„ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ“

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობას­ მოუწოდებს განიხილოს მისი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე მორატორიუმს ეხება და ჯერ კიდევ 19 აპრილს შეიტანა პარლამენტში. ანა დოლიძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე რეალურად დგას, მაგრამ სახელმწიფო ამას არ იმჩნევს. ამის დასტურად ასახელებს ბლუმბერგის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ საქართველოში 135 ათასი რუსი შემოვიდა. ბლუმბერგის ცნობით, 2022 წლის მარტი-ივნისის ჯამური მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლიურად 355%-ით, 299 094-მდე გაიზარდა. ამასთან, უცნობია, რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლით შეუძლიათ. ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაახლა მიგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი, თუმცა რუსეთთან უვიზო რეჟიმი არ შეცვლილა. კონკრეტული ვადითა და უვიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში დარჩენის შესაძლებლობის გარდა, არსებობს ბინადრობის ნებართვის რამდენიმე სახე - რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბინადრობის უფლების კონკრეტული სახეობის მიღების შესაძლებლობა. 2021 წლის 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც "არამეგობრული ქვეყნების" საელჩოებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების დასაქმება თავიანთ დიპლომატიურ მისიებში მოსკოვში. მიმდინარე წლის მარტში, რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებისა და ტერიტორიების კიდევ ერთი სია გამოსცა, სადაც 48 ქვეყანა შეიყვანა, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა.

- რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, ვფიქრობთ, მათი ტურისტებად შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკას სასიკეთოდ წაადგება. ჩვენს პარტიას ცალსახად აქვს გამოცხადებული, რომ პრეტენზიები არ შეიძლება გვქონდეს რუსეთის რიგით მოქალაქესთან, ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსულ ხელისუფლებასა და რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საოკუპაციო კანონს არღვევენ. რუსული ტურისტული კომპანიები არა, მაგრამ რუსების ეკონომიკური აქტიურობა, მათ მიერ ბიზნესების დარეგისტრირება და უძრავი ქონების შეძენა ნამდვილად პრობლემაა. სტატისტიკის სამსახურის დათვლით, ამ წლის გაზაფხულისთვის რუსებს უკვე შეძენილი ჰქონდათ 24 000 ერთეული უძრავი ქონება. ჩვენ ეს ინფორმაცია შსს-დან და სტატისტიკის სამსახურიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. სხვათა შორის, ინფორმაციის მოწოდებას თვეობით აგვიანებენ, მიზეზად კი ასახელებენ, რომ დამუშავებული არა აქვთ. რა შეიძლება ვიფიქროთ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რამე კეთდება?

- რა საფრთხეს ხედავთ იმაში, რომ რუსები უძრავ ქონებას ყიდულობენ?

- თქვენ ხომ იცით, რისთვის შეიჭრა რუსეთი ყირიმში? შემთხვევით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვის საბაბით ხომ არა?! აუცილებელია გამკაცრდეს ბინადრობის მოპოვება, რაც უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება. ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ. მთავარი ის კი არ არის, ჩვენ რა დასკვნებს გავაკეთებთ, მთავარია, სახელმწიფომ გვითხრას, რა კეთდება საფრთხეების პრევენციისთვის, მაგრამ რომ არ გვეუბნება?! ჩვენ ისიც კი არ ვიცით, საერთოდ ფიქრობს თუ არა სახელმწიფო ამაზე. სამი თვის წინ მივმართე პარლამენტს, რომ რუსებისთვის ქონების შეძენაზე მორატორიუმი გამოეცხადებინა და ბინადრობის მოპოვება გაემკაცრებინა. დღემდე არა მაქვს პასუხი არაფერზე! ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეაჩერეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, სასწავლო ვიზების გაცემაც შეზღუდეს. ესე იგი, ნატოს წვერი ქვეყნებიც კი იაზრებენ საფრთხეს, რომელიც მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნების წინაშე დგას. ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც ამერიკა და კანადაა, ახერხებენ დიდი ემიგრაციის ათვისებას, ჩვენი ქვეყანა კი ამისთვის მზად არ არის და რაც მთავარია, არც ვემზადებით.

