"როდესაც ჩემი შვილები­ იძინებენ, უნდა ჩამოვიარო და ყველას სუნთქვას მოვუსმინო" - თევზაძეების რვა ანგელოზი - კვირის პალიტრა

"როდესაც ჩემი შვილები­ იძინებენ, უნდა ჩამოვიარო და ყველას სუნთქვას მოვუსმინო" - თევზაძეების რვა ანგელოზი

"რას ამბობ, მეტს როგორ გავაჩენ! რომ გავაჩინო, რა ვაჭამო?! ერთი მყავს და ისიც ძლივს გავზარდე!" - ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ახალგაზრდა დედებისგან. იქნებ თავადაც ხშირად წარმოგვითქვამს ასეთი "გულმხურვალე" მონოლოგი, ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოგვიჩენია, რომ ცხოვრების ბედნიერება სწორედ მრავალი შვილი ყოფილა, მაგრამ უკვე გვიან არის. დიახ, მართლაც ასეა: იმ მრავალშვილიან ოჯახში, სადაც სხვისი დახმარების იმედით არ ცხოვრობენ, მართლაც არის დიდი ბედნიერება, უპირველესად ერთმანეთზე ზრუნვისა და სიყვარულის გამო. მრავალშვილიან ოჯახებში უფრო მეტად გრძნობენ იმ შეუცნობელ დახმარებას, რომელსაც ღვთის შეწევნას ვეძახით და ყველაზე უიმედო მდგომარეობაში ყოველი ჩვენგანიც მიენდობა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ფიქრია თევზაძის რვაშვილიან ოჯახში, სადაც მხოლოდ ფიქრიას მეუღლე მუშაობს, სწორედ ასეა. თავად ფიქრიასთვის თავის დროზე სწორედ დედისერთობა იყო სატკივარი - გოგონა ადრე დაობლდა. იქნებ მარტოობის ჯიბრმაც უბიძგა გოგონას 8 ანგელოზის დედობისკენ:

ფიქრია თევზაძე: - როდესაც მეკითხებიან, რვა შვილს როგორ ზრდი, თანაც ამ დროშიო, ერთსა და იმავეს ვპასუხობ - რვა შვილს მართლაც რვაჯერ მეტი დარდი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, განუზომელი ბედნიერება მოაქვს, ამიტომ პრობლემებზე ფიქრიც არ ღირს-მეთქი.

მამა სულ პატარას გარდამეცვალა, დედა კი 10 წლისას მომიკვდა. ბიძა და ბებია მზრდიდნენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის, მაგრამ ობლობის დარდი არ მშორდებოდა, ღამითაც კი მაღვიძებდა დედის მონატრება. და-ძმა რომ მყოლოდა, ამ ტკივილს ხომ უფრო იოლად გადავიტანდი? შესაძლებელია ჩემს მრავალშვილიანობაში ამ განცდამაც ითამაშა როლი. იმდენად მინდოდა, ჩემი შვილები მარტო არ ყოფილიყვნენ და ერთმანეთი ჰყოლოდათ, რომ ერთსა და ორზე ვერ შევჩერდებოდი.

უფროსი გოგონები უკვე 22 და 19 წლისანი არიან. მთელი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად მეხმარებიან, მაგრამ ვცდილობ ძალიან არ დავტვირთო, მაშინაც კი, როცა უმცროსები ავადმყოფობენ ხოლმე. ბავშვების ავად ყოფნა სულაც არ არის ჩვენთვის ადვილი - ხანდახან უმცროსებს ვირუსი შეუტევს, ხშირად მაღალი ტემპერატურა აქვთ. ამ დროს თუ ერთი ბავშვი აიყვანე, მეორე ფეხებზე გეხვევა, მეც ამიყვანეო. ამიტომ ხშირად ორი ბავშვი საათობით მყავს ხელში. მახსოვს, წლების წინ უდიდესი ნატვრა მქონდა, ვინმეს ბავშვი გამოერთმია და თუნდაც 10 წუთით დამეძინა, ახლა შევეჩვიე.

bavshvebi2-1659267191.jpg

- ალბათ, მეუღლე გეხმარებათ, თორემ 8 შვილს სრულფასოვნად ვერ გაზრდიდით.

