წყეული ხევის ტრაგედია - კვირის პალიტრა

წყეული ხევის ტრაგედია

29 ივლისს გუდაურში დაგეგმილი სამაშველო ოპერაცია ორი პარაპლანისტის - უცხოელი ტურისტისა და მისი ინსტრუქტორის გადასარჩენად ტრაგედიით დასრულდა. სამაშველო ვერტმფრენი, რომელშიც 8 კაცი იმყოფებოდა - ეკიპაჟის 4 წევრი, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. დანიშნულების ადგილზე თითქმის მისული იყვნენ, რა დროსაც სამაშველო ვერტმფრენმა წონასწორობა დაკარგა, თეთრი არაგვის ხეობაში ჩავარდა და აფეთქდა. ყველა პირი, რომლებიც გუდაურში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, დაიღუპა. გარდაიცვალა უცხოელი ტურისტიც, ხოლო პარაპლანის ინსტრუქტორი მაშველების სხვა ჯგუფმა ამოიყვანა. ახლა ის კლინიკაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა მოხდა სამაშველო ოპერაციის დროს, ამის შესახებ ჯერ მხოლოდ ვერსიების გამოთქმა შეგვიძლია. არსებობს მოყვარულების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ შვეულმფრენს ჯერ კუდი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა, ბზრიალით ჩავარდა თეთრი არაგვის ხეობაში, მერე კი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამოძიებას ბევრს ეტყვის შავი ყუთი, სადაც იწერება ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი. ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი, აღმოჩენილია თუ არა შავი ყუთი.ტრაგედიიდან რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. "ექსპერტები მუშაობენ იმის გასარკვევად, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრებში რაც ვნახე, უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის", - განაცხადა მან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარაპლანით ფრენა დიდი პრობლემაა. სწორედ პარაპლანით ფრენის დროს კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდნილი ორი კაცის გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. "თითქმის კვირა არ გავა, სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის დაღუპვის შემთხვევებიც. უნდა ვიმუშაოთ, რომ რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირია. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, ყველაფერს აუცილებლად შევისწავლით. ამ დღეებში, ჩემი აზრით, პარაპლანებით ფრენა უნდა შეწყდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან", - განაცხადა მინისტრმა.

"ზაზა ახლაც შვებულებაში იყო, მაგრამ გაფრინდა..."

296668620-1722704474762313-6268006443173977542-n-1659163939.gif
ზაზა ლორია

ეკიპაჟის უფროსი ზაზა ლორია იყო, 36-წლიანი სტაჟის მქონე პილოტი, პოლიციის პოლკოვნიკი. მან არაერთხელ გამოჰგლიჯა სიკვდილს უამრავი ადამიანი. 1992-93 წლებში 23 წლისამ პირველი საფრენოსნო გამოცდა ჩააბარა - აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად, ლტოლვილების გადმოსაყვანად და დაღუპულების გადმოსასვენებლად გაგზავნეს. "შიშის გრძნობა არ გეუფლება, როდესაც დაფრინავ, როდესაც მიდიხარ დავალებაზე. როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფრო არის შიშის გრძნობა... ასეთი გამონათქვამიც არის, ერთხელ თუ დაავადდი ამ პროფესიით, ვეღარ განიკურნები, მთელი ცხოვრების განმავლობაში გინდა ჰაერში ყოფნა და ფრენა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მფრინავობა, ძალიან საამაყო პროფესიაა. ალბათ, ყველაზე უფრო დიდი გრძნობა გეუფლება, როდესაც სამაშველო ოპერაციას ატარებ, ადამიანებს ეხმარები, ადამიანის გადარჩენა უფრო დიდ სტიმულს აძლევს მფრინავს და კიდევ და კიდევ მეტი საგმირო საქმეებისკენ გიბიძგებს", - ეს ამონარიდი ზაზა ლორიას ერთ-ერთი ინტერვიუდანაა. "ზაზა რომ გაფრინდა, მშვიდად ვიქნებით, ზაზა რომ მიფრინავს, ყველაფერი კარგად იქნებაო", - ამბობდნენ მისი კოლეგები. ახლაც შვებულებაში იყო, მაგრამ გაფრინდა... გაფრინდა, რათა ეშველა... გაფრინდა მარადისობაში ბორტის წევრებთან ერთად... დარჩა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ...

"დიმა, ნიკოლოზი იამაყებს შენნაირი მამით!"

dimitri-qaaze-1659262416.jpg
დიმიტრი ქააძე

მფრინავი დიმიტრი ქააძე 43 წლის იყო, ალვანელი. "უმძიმესი ამბავია... დიმა არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი იყო. თბილისის საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა. გმირული თავგანწირვით ეკიდებოდა ყველა საქმეს და ახლაც გმირულად წავიდა", - ამბობს ქააძის ნათესავი. "იმ საშინელი კადრების შემდეგ ვლოცულობდით, ნეტავ ჩვენი დიმა არ აღმოჩენილიყო, ნეტავ... მაგრამ შენ იქ აღმოჩნდი, დიმა, გული გამეგლიჯა! დაუჯერებელია ეს ტრაგედია! ნიკოლოზი აუცილებლად იამაყებს შენნაირი მამით, დიმა! მეც ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყავი. ასეთი ვაჟკაცი! რამდენი ადამიანი გადაგირჩენიათ, გმირი იყავი და გმირულადაც წახვედი", - წერს სოციალურ ქსელში გმირი ქააძის ახლობელი.

