რა რეგულაციებია საჭირო პარაგლაიდინგის სფეროში - კვირის პალიტრა

რა რეგულაციებია საჭირო პარაგლაიდინგის სფეროში

გუდაურში 29 ივლისს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცავები და დარგის სპეციალისტები იკვლევენ. უნდა გაირკვეს, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. ლაშა ჯაპავა, პარაგლაიდინგის განვითარების კლუბის ინსტრუქტორი:

- პარაგლაიდინგის როგორც სპორტის აქტივობა ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან ერთად დაიწყო. ეს ლამაზი და შემოსავლიანი ბიზნესია ქვეყნისთვის,­ ხალხისთვის, ინსტრუქტორებისთვის ძალიან მომგებიანი. თავდაპირველად, ეს სპორტი ქაოსურად განვითარდა, დღეს კი უკვე ჩამოყალიბებულია. ჩვენი პილოტები პროფესიონალები არიან. არც ფრენა არის რთული, მაგრამ ნორმატიული აქტები, ის დებულებებია მოსაწესრიგებელი, რომლებსაც დაიცავს ყველა ის პილოტი, რომლებიც კომერციულად გამოიყენებს ამ საქმიანობას. ხომ გახსოვთ, სანამ მანქანის ღვედის შეკვრა სავალდებულო არ გახდა, მანამდე არავინ იკრავდა, სანამ ზოლები დაიხაზებოდა, ყველა ქაოსურად მოძრაობდა, ასეა, ეს სფეროც კანონით მოსაწესრიგებელია. არაერთხელ მივმართეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამოქალაქო ავიაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შს სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროს, ვითხოვდით დაგვხმარებოდნენ ნორმატიული აქტების შედგენაში. ჩვენ-ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პილოტები ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს აზრს და ვაძლევთ რჩევებს. პარაგლაიდინგი ერთ-ერთი საინტერესო სპორტია, რომელიც ქვეყნის სავიზიტო სახედაც შეიძლება იქცეს, ქვეყნის რელიეფი იძლევა ამ სპორტის განვითარების უნიკალურ საშუალებას. უსაფრთხოც არის, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს სტანდარტები, რომელიც უნდა დავიცვათ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ხომ ევალებათ დაადგინონ ეს წესები?

- თქვენ ითხოვთ კანონით რეგულაციებს?

- როცა ამ საკითხს ვაყენებდით, მაშინვე ჩვენი ბიუჯეტის დათვლას იწყებდნენ, ნაცვლად იმისა, დაგვხმარებოდნენ და შეექმნათ კანონმდებლობა. მეტიც, ლამის თვითონ აიღეს ხელი საჯარო სამსახურებზე და ამ ბიზნესში ჩაერთვნენ, ინსტრუქტორობა და პარაპლანით ფრენა დაიწყეს. გვითხრეს, ეს ბიზნესია და ბიზნესი თავისით იპოვის გზასო, მაგრამ ბიზნესს მიმართულება სჭირდება, ეს ხომ სპეციფიკური სფეროა. რეგულაციები რომ იყოს, მერწმუნეთ, აუცილებლად ავირიდებდით უბედურ შემთხვევებს. უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული ტურისტული სარეკრეაციო, ასაფრენ-დასაფრენ ზოლები. ვინ სად იფრინოს, უნდა იყოს განსაზღვრული. ყველა პილოტმა ვიცით, სად შეიძლება ფრენა, ეკითხათ გამოცდილი პილოტებისთვის და დაედგინათ წესები. მსგავსი პრეცედენტები ხომ არსებობს ქვეყანაში. მაგალითად, ხომ დაუწესდა სამშენებლო ბიზნესს, ისიც მას შემდეგ, რაც ხარაჩოებიდან ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა. დაწესდა შრომითი უსაფრთხოების წესები და აკონტროლებს შრომის ინსპექცია. ამას ვყვირით ამდენი წელია, ხომ შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება.

სამოქალაქო ავიაციამ გვითხრა, ეს სპორტის სამინისტროს პრიორიტეტიაო, სპორტის სამინისტრომ ხელი განათლების სამინისტროსკენ გაიშვირა, იქიდან იუსტიციის სამინისტროში გადაგვამისამართეს, იუსტიციამ ტურიზმის დეპარტამენტში, იქიდან შს სამინისტროში. საბოლოოდ ისიც ვერ გაარკვიეს, ვის უნდა დაერეგულირებინა კანონით ეს სფერო. მიკრომეწარმეებს, პილოტებს მიუგდეს გასარკვევად. ახლა ცდილობენ ეს უბედური შემთხვევა პილოტების გამოუცდელობას დააბრალონ.

- ნებისმიერს შეუძლია ამ ბიზნესის დაწყება?

- მსგავსი ექსტრემალური სახეობა ლიცენზირებადი უნდა იყოს. წინა მთავრობამ გააუქმა ლიცენზიები და დღეს სწავლება და ლიცენზიის გაცემა-მიღება ყველას შეუძლია. ყველა ლიცენზირებული პილოტია. ზოგმა ფედერაციისგან მიიღო ლიცენზია, ზოგს მიკრომეწარმემ ასწავლა ეს საქმე, ზოგს ვიღაც შპს-მ, ზოგს უცხოელმა... ამ საქმეს განათლების სამინისტრომ უნდა მიხედოს, პრეროგატივა უნდა იყოს ამ საკითხის შესწავლა და შემდგომ ხარისხის მართვის ცენტრმა დაამტკიცოს.

- რამდენად რთულია გუდაურში ტრაგედიის ადგილი?