ჩვენ არა გვაქვს სამუშაო ნებართვების გაცემის პოლიტიკა, არც ემიგრაციის პოლიტიკა, იყიდი ბინას და მორჩა, ბინადრობა გვაქვს, კაციშვილი არ გკითხავს, ვინ ხარ და რა გინდა... როდესაც საქართველოში შუქი, გაზი და წყალი არ იყო, აქ ცხოვრება არავის უნდოდა. დღეს რეალობა რადიკალურად შეცვლილია, ძალიან დიდი მოთხოვნაა უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, არ შეიძლება ბინადრობის მოწმობა მხოლოდ იმიტომ გასცე, რომ ბინას 100.000 დოლარად ყიდულობენ. საშუალო კლასის რუსისთვის, მით უფრო თუ მის უკან სახელმწიფო დგას, 100.000 დოლარი არაფერია. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვება ძალიან ძნელია. ამას გარდა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში დასაქმებაში პრივილეგიები აქვთ ადგილობრივებს. არც ეს წესია გათვალისწინებული საქართველოში. რა აზრი აქვს სამუშაო ადგილების შექმნას, თუ საკუთარ მოქალაქეებს ვერ დავასაქმებთ?! აბა, წადით, დასაქმდით საფრანგეთში. იქ და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ემიგრანტებს ისეთ სამსახურებში ასაქმებენ, რომლებითაც დიდად დაინტერესებული არ არის მკვიდრი მოსახლეობა. სერიოზული საფიქრალია საემიგრაციო პოლიტიკა. ნუ ვაქცევთ ჩვენს სახელმწიფოს ნინიას ბაღად ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

- რატომ არ განიხილავს პარლამენტი თქვენს კანონპროექტს, რომელიც ბინადრობის გამკაცრებას შეეხება?

- საოცრება ხდება. პირველ ჯერზე­ გამოგვიგზავნეს წერილი, რომლითაც განხილვის ივნისამდე გადადებას გვთხოვდნენ. ივნისის შემდეგ ხმას აღარ გვცემენ,­ არც დასკვნა, არც განხილვა, არადა, დასკვნისთვის მოითხოვეს 30 დღე. "ოცნებას" ნუ ექნება იმედი, რომ ამ საქმეს შევეშვები. ამ ინიციატივას ათიათასობით ადამიანი უმაგრებს ზურგს. ძალიან ცოტა საკითხს თუ აქვს ასეთი მხარდაჭერა.

- თქვენ კი ამბობთ, რომ რუსი ტურისტები არ არის პრობლემა, მაგრამ საპროტესტო აქცია ჩაატარეთ ლარსის გამშვებ პუნქტთან და იქ სწორედ რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით შემოდინება გააპროტესტეთ.

- დიახ, მაგრამ ამ აქციის არსი ის იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით­ რუსი შემოდის, სახელმწიფო კი ამას ყურადღებას არ აქცევს. მხოლოდ ლარსზე­ გამართული აქციით არ დასრულებულა ყველაფერი, მალე პარლამენტთანაც მივალთ. მე ისიც მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა დღეს კანონი "ოკუპაციის შესახებ" და ამოწმებენ თუ არა ლარსზე გადმოსულ რუსებს, არიან თუ არა ნამყოფი ისინი აფხაზეთში. მე პოლიტიკოსი ვარ, პარტიის თავმჯდომარე, და არ ვიცი! რატომ არ ვიცი?! არ მეუბნებიან და იმიტომ! გვიმალავენ რამეს?­ იქნებ ეკონომიკური ოკუპაციისთვის გვამზადებენ?!

- თქვენც ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" შესაძლოა პრორუსული ძალაა?

- ჩემი აზრით, არც პრორუსულია და არც პროდასავლური. მე მათ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვის კომპანია დავარქვი. თქვენ იცით, რომ იყო დრო, როდესაც ამ ხელისუფლებასთან მე ვთანამშრომლობდი, კერძოდ, ამერიკასთან სტრატეგიულ მოლაპარაკებებში. ვიცი, სინამდვილეში რაც არიან. სჭირდებოდათ? იყვნენ ამერიკის მეგობრები. დასჭირდებათ? სხვა ალიანსებში იქნებიან. დღეს ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ ალიანსში არიან. სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ბოლოდროინდელი განცხადებები.

