"საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც უკომპრომისობა პოლიტიკოსის ღირსებად, შეთანხმების მცდელობა კი ღალატად ითვლება“ - კვირის პალიტრა

"საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც უკომპრომისობა პოლიტიკოსის ღირსებად, შეთანხმების მცდელობა კი ღალატად ითვლება“

მწერალი კოტე ჯანდიერი "კვირის პალიტრას" ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ესაუბრა.

- ბიძინა ივანიშვილის წერილი და მისი გამოხმაურება ამერიკის ელჩთან შეხვედრა-არშეხვედრის გარშემო ატეხილ, ყოვლად უხერხული და არაკორექტული ფორმით დაწყებულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით­ სავსებით დროული და ლოგიკური იყო, საზოგადოება ამას ელოდა. წერილი დაწერილია მშვიდ, კონსტრუქციულ ტონალობაში (კარგი იქნება, თუ სხვებიც მიჰბაძავდნენ). აქცენტი გაკეთებულია აშშ-ისა და ევროკავშირის გადამწყვეტ პოზიტიურ როლზე დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მათთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების მნიშვნელობაზე.­ ტექსტში დადასტურებულია ქალბატონ ელჩთან შეხვედრის ფაქტი, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის­ მოთხოვნაზე, მით უმეტეს, რაიმე ტიპის შანტაჟზე. თავის მხრივ, ქალბატონი კელი დეგნანი აცხადებს,­ რომ "არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე, ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას". პირადად ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ივანიშვილის ფრაზა: "დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად­ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს".

მე მგონი ივანიშვილიც და დეგნანიც სურვილს გამოთქვამენ, ამ გაუგებრობას, სპეკულაციებსა და უბრალოდ ჭორაობას დაესვას წერტილი. მართლაც, თანამდებობის პირებმა, დეპუტატებმა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებთან საუბარი იმ ტონალობაში, როგორითაც ისინი რადიკალურ ოპოზიციას ელაპარაკებიან. ურთულესი პოლიტიკური ნიუანსები ან თუნდაც გარკვეულ საკითხებ­ში ურთიერთგაგების ნაკლებობა ორღობის ძირში გასარჩევი თემა არ არის. თუ პარტნიორებს­ შორის რაიმეა გასარკვევი, ეს საჯარო სივრცეში არ უნდა ხდებოდეს და არამც და არამც არ უნდა აზიანებდეს ამდენი წლის ნაშენებ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენც ყველამ ჯობს, აქ დავსვათ წერტილი და ცეცხლს ნუ ვეთამაშებით.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, თითქოს საქართველოს ომში ჩართვის "პროექტი" ბლეფი და "ქართული­ ოცნების" მოგონილი ფეიკია? რა თქმა უნდა - არა. უკრაინის მთავრობის მაღალი ეშელონებიდან ეს არაერთხელ გაგვიგონია. უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინელებისაგან ეს კიდევ შეიძლება არ იყოს გასაკვირი, მაგრამ მსგავსი მოწოდებები ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც გვსმენია. ვერ დავიჯერებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები ამას თავ-თავიანთ მოკავშირე-მფარველ-დამფინანსებლების გარკვეულ ნაწილთან შეუთანხმებლად აკეთებდნენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაფიქრებინებს,­ რომ დასავლურ სამყაროში არსებობენ ძალები, რომლებსაც შესაძლოა სრულიად სხვა პრაგმატული მიზეზების გამო აწყობთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და არ იციან, ან არ ადარდებთ, რომ ეს შეიძლება ქართველებისათვის ისტორიის დასასრული აღმოჩნდეს. ასეთი ძალები რუსეთშიც არსებობენ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამ საფრთხის აცილებაზე აკეთებდა აქცენტს.

- მთავარ პრობლემად დეპოლარიზაცია მიიჩნევა. სად ხედავთ გამოსავალს?..