"რამდენი გირეკე, ლევან, იმედი მქონდა, რომ შენ არ იქნებოდი"

295917833-736870094038844-3861720572691100207-n-1659163939.jpg
ლევან ჩოხელი

ეკიპაჟის წევრი ლევან ჩოხელი დაოჯახებული იყო. როგორც კი ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი, მის სახლთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველა ტიროდა... თავდაპირველად ყველა ცდილობდა სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიის შესახებ არ დაეწერათ, რადგან ჯერ არ იცოდა ლევანის დედამ, რომელიც საზღვარგარეთ არის, რომ შვილი აღარ ჰყავს ცოცხალი. მოგვიანებით ნათია რუსიშვილმა დაწერა: "რამდენი გირეკე, ლევან, რამდენი. იმედი მქონდა, რომ შენ არ იქნებოდი, გადარჩებოდი და ისევ ცოცხალს, მოღიმარს და მხიარულს გნახავდი. მიჭირს შენზე წარსულში საუბარი. ყველაზე შემტკივა გული, ყველას გიცნობდით და ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ რომელიმე მაინც, რომელიმე... მაგრამ... თქვენ ჩვენი გმირები ხართ".

"არ მინდა დაჯერება, რომ ანდრო აღარ არის"

andro-qujosvili-1659262416.jpg
ანდრო ქუჯოშვილი

ანდრო ქუჯოშვილი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი იყო ბორტზე. მას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ეამაყებოდა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე ისეთ პროფესიონალებთან ერთად მუშაობდა, როგორიც ზაზა, ლევანი და დიმიტრი იყვნენ. "კეთილი, ჭკვიანი, უკეთილშობილესი, მშვიდი და წყნარი ბიჭი იყო, არ მინდა დაჯერება, რომ ანდრო აღარ არის. მთელი ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა", - ამბობს ქუჯოშვილის ახლობელი.

"როცა ბებიამ ავადმყოფობა დაიწყო, გიორგიმ მაშინ თქვა, ექიმი უნდა გამოვიდეო"

giorgi-venicki-1659262416.jpg
გიორგი ვენეცკი

დაღუპულთა შორის არის ორი მედიკოსი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოცდილი ექიმი, 45 წლის გიორგი ვენეცკი. სამეგობროსა და სანათესავოს იმედი იყო. გულისხმიერი და მუდამ მზად მყოფი ოღონდ კი რამეში დახმარებოდა ვინმეს. დედა ადრე გარდაეცვალა და ბებია ზრუნავდა მასზე. როცა ბებიამ ავადმყოფობა დაიწყო, გიორგი ხან წნევას უზომავდა, ხან წამლებს ყიდულობდა და მაშინ თქვა, ექიმი უნდა გამოვიდე და ყველა ავადმყოფზე ვიზრუნოო. ბევრს შრომობოდა, რომ პროფესიონალი დამდგარიყო და მიაღწია კიდეც მიზანს.

მართლა სულსა და გულს დებდა თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად. კარგი მეუღლე და მამა იყო. 2 შვილი დარჩა. ისინიც დაახლოებით იმ ასაკში დაობლდნენ, რა ასაკშიც გიორგი დაობლდა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" გიორგი ვენეცკის ნათესავი.

"ქეთიმ უსაზღვროდ დაგვწყვიტა გული"

295967613-5584981588231498-5046411389711055262-n-1659262683.jpg
ქეთევან გულაღაშვილი

"მიჭირს დაჯერება, რომ ქეთი აღარაა. უსაზღვროდ დაგვწყვიტა გული. იყო ფანტასტიკური პიროვნება, გულიანი, კარგი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. ძალიან დაგვაკლდება", - ამბობს დაღუპული ექიმის ქეთევან გულაღაშვილის მეგობარი.

სიცოცხლის მცველებმა კახამ და გიორგიმ გმირულად დატოვეს სიცოცხლე

მაშველები კახა ტორჩინავა და გიორგი­ მარგიანი სამეგობროს სული და გული იყვნენ. ორივე დევნილია და ყველაზე კარგად იცოდნენ თითოეული გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლის ფასი. მათ სამაშველო სამსახურში მუშაობის მრავალ­წლიანი გამოცდილება ჰქონდათ. ორივე თავდაუზოგავად მუშაობდა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მობინადრეების გამოსაყვანად. დასვენებისთვის დრო ენანებოდათ, ასფალტზე ჩამოსხდებოდნენ ორიოდ წამით, წყალს დალევდნენ და მერე ისევ აგრძელებდნენ მუშაობას მუხლჩაუხრელად. სიცოცხლის მცველებმა გმირულად დატოვეს სიცოცხლე.