- ერთ-ერთი რთული ადგილია. ქარი იდეალურია, მაგრამ კლდიანია და ელემენტარულ შეცდომას არ გაპატიებს. სამწუხაროდ, ამ ხევში 4 უბედური შემთხვევა მოხდა, აქედან 3 - ივლისში. ყველა შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამიტომ პარაგლაიდინგში ყველა წესის დაცვა აუცილებელია. კლდეზე ცოცვა უფრო საშიშია, ვიდრე პარაგლაიდინგი. მისი გუმბათი იმდენად უსაფრთხო სტანდარტებით არის აგებული, რომ პილოტის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელთაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- პარაპლანის გამართულობა მოწმდება?

- ყველა ინვენტარს აწერია გამოშვების წელი და ვადა - 2 წელი, მაგრამ კარგად თუ გამოიყენებ, შეგიძლია სამი და ოთხი წელიც გამოიყენო, თუმცა მწარმოებელთან უნდა გაგზავნო და შეამოწმო, ვარგისია თუ არა, ექსპერტიზის ჩეკიც უნდა აიღო.

ვიმეორებ, ყველა უბედური შემთხვევა ნორმატიული აქტების დაუდგენლობის ბრალია, იმის გამო, რომ არ არის დასაჯდომი და ასაფრენი ზოლი დახაზული.

- განცხადებას წავაწყდი, სადაც წერია, რომ რამდენიმე გაკვეთილით ასწავლიან პარაპლანით ფრენას. ასეთი ადამიანი შეიძლება ინსტრუქტორად მოგვევლინოს?

- სწავლით ისწავლი, მაგრამ როდესაც­ ამ საქმის ბიზნესს იწყებ, რეგულაციებია­ საჭირო. გუდაურში შეიძლება ჩაფხუტი გეკეთოს, მაგრამ ზღვის თავზე რომ დაფ­რინავ, იქ წყლის დამცავი ჟილეტი უნდა გეცვას - ყველა ლოკაციას შესაბამისი ნორმატივის დადგენა უნდა. ვინც ამ ბიზნესში­ ჩაერთვება, კონკრეტული სტანდარტების დაცვა უნდა მოსთხოვო.

სახელმწიფო, საგანგებო სამსახური და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ სფეროს დარეგულირებაში. სხვათა შორის, როცა პატარა ინციდენტები ხდებოდა, გვეკითხებოდნენ, რა გჭირდებათო, მაგრამ რეაგირება არ ხდებოდა. ამიტომ ვართ გაბრაზებული. ჩემი მეგობრები დაიღუპნენ, მათი ოჯახების გულებში ჩაგიხედავთ ვინმეს?

სხვათა შორის, ბრიტანული მოდელის გადმოტანაზეც იყო საუბარი, მაგრამ გვითხრეს, ტრამპლინიდან ვიღაც რომ გადმოხტება, მე როგორ უნდა დავუწესო ნორმატივიო. გამოსცა სამოქალაქო ავიაციამ პატარა ნორმატიული აქტი, სადაც წერია, თუ მხედველობის არე არ არის კარგი, არ უნდა იფრინო, ზემოდან რაღაც არ უნდა გადმოაგდოო და ა.შ. მაგრამ კანონს შესრულება ხომ უნდა, მომთხოვნი არის შრომითი უსაფრთხოების სამსახური, ვინ ამოწმებს ამას? თქვეს, მთის კურორტების ტერიტორიაზე საბაგიროს თავზე არ იფრინოთო, დასაჯდომი ზოლის მოწესრიგების ნაცვლად მიწებს ყიდდნენ, სადაც გინდა, იქ დაჯექი, ოღონდ ფული გადაიხადე. ამბობენ, პილოტებმა ფრენა არ იციანო­ და ეს ტყუილია. უმაღლესი ხარისხის პილოტები გვყავს, უცხოელები გაოცებული არიან.

- ალბათ, ვახტანგ გომელაურის განცხადებაც მოისმინეთ.

- ჩვენ შინაგანი მორალი გვაქვს, ამხელა უბედურების შემდეგ არავინ დაფრინავთ, მაგრამ გამოსავალი ის კი არ არის, აკრძალო, უნდა დაადგინო, ტრაგედია რატომ მოხდა.

- გუდაურის ზოლს ასაფრენ-დასაფრენი აქვს?

- კი, მაგრამ ზოგი კერძო საკუთრებაა.­ თავისუფალი პილოტი ვერ მიფრინავს ყველა ადგილიდან. კარგი საფრენი ლოკაციიდან რომ აფრინდეს და დაფრინდეს, ფულის გადახდა უწევს. ამიტომაც არის ამ საქმეში აუცილებელი სახელმწიფოს ჩართულობა. სარეკრეაციო ზოლად უნდა გამოცხადებულიყო კონკრეტული ზონები და ერთი სივრცე მაინც მოაწესრიგონ. უმთავრესია ასაფრენ-დასაფრენი მოედნების მოწესრიგება სტანდარტების დაცვით. კონკურენციის გამო ასაფრენ-დასაფრენ მოედნებზე კერძო ბიზნესი ერთმანეთს ზღუდავს და პილოტები იძულებულნი ხდებიან დიდი რისკის შემცველი მოედნებიდან აფრინდნენ და არასტანდარტულ მოედნებზე დასხდნენ, რაც უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. უამინდობის პერიოდში ასაფრენი მოედნები უნდა დაიკეტოს რისკების თავიდან ასაცილებლად.

- რა გამოიწვევდა ამ ტრაგედიას?

- სავარაუდოდ, თერმული ნაკადი. ალბათ, ძლიერი ჰაერის ნაკადი მოვიდა, დაატრიალა და მოეკეცა ფრთა, თან კლდის ახლოს იყო. ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს.