სფერო სრულიად უკონტროლოა, ტურისტების მოზიდვის საშუალებად განიხილავენ... თანაც, როგორც ახსენეთ, უკვე არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა არავინ მიაქცია ამას ყურადღება, ახლა კი ამხელა ტრაგედია დატრიალდა და უცებ ყველა ამაზე ალაპარაკდა... სამწუხაროდ, ტრაგედიამდე არავინ არაფერი იღონა.

თუ გვინდა ევროპასთან, კეთილი ვინებოთ და კანონმდებლობის სინქრონიზაცია მოვახდინოთ - ან შესაბამისი რეგულაციები შემოვიღოთ, ან საერთოდ ავკრძალოთ.

რაც შეეხება შვეულმფრენის თემას, არა ვარ ამ საქმეში ჩახედული, მაგრამ მეც კი ვიცი, რომ სამხედრო-სასაზღვრო შვეულმფრენს სხვა დანიშნულება აქვს. ასეთ ვიწრო ხეობაში მათი ფრენა სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს, რაც, სამწუხაროდ, ვნახეთ კიდეც... დანარჩენი რა და როგორ მოხდა, გამოიძიებენ. სამაშველო ოპერაციებისთვის სხვა ტიპის შვეულმფრენებია საჭირო. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომლის ტურისტული პოტენციალი სულ უფრო მზარდია, საქართველოში უამრავი ექსტრემალი ტურისტი ჩამოდის და სახელმწიფოს ერთი კი არა, ალბათ, რამდენიმე სამაშველო შვეულმფრენი უნდა ჰყავდეს. ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე, ხოლო სპეციალისტები თავიანთ სიტყვას იტყვიან. იმედია, მოუსმენენ პროფესიონალებს და მომხდარის მერე მაინც შეიცვლება სახელმწიფოს მიდგომები.

- გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად ბიძინა ივანიშვილის წერილი იქცა. როგორ შეაფასებთ მას, თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც ამას უსწრებდა წინ, როდესაც მმართველი პარტიიდან წასულმა სამმა დეპუტატმა, ფაქტობრივად, ანტიდასავლური კამპანია გააჩაღა, მათ მაინცდამაინც არც "ქართული ოცნების" ლიდერები ჩამოუვარდებოდნენ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების დადანაშაულება, რაც ლაიტმოტივად გასდევდა ივანიშვილის წერილსაც.

- დიახ, ივანიშვილმაც ილაპარაკა ამ წერილში ომში ჩათრევის საფრთხეზე, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია, დააზუსტა კელი დეგნანთან 3-საათიანი შეხვედრა როდის გაიმართა, მაგრამ არ უთქვამს, რაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, თავად ელჩისგან მოვისმინეთ, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე და მე ამის მჯერა. არ ვიცი, შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ პერიოდში, მართლაც ჰქონდა აქ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, მაგრამ ეს ვერაფრით იქნებოდა ევროპის ან ამერიკის ინტერესებში. მათგან არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მაგრამ, ვფიქრობ, უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გარკვეულწილად გამოიწვია ურთიერთობების გართულება საქართველოსა და დასავლეთს შორის.

საქმე ისაა, რომ ამერიკასაც და ევროპასაც სურთ უკრაინისადმი დამოკიდებულება იყოს ერთიანი, სინერგიული და ამასთანავე იყოს მკაფიოდ გაცხადებული. ამას ითხოვდნენ საქართველოსგანაც. სანქციების ნაწილს საქართველო ისედაც შეერთებულია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. უცნაურია, რომ მოლდოვისთვის არ წაუყენებიათ იმგვარი მოთხოვნები, როგორიც ჩვენთან ჰქონდათ, არადა, მასაც არ შემოუღია ორმხრივი სანქციები რუსეთისთYვის. მე ამას იმით ვხსნი, რომ ჯერ ერთი, ჩვენთან უფრო ძლიერია ოპოზიცია და მეორეც, მას უკრაინაში ძალიან ძლიერი ლობი ჰყავს. სწორედ მათ იმუშავეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოება ახლა არ დაწყებულა, დაიწყო პოროშენკოს ხელისუფლების დროს, როდესაც მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გუბერნატორად დანიშნა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი სილის გაწვნა იყო. შემდგომ ზელენსკიმ დააბრუნა სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ დაივიწყა. ამიტომაც ომის დროს დაახლოებით ამგვარი მიდგომით გააგრძელეს მოქმედება, თქვენ არ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიცია და ახლა ჩვენც ისე მოვიქცევით, როგორც გვაწყობსო. საბოლოოდ ამას მოჰყვა საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გამწვავება, ეს ომის თემაც "ქართულ ოცნებაში" ამიტომ აიკვიატეს - ევროპელების თუ ამერიკელების უკმაყოფილება უკრაინიდან რამდენჯერმე ნათქვამ "მეორე ფრონტის" თემას მიაბეს, თუმცა დასავლეთის ამ უკმაყოფილებას, უკრაინის საკითხის გარდა, სხვაც არაერთი მიზეზი აქვს.…