- დღეს ქვეყანაში გამართულია რაციონალურ მსჯელობას მოკლებული, სრულიად ოდიოზური დისკუსია, თუ რას უნდა ნიშნავდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში ჩაწერილი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ. ჭარბობს დემაგოგია, ჩლუნგი სიჯიუტე, პოლიტიკური ინფანტილიზმი. ზოგს პანაცეად მიაჩნია მიტინგზე ბღავილით შემთხვევით შერჩეული (და არა არჩეული) დროებითი, ტექნიკური, კოალიციური, რევოლუციური თუ ეშმაკმა იცის კიდევ როგორი მთავრობა. მთელ ამ ფსევდოპოლიტიკური ბნელმეტყველებიდან რთულია სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან მიახლოებული ფრაზის ამოკითხვა. მე მგონი, ჩვენს სახელოვან პოლიტიკურ სპექტრს დეპოლიტიზაცია ესმის, როგორც ერთი პოლიტიკური ძალის სრული დომინირება და დანარჩენების გაქრობა, ქვეყნიდან განდევნა ან დაპატიმრება. ეს მკაფიოდ ისმის როგორც რადიკალური ოპოზიციისა და მათი დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ხმამაღალ განცხადებებში, ისე მმართველი ძალის მხარდამჭერთა ქვეტექსტებშიც. ოპონენტის ტოტალური მიუღებლობა, კომპრომისის გამორიცხვა, ერთმანეთის განადგურების ღიად დეკლარირებული სურვილი და ქმედებები, რომელიც არაკონსტიტუციური გზით სრული და განუყოფელი ძალაუფლების მოპოვების მცდელობას წარმოადგენს, არ არის დასავლური მენტალობა და პრაქტიკა. აქ გადის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება, რათა მთლიანად სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები არ დაზიანდეს. ჩვენთან კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ. ჩემი აზრით, რეკომენდაციებში ნახსენები ტერმინი "დეპოლარიზაცია" ძალიან რბილად და დიპლომატიურადაა­ ნათქვამი, რელურად კი საქართველოში (განსაკუთრებით ტელემედიის მიერ შექმნილ ვირტუალურ სივრცეში) ცივი სამოქალაქო ომის ვითარებაა და ვერავინ აკეთებს­ პროგნოზს, მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება. სხვათა შორის, საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც უკომპრომისობა პოლიტიკოსის ღირსებად, შეთანხმების მცდელობა კი ღალატად ითვლება. ეს სიგიჟე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯებიდან წყევლასავით მოჰყვება ქართულ რეალობას. ამგვარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცნობიერების მქონე ქვეყანას რა ესაქმება ევროკავშირში?!

და მაინც, რა უნდა ვიგულისხმოთ ამ ყბადაღებულ "დეპოლარიზაციაში"? ბოლოს და ბოლოს, რას გვთხოვენ ევროპელები? ჩემი აზრით, გვთხოვენ სწორედ ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც შესაძლებელს გახდის ადამიანთა თანაცხოვრებას ერთ სახელმწიფოში და შეთანხმებას ქვეყნისთვის უმთავრეს, ეგზისტენციალურ საკითხებზე. ამერიკის ელჩის განცხადებაშიც მკაფიოდაა ნათქვამი: "საქართველოს მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაში,­ ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაში". უფრო მძაფრადაც შეიძლებოდა თქმა. ეს დაბალი პოლიტიკური კულტურიდან იღებს სათავეს.

მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს პოლიტიკური კულტურა, თუკი ზოგადად კულტურა ჩვენ ლამის მხოლოდ მასების გართობის საშუალება გვგონია, თუკი 30 წელია ვანგრევთ და ვსპობთ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კერებს, ამწუთიერი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვლანძღავთ და ვდევნით გამორჩეული ნიჭისა და დამსახურების მქონე ადამიანებს, ამის საპირწონედ კი უღირსებო ხალხის გამალებულ ტირაჟირებასა და პოპულარიზაციას ვეწევით? ჩვენ ამას ვაკეთებთ ხან ნაციონალისტური, ხან ფსევდოლიბერალური, ხან ფსევდოკონსერვატიული, ჯამში კი ფსევდოევროპული ფასეულობებისა და პროგრესის სახელით. ამ ეროვნულ თვითმკვლელობაში ჩართული არიან პოლიტიკური პარტიები, მათი ე.წ. ახალგაზრდული ფრთები, პარტიული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული პოლიტჯგუფები და აგრეთვე ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც თავის სიცოცხლეში არც ერთი სერიოზული კვლევა ან მონოგრაფია არ დაუდვიათ მაგიდაზე. ამ მერკანტილური, ძალაუფლებისა და მატერიალური სარგებლის მოხვეჭის მანიით შეპყრობილი, თანაც, როგორც წესი, გაუნათლებელი, მაგრამ უკიდურესად თავხედი ადამიანების არმიები წლიდან წლამდე იზრდება.

ამის საპირისპიროდ ვიღაცა მეტყვის, რომ საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების ნაკადი, ქართული ღვინის ექსპორტი, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი და ე.ი. მატერიალური კეთილდღეობაც. შესაძლოა ეს ასეც არის, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების, შიდა და გარე გამოწვევების მიმართ მდგრადობის თვალსაზრისით ეს არასაკმარისი მგონია. პანდემიამ ნათლად დაგვანახა,­ რომ ეკონომიკის ეს სეგმენტები მოკლე დროში სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა. აი, სწორედ ასეთი პარალიჩია მოსალოდნელი ნებისმიერი მასშტაბის შიდა არეულობის, დესტაბილიზაციის ან ომის შემთხვევაშიც.