- საბედნიეროდ, ისეთი მამაა, შვილებისთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებს­. თუმცა ზოგჯერ ღამით მისი გაღვიძება მენანება. ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს და თანაც ფიზიკურად. შინ იმდენად დაქანცული მოდის, ღამეც თუ გავათენებინეთ, მეორე დღეს ფეხზეც ვეღარ დადგება.

- რა პროფესიის მეუღლე გყავთ, როგორ უზრუნველყოფს ამხელა ოჯახს?

- ავეჯს აკეთებს, შეკვეთა ბევრია, ამიტომ ხშირად შინ გვიან ბრუნდება. ალბათ, იმასაც გააჩნია, უზრუნველყოფად რას ჩავთვლით. ჩემთვის უზრუნველყოფაა თავზე ჭერი, კვება, სამოსი, განათლება - რასაც მუხლჩაუხრელი შრომით ვახერხებთ.

- საუკეთესო საქმე ჰქონია, ცოდნა, რომელსაც ვერავინ წაართმევს. თანამდებობის პირები კი დღეს არიან თანამდებობაზე და ხვალ აღარ იქნებიან. ცხადია, შვილები მასაც დიდ ენერგიას აძლევენ, თორემ ამხელა ოჯახის შენახვა არ არის იოლი.

- ასეა. ძალაზე უპირატესი, ალბათ, იმის რწმენაა, რომ შრომით ყველაფერს შეძლებ და ამაში უფალი დაგეხმარება. ასე არ არის?! როდესაც გწამს, რომ წყლის ზედაპირზე გაივლი, გააკეთებ უფლის დახმარებით. მესამე შვილის შემდეგ ურთულესი მშობიარობები მქონდა. ექიმები მაფრთხილებდნენ, შემდეგი აღარ გააჩინო, თორემ სიცოცხლის შენარჩუნების რისკი გაქვსო, მაგრამ იმდენად მწამდა, რომ ღმერთი ჩემსავით ჩემს შვილებს არ დააობლებდა, ყოველ ჯერზე ვრისკავდი. სულ უმცროსი სერაფიმეს დაბადების შემდეგ 9 თვის განმავლობაში მართლაც ვებრძოდი სიკვდილს, სამაგიეროდ, დღეს ჩემი პატარა სერაფიმე მყავს. მასზე როგორ უნდა მეთქვა უარი?! სხვა დიდი განსაცდელიც გვქონია, მაგრამ უფალი შეგვწევნია და გადავურჩენივართ. მაგალითად, როდესაც ჩემს სამ უმცროსს ტონზილიტის (გლანდების) ოპერაცია ერთდროულად გავუკეთე, მაშინ მათგან ერთ-ერთი ხელიდან კინაღამ გამომეცალა - მერვე დღეს ყელში ჭრილობა გაეხსნა და სისხლდენა დაეწყო. ისიც ღვთის მფარველობა მგონია, როდესაც იმ დღეს ჩემი მეუღლე მანქანას გიჟივით მიაქროლებდა კლინიკისაკენ და არც არავინ გაგვაჩერა, არც არავინ დაგვეჯახა. ეს ხომ სასწაულია, სხვა დროს ასეთ შემთხვევაში ავტოკატასტროფას ვერ გადავურჩებოდით.

bavshvebi3-1659267191.jpg

- ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგ სისხლდენა არაერთხელ საბედისწეროდ დასრულებულა. მით უფრო, თუ ღამით დაეწყო, მშობლებს სძინავთ და ბავშვი ძილში იცლება სისხლისაგან.