- მაშინ როცა უკრაინა ასეთ სასტიკ მტერთან ომში აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლების ძველ წყენაზე გამოკიდება განა სწორი იყო? მით უფრო, რომ დღეს საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.

- ამაზე არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებაა ჩამოკიდებული. ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთმა თუ ომი მოიგო, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობა აღარავის გაახსენდება. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ის მარცხისთვის განწირულია, ეს ახლა მხოლოდ დროის საკითხია.

მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროცესების განვითარების ყველა სცენარი გაეთვალისწინებინა და ამ ომთან დაკავშირებით მოზომილი პოლიტიკა ეწარმოებინა. ამის გამო მას არავინ დაძრახავდა, მაგრამ მათი ნარატივი სხვა უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა ისეთი განცხადებების გაკეთება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჯერ ლაპარაკობს და მერე ფიქრობს. სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებაში" აღარავინ არის, ვინც დიპლომატიური ენით გამოხატავდა ამა თუ იმ მიდგომას. ეს შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილიდან მოდის, ის ხომ პიარს არ ცნობდა, ფიქრობდა, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერი საუკეთესო იყო.

სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობაში სტრატეგიული აზროვნების ადამიანები არ არიან. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, შევთავაზე, რომ შეგვექმნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. მსგავსი ორგანო არის უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა ცენტრი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან არა მარტო ვიწრო, არამედ უფრო ფართო სპექტრის პროფესიონალებიც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ამგვარი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჩემს წერილზე არავის უპასუხია. საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც სტრატეგიულად დაგეგმავს ჩვენს პოლიტიკას და არა ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აკეთებს - დღეს კელი დეგნანი რაღაცას რომ იტყვის, 15 წუთში ის გამოვარდება და პასუხობს - ეს არის მთელი მისი პოლიტიკა. ეს არასწორია, თან დაუჟინია, დასკვნა მარტივიაო, არადა, ანალიზი და დასკვნის გამოტანაა ყველაზე რთული. ჩვენს პოლიტიკას მე შევადარებდი უთავო მხედარს მაინ რიდის ცნობილი ნაწარმოებიდან - მიქრის ცხენი და ვინც მას უნდა მართავდეს, უთავოდ არის დარჩენილი.

- სად მიგვიყვანს ეს "უთავო მხედარი"?

- ფაქტია, ამგვარი პოლიტიკით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ ეს მოცემულობაა... ეს პროცესი ან მივა უმრავლესობის დაშლამდე და არჩევნებამდე, ან მთავრობა შეიცვლება.

- ივანიშვილის წერილში ამ ცვლილების შესაძლებლობა დაინახეთ? ის აქებს მთავრობას და უწონებს, რომ მან ომი აარიდა ქვეყანას.

- როცა ის მთავრობის განსაკუთრებულ ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. გაგახსენებთ, ღარიბაშვილსაც ძალიან აქებდა მის პირველ ჯერზე პრემიერობისას და უცებ, სადღაც 5 დღეში, გადადგა... ჩემი აზრით, ახლა კულუარული პროცესები მიდის, ივანიშვილი მოწადინებულია თავისი პრობლემები მოაგვაროს. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას, მგონი, გრძნობენ "ქართულ ოცნებაშიც", ბევრი უკვე ეძებს თავის ადგილს სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში. ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ, ამიტომ სურთ რაღაცის დაფუძნება. მათი პოზიცია ანტიდასავლური იქნება თუ პროდასავლური, არავინ იცის, რაც მთავარია, თვითონაც არ იციან. ისინი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მერე ქვეყანასა და იდეოლოგიაზე. ამიტომ მძულს ქართული პოლიტიკა - ქამელეონივით შეიძლება შეიცვალონ პოლიტიკოსებმა შეხედულებები. ავიღოთ დიმიტრი ხუნდაძე - ერთ-ერთი იმ ცნობილი სამეულიდან. ჯერ იყო და, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ როგორი დემარშით გამოვიდა, შემდეგ უცებ პროდასავლელი გახდა, მერე ისევ დასავლეთის გინება დაიწყო. ლერწამივით არიან, საითაც ქარი დაუბერავს, იქით იხრებიან, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ.