ქვეყანაში არსებული აზროვნების დეფიციტი ვლინდება პრაქტიკულად ნებისმიერ სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, პარტიულ თუ საყოფაცხოვრებო დონეზე. ამისი შედეგი მგონია ჯანსაღი დისკუსიის შეუძლებლობა პარტიებს, სახელისუფლებო შტოებს, პარტიულ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო სექტორსა და დანარჩენ მოსახლეობას, უბრალოდ "ფეისბუკის" მომხმარებელ ადამიანებს შორის. პოლიტიკური სიმწიფის საზომად უკიდურესი რადიკალურობა, კომპრომისის არდაშვება ითვლება.

მეჩვენება, რომ მეცნიერების მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საქმეში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია გააზრებული. პირდაპირი შეტევა ამ მიმართულებით კახა ბენდუქიძის დროს დაიწყო. მისი ლოგიკა მარტივი იყო - რა საჭიროა ფულის ხარჯვა კვლევით დაწესებულებებზე, იქ მომუშავე ათასობით ადამიანზე, თუკი საქართველოს მსგავსი განუვითარებელი ეკონომიკის პირობებში ეს კვლევები ხელშესახებ მატერიალურ სარგებელს ვერ მოიტანს? რა საჭიროა უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში ასეთი მოცულობით იყოს შეტანილი ფუნდამენტური მეცნიერებების კურსები, როდესაც საქართველოს ეკონომიკას ასეთი სპეციალისტების დასაქმება არც შეუძლია და არც სჭირდება? თუკი ფუნდამენტური დისციპლინების შესწავლა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, მაშინ რა საჭიროა საუნივერსიტეტო მეცნიერების დაფინანსება, კვლევით საქმიანობაში სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართვა და ა.შ., მათ ხომ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო პრობლემატიკაზე?

ბანალური ჭშმარიტებაა, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მეცნიერება და, შესაბამისად, მეცნიერული აზროვნება, იქ ზედმეტია ლაპარაკი აზროვნების კულტურაზე; თუკი არ არსებობს აზროვნების კულტურა, იქ შეუძლებელია არსებობდეს განათლებაც, რადგან აღარ არსებობს ხალხი, ვინც აღზრდის და აზროვნებას დააწყებინებს სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლებს.

- 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საქართველოს ვადა 2023 წლის ბოლომდე მისცეს. როგორ ფიქრობთ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად რატომ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

- ვფიქრობ, დიდი უსამართლობაა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და დსთ-ის წევრი მოლდოვისთვის, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევით კორუფციის დონე "შემაშფოთებლად მაღალია", მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი კი პრორუსულად არის განწყობილი, ამ სტატუსის მინიჭება. ამან ძალიან შეურაცხყო და გაანაწყენა ქართველები. ვფიქრობ, უარის რეალური მიზეზი საქართველოში დემოკრატიის ხარვეზები კი არა, გეოპოლიტიკური ფაქტორებია, თუმცა ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარში გაიელვა მოსაზრებამ, რომ გეოგრაფიულად ძალიან დაშორებული ქვეყნის დაჩქარებული ევროინტეგრაცია, შექმნილ პირობებში პრობლემატური იქნება. ევროკავშირისთვის უპირველესი საზრუნავი მისი უშუალო მეზობლების - უკრაინისა და მოლდოვის - დახმარება ისედაც დიდი თავსატეხი, ეკონომიკური პრობლემა და ფინანსური ზარალია. საქართველო კი უნდა მოემზადოს დემოკრატიის ტესტის ჩასაბარებლად. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მარცხის შემთხვევაში საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაგრძელდება, შესაძლოა დაჩქარდეს კიდევაც. მაგრამ გამარჯვებულ ზელენსკის გუნდთან ურთიერთობა კიდევ უფრო რთული იქნება. ვინმეს უფიქრია, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში? უმსჯელია დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველოსთვის ნეგატიური შედეგების პრევენციაზე და უკრაინის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე? ავიღოთ სხვა მოცემულობა: რა მოხდება, თუკი, ღმერთმა დაიფაროს და უკრაინამ მარცხი განიცადა? ვის შეუძლია ამიხსნას, როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ? როგორ პოლიტიკას გაატარებს ევროკავშირი კავკასიაში, რამდენად ექნება სურვილი და შესაძლებლობა დახმარების ხელი გამოუწოდოს "2000 კილომეტრით მის საზღვრებს დაცილებულ" (ემანუელ მაკრონის სიტყვებია) საქართველოს?

ჩვენ ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებო­ბდეს კვლევითი ცენტრები, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ მოსალოდნელ რეგიონულ თუ გლობალურ სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საფრთხეებზე, არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე, კვალიფიციური ანალიზის საფუძველზე ადგენდნენ საერთაშორისო ვითარების გართულების შესაძლო სცენარებს.

რეალური პოლიტიკა ამ ცოდნას, დასაბუთებულ პროგნოზებსა და რეკომენდაციებს უნდა ეყრდნობოდეს; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული პოლიტიკური პროცესი, სიღრმისეული დისკუსია კარდინალურ საკითხებზე და არა უაზრო, გულისამრევი, ყველაფრის გამანადგურებელი ბრძოლა ხელისუფლებისათვის.