- ჩვევად მაქვს, როდესაც ჩემი შვილები­ იძინებენ, უნდა ჩამოვიარო და ყველას სუნთქვას მოვუსმინო. სწორედ სუნთქვით ვატყობ, ჩემს შვილებს რამე თუ უჭირთ. ძილშიც კი ვგრძნობ ჩემი შვილების სუნთქვის შეცვლას. ჩემს პატარას ეს გასაჭირი სწორედ სუნთქვის რიტმის შეცვლაზე შევატყვე. მალე სისხლის ღებინება დაეწყო, მაგრამ ამ დროს უკვე კლინიკაში მიგვყავდა.

- უფროსი შვილები რას საქმიანობენ?

- სულ უფროსი გოგონა მომავალი ექიმია, მეორე კი მოდელი, წელს ეროვნული გამოცდებიც ჩააბარა. შვილების განათლება ჩემთვის სასიცოცხლო თემაა. ჩემი ოჯახის მომდევნო სასწაული კი ის არის, რომ ამას ვახერხებ. ახლა ჩემს მეუღლეს იმდენი შემოსავალი აქვს, რომ ბავშვები დამატებით დაგვყავს მასწავლებლებთან თუ სტუდიებში. Yყველა კარგად სწავლობს.

- არადა, პატარა ბინა გაქვთ.

- კი, 60 კვადრატულ მეტრში ათი სული ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვწუწუნებთ. ადგილის "ეკონომიას" ორსართულიანი საწოლებით ვახერხებთ. ბინის სიმცირეს არც მივიჩნევ პრობლემად, დარწმუნებული ვარ, ესეც აუცილებლად გვექნება.

- რაში არა ხართ დარწმუნებული, რა გაშინებთ ყველაზე მეტად?

- მაშინებს, როგორ გაჭრის ჩემი სიტყვა შვილების გარდატეხის, თინეიჯერობის ასაკში. ყველაზე რთული ის არის, რომ ბავშვი გზიდან აცდენისაგან იხსნა. ამ დროს მეგობრების უფრო სჯერათ, ვიდრე მშობლის. შეიძლება ეს იმიტომაც მაშინებს, რომ თავად დედა არ მყავდა და არ ვიცი, გამოვნახავ კი საჭირო სიტყვებს დასარიგებლად.

- მართალია, სხვა თაობაა სხვა სურვილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედის დარიგება უკვალოდ არ იკარგება, ცნობიერში მუდამ რჩება.

- ამას მეც ვამჩნევ. დიდხანს მეკამათებიან ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ ბოლოს ვატყობ, რომ მაინც მე მენდობიან. თუმცა ესეც არ არის საკმარისი. იმდენი შვილი მყავს, ლამის ერთი სკოლაა, სადაც ყოველ მოსწავლეს თავისი არგუმენტები აქვს საკამათოდ. ამიტომაც რაც ახლა ყველაზე ძალიან მინდა, ფსიქოლოგიის კურსების გავლაა, რასაც აუცილებლად გავაკეთებ.

- წარმატება უნდა გისურვოთ და კიდევ ერთი კითხვა მოგცეთ: საკუთარი თავისთვის თუ გრჩებათ დრო. თუ თქვენ კარგად არ იქნებით, არც თქვენი შვილები იქნებიან კარგად.

- წარმოიდგინეთ, დროს მაინც ვპოულობ საკუთარი თავისთვის, ადამიანის შესაძლებლობები ხომ ამოუწურავია და ყოველთვის ყველაფერს მოახერხებს. მეგობრებთანაც ვურთიერთობ და მეზობლებთანაც. რამდენიმე წუთი დრო მათთან და მეუღლესთან ყავის დასალევად ყოველთვის მაქვს. ჭიქა ყავაზე ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემს სამყაროს ვუნაწილებ და ისინიც მინაწილებენ. უადამიანოდ, მათი სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არაფერი არ იქნება. სიცოცხლე სწორედ იმიტომაც გვიყვარს, რომ გარშემო ადამიანები არიან.