- რას ფიქრობთ იმ პოზიციებზე, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ? მათი ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობას აპირებენ. ეს გზა მიგვიყვანს სტატუსის მიღებამდე?

- "რისი მაქნისია გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს?" - ხომ გახსოვთ ეს ფრაზა "მონანიებიდან"? ეს არის ის გზა, რომელზეც ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ლაპარაკობს და დღეს მასზე დგანან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ისევ სრულ აბსურდში ვართ, ისევ ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. არადა, უპირველესი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია და ჩვენ რას ვხედავთ ამის სანაცვლოდ? - უარეს დაპირისპირებას, უარეს პოლარიზაციას. მეტიც, პოლიტიკოსები პირდაპირ უბიძგებენ ამისკენ საზოგადოებას. ლოგიკას თუ მივყვებით, ამ რეკომენდაციების შესრულება მთავრობის ვალდებულებაა, ამიტომ სასურველია ყველამ მთავრობასთან იმუშაოს. შეუძლიათ იჩხუბონ, იკამათონ სამუშაო ჯგუფებში და საბოლოოდ რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ, მაგრამ ასე იქცევიან ევროპულ ქვეყნებში და არა საქართველოში. ისე, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც უნდა აღიარონ შეცდომები, ეს ყველაფერი დიდწილად მათ მიერ თავს მოხვეული კოაბიტაციის შედეგია. რა თქმა უნდა, თუ რამე არ მოგვწონს, შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ევროკავშირიც, ამერიკის ელჩიც და ასე შემდეგ, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მათი განცხადებები ლანძღვა-გინების ზღვარზეა. ისინი არ შედიან საგნობრივ დისკუსიაში. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის ძალიან დაბალი კულტურის მაჩვენებელია.

- ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა შეგვახსენონ, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. როგორც ღარიბაშვილმა ამას წინათ აღნიშნა, თურმე ევროპელი ლიდერები გაოცებული არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური წინსვლა.

- არადა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. 2020 წელს 15%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. ახლა ამ ორმოდან ნელ-ნელა ამოვდივართ, ნელ-ნელა ვუბრუნდებით სტატუს კვოს და მერე, ალბათ, ისევ 3-5%-იან ზრდაზე ვილაპარაკებთ.…

- აფხაზეთში არ ნელდება უკმაყოფილება, რაც მოჰყვა ინფორმაციას, რომ იგეგმება ბიჭვინთის აგარაკებისა და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა. საქართველოს ხელისუფლება კარგა ხანს დუმდა, ამ ორიოდე დღის წინ კი პრემიერმა ბრძანა, არ ღირს ზედმეტი ხმაურის ატეხაო.

- არ ვიცი, ხელისუფლებას რა და როგორ აქვს გათვლილი, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად ხმაურის პოლიტიკა მეც გამართლებული მგონია. აფხაზები მიხვდნენ ერთ რამეს - რუსეთი მათ არსებობას უქმნის საფრთხეს. იმ აგარაკების მითვისება ძალიან დიდი დარტყმაა. ვფიქრობ, აფხაზები რაც უფრო ცხადად დაინახავენ, რა ჩიხშიც არიან მოქცეული, მით უფრო სწრაფად მოვლენ ჩვენთან. ნაწილობრივ ეს უკვე დაწყებულია, არაერთი სამედიცინო დაწესებულება ვიცი თბილისში, რომელიც გადაჭედილია აფხაზებით, რომლებიც უფასოდ მკურნალობენ ჩვენთან. ასევე არაერთი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ჩუმი, ე.წ. ლატენტური პოლიტიკა სტრატეგიულად სწორია. კონკრეტულად ამ აგარაკებთან დაკავშირებით, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო ერთი განცხადება გაეკეთებინა, მაგალითად, სახელმწიფო მინისტრს. ისინი, ვინც დღეს ამისთვის აკრიტიკებენ ხელისუფლებას, უნდა დაფიქრდნენ, არ შეიძლება ყველა საკითხი გამოიყენო საკუთარი ინტერესებისთვის და სულ მზად იყო მთავრობისთვის ზურგში დანის ჩასაცემად. არის თემები, რომლებითაც მანიპულირებისას შეიძლება ეგ დანა ქვეყნის ზურგში აღმოჩნდეს.