"არ მჯერა, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს“ - კვირის პალიტრა

"არ მჯერა, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს“

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას, რომ მავანნი "ნაციონალებში" განხეთქილების შეტანას ცდილობენ. "როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი... ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას", - ნათქვამია ნიკა მელიას წერილში. რა პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ახლა "ნაცმოძრაობაში" და ნამდვილად აღარ არის თუ არა სააკაშვილის ინტერესის საგანი ქართული პოლიტიკა, ამის შესახებ ხათუნა ხოფერია გვესაუბრება:

- "ნაცმოძრაობა" აღარ არსებობს. რაც მალე გაითავისებენ ამას, მით უკეთესი. 3 ივლისს "ნაციონალებმა" დაასრულეს არსებობა. სააკაშვილი, როგორც ლიდერი, აღარ განიხილება. "ნაციონალების" მხარდამჭერთა 99% სააკაშვილის ფანი იყო. დღეს ეს პოლიტიკური ძალა მელიასა და ცისკარიშვილის ამარაა დარჩენილი, რომლებიც ტყუილად დარბიან ამერიკაში და ვიღაცებს რაღაცებს სთხოვენ. მოვიდა დრო, დავასრულოთ "ნაცმოძრაობასა" და მიშაზე საუბარი. მიშა იქ არის, სადაც უნდა იყოს.

- გჯერათ, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს?

- ძნელი დასაჯერებელია. მას დაემართა ის, რაც ხშირად ემართებათ არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც - შექმნა თავისი ვირტუალური სამყარო და იქ ცხოვრობს, სხვა რეალობას არ აღიარებს. ალბათ, გახსოვთ მისი დიაგნოზი, ქალბატონი გიულიც ამბობდა, რომ ადაპტირებას ვერ ახდენს. მიშა დღესვე რომ გამოუშვა ციხიდან და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაუშვა, ვერსად ვერ მოახერხებს ადაპტირებას. იმიტომ, რომ თავისივე ვირტუალური სამყაროს ტყვეა, სადაც ის პრეზიდენტიც არის, გმირიც და ქვეყნის აღმშენებელიც.

- თქვენი აზრით, რა ხდება ახლა "ნაცმოძრაობაში", რას ცდილობს ახლა მელია?

- მელიამ თავისი როლი შეასრულა მაშინ, როცა ამერიკიდან დაბრუნდა, დაიწყო წმენდა და ძველი ბირთვის ახალგაზრდა კადრებით ჩანაცვლება სცადა. ამის გამო დაისაჯა და წინა პლანზე ისევ ძველი კადრები წამოვიდნენ, ბერკეტები ისევ მიშას კადრებმა აიღეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლეს გუნდის შენარჩუნება. ფინანსები აღარ აქვთ, 3 ივლისს ძალიან ბევრი ფული დახარჯეს უმიზნოდ. საქართველოში დახარჯულ ამერიკულ ფულზე ერთი საგულისხმო რამის თქმა მინდა - ელჩი დეგნანი ქართველ ხალხს ტყუილად აყვედრის 30 წლის განმავლობაში დახარჯულ 6 მილიარდს. ჯერ ერთი, 6 მილიარდი 30 წლის განმავლობაში არაფერია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზელენსკის მხოლოდ ერთ ტრანშზე 40 მილიარდი გაუგზავნეს, მაგრამ ისიც გასარკვევია, სად და რაში დაიხარჯა 6 მილიარდი.

- თქვენ როგორ გგონიათ?

- დიდი ნაწილი ენჯეოებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე დაიხარჯა. კარგი იქნება, ამ საკითხზე თუ გამოიკითხება გიგა ბოკერია, ზოგიერთი ჟურნალისტი და ა.შ. ამ ხელისუფლების პირობებში ახალი ენჯეო არ შექმნილა.

- 3 ივლისთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლიათ?

- ფული დაიხარჯა თვალსაჩინოებებზე - დროშებზე, ეკრანებზე, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვან ტრანსპორტში, ალბათ, ნაწილი ჯიბეშიც ჩაიდეს, ან თავიანთ ტელევიზიებს დაურიგეს. ფაქტი ერთია - ფული დახარჯეს და ხალხი ვერ გამოიყვანეს. ისე, მე ის უფრო მაინტერესებს, ელენე ხოშტარიას რა ფული ერიცხებოდა. ორ თვეში 150.000 დოლარი საიდან?! ამხელა ჰონორარი რომ საავტორო უფლებისთვის მიიღეს, ეს ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ.

- თუ ხოშტარია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწეოდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა?

- ჯერ ამისთვის არავის სცალია. ახლა უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, მსოფლიო ებრძვის ივანიშვილს და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში დაიწყოს ომი. მე ის მაინტერესებს, რატომ იცრუა ამერიკის ელჩმა, როდესაც თქვა, სამი წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ ივანიშვილსო.

- მან თქვა: "მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია"...

- მე ვიცი, რომ დეგნანმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ 3 საათის განმავლობაში რაღაც ისეთ საკითხზე ესაუბრებოდა, რაც საქართველოს ომში ჩართვას არ ეხებოდა. მაშინ გამცენ პასუხი, ამ შეხვედრის დადასტურების შემდეგ გახარიამ, შემდეგ მელიამ რატომ ახსენეს სიტყვა "ვაჭრობა"? რის ყიდვა-გაყიდვაზე იყო საუბარი?

- თქვენი ვერსიით, რაზე იყო?

- კელი დეგნანი ზეწოლას ახდენდა ბიძინა ივანიშვილზე.

- რა ზეწოლა უნდა მოეხდინა, თუ ის პოლიტიკიდან წასულია და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ ახდენს?

- მეც ეგ მაინტერესებს, რა საკითხზე ელაპარაკებოდა 21 მარტს კელი დეგნანი ივანიშვილს. ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი ვერ ასახელებენ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ჩაერია, ისევე როგორც არ არსებობს მისი რუსეთთან კავშირის არგუმენტი. დეგნანი შეკითხვებზე პირდაპირ პასუხებს არ იძლევა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი რამ აქვს დასამალი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.

- ვისთვის, ჩვენთვის თუ ამერიკისთვის?

- დეგნანისთვის, რომელიც ძალიან ცუდად გაეჩხირა საქართველოს შიდა საქმეებში, "ნაციონალების" ჩვეულებრივი აქტივისტი გახდა და თქვენ გინდათ ის ამერიკის სახელმწიფოსთან გავაიგივო?! მე მომისმენია ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები, რომ საქართველო იმსახურებს დაფასებას და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. ასევე ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი დგას ჩვენი ხელისუფლების გვერდით.

- სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს­სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დეგნანს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა­ აქვს და თავდასხმები დეგნანზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.

- ამერიკაში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს და შიდაპოლიტიკურ სტრუქტურებში ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი პოზიციაა. ათობით სენატორი, კონგრესმენი, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, ნატოს გენერლები საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას უჭერენ მხარს.

ხათუნა ბახტურიძე