- რატომ უნდა შედიოდეს ივანიშვილის ინტერესებში ანტიდასავლურ ალიანსში­ ყოფნა, როდესაც მისი აქტივები მთლიანად დასავლეთშია და მისი შვილებიც იქ ცხოვრობენ?

- ჩემი შეხედულებით, ივანიშვილმა მიიღო სიგნალები, რომ დეოლიგარქიზაციაში უნდა მოყოლილიყო. "ქართული ოცნება" მზად არის საკუთარი ინტერესებისთვის ცეცხლი გაუხსნას ყველას, მათ შორის ამერიკის ელჩს. ასეთი ანტიდასავლური განცხადებები მაშინაც კი არ კეთდებოდა, როდესაც საქართველო დსთ-ში შევიდა. ქართველმა ხალხმა უკვე ნახა ვიზალიბერალიზაციის სიკეთე, ის მაინც იცის ყოველმა ჩვენგანმა, რომ მილანი და პარიზი სჯობს უფას და კრასნოდარს...

- ქართული პოლიტიკური სპექტრი დღემდე ვერ ახერხებს ერთობლივ მუშაობას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი შედარებით ადვილად მოიძებნებოდა, "ნაცმოძრაობა" ერთი-ორი ლიდერის, უფრო სწორად, სააკაშვილის ჭკუაზე რომ არ დადიოდეს.

- სააკაშვილმა თქვა, რომ ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს?

- სააკაშვილს კვირაში ცხრა პარასკევი აქვს, ხან უკრაინულად მღერის და ხან ქართულად... პარტიას ხომ ის მართავს?!­ ასე რომ არ იყოს, პარტია მოუსმენდა ქართველ ხალხს, დასავლელ პარტნიორებს და მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებებს.

- მთელ ამ ამბავში პრობლემა მხოლოდ "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილია?

- მე ამჯერად ოპოზიციის ნაკლოვანებაზე ვისაუბრე, თორემ პასუხისმგებლობის დიდი წილი ხელისუფლებაზე მოდის. ერთი თვე გავიდა, რაც ევროკავშირმა რეკომენდაციები გამოგვიგზავნა და ერთი კანონი არ მიუღიათ, ერთი მუხლი არ დაუწერიათ.

- ოპოზიციას შეეძლო "ქართული ოცნება" იძულებული გაეხადა სამუშაო პროცესში უფრო აქტიური ყოფილიყო?

- შეეძლო კი არა, შეუძლია! დადონ კანონპროექტები და უთხრან ხელისუფლებას, აჰა, თქვენ და მიიღეთო!

- მერედა "ქართული ოცნება" მიიღებს?

- ყოველ შემთხვევაში, სათქმელი ექნებათ, დავუწერეთ კანონი და არ მიიღესო, მაგრამ არა, ისეთი რაღაც უნდა გააკეთონ, რომ "ოცნების" წისქვილზე დაასხან წყალი. "ნაცმოძრაობა" "ოცნების" მეხამრიდია. თავის მხრივ, "ნაცმოძრაობას" აცოცხლებს "ოცნება". ორივე გასაგდებია ქართული პოლიტიკური სივრციდან. ერთ მაგალითს მოგიყვანთ ბიჭვინთის საკითხზე. პირველად მე გავაკეთე განცხადება, ტელეგადაცემაშიც ვისაუბრე, საგაზეთო სტატიაშიც განვიხილე, ნიუსიც გავაკეთე, მაგრამ გამოხმაურება იყო ნული. როგორც კი "ნაცმოძრაობამ" ხმა ამოიღო, მაშინვე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი.

- პრემიერმა პოლიტიკურ სპექტრს ურჩია ზედმეტი ხმაური არ აეტეხათ ამ საქმეზე.

- ეს იყო კაპიტულანტური განცხადება! საერთაშორისო სამართალი გვეუბნება­, რომ ახალი ნორმა არ დამკვიდრდება, თუ რომელიმე ქვეყანა საკითხს მუდმივად აპროტესტებს. ჩვენ ამიტომ ვიღებთ მუდმივად გაეროს დეკლარაციებს. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ საპროტესტო ნოტებს არ გზავნის და განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთს ლეგალურად გაუფორმდეს ბიჭვინთა.

ხათუნა ბახტურიძე