"მე ისევ მაქვს მუშაობის, სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი“ - კვირის პალიტრა

"მე ისევ მაქვს მუშაობის, სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი“

ფრანკო რუბარტელი და ვერუშკა ფონ ლენდორფი - ფოტოგრაფი და მოდელი. ამ ორი სახელის უკან დგას მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქა და სწორად მათ სახელს უკავშირებენ ჟურნალ "ვოგში" პირველ კრეატიულ, იმ პერიოდისთვის სრულიად განსხვავებულ ფოტოებს. ვერუშკა, იგივე ვერა ფონ ლენდორფი, გერმანელი არისტოკრატია, მოდელი, მსახიობი, ბევრი დიზაინერის მუზა. მისი აღმოჩენა იტალიელი ფოტოგრაფის, ფრანკო რუბარტელის, დამსახურებაა. ამჟამად ფრანკო რუბარტელი 85 წლისაა და სამხრეთ ამერიკაში, კუნძულ მარგარიტაზე ცხოვრობს. როგორ გაგრძელდა ცხოვრება ვერუშკასთან დაშორების შემდეგ და რანაირად მოახერხა იტალიელმა კუნძულზე თავის დამკვიდრება, ამ კითხვებს ფრანკო რუბარტელი ჩვენი ინტერვიუს მეორე ნაწილში პასუხობს.

„ცხოვრება უჩინარივით“

- ჩემი და ვერუშკას დაშორების შემდეგ სრულიად გაღატაკებული ვიყავი, რადგან მთელი ფინანსური რესურსი ვერუშკაზე ფილმის გადაღებას მოვახმარე. არ მრცხვენია ამის გახსენება, როგორ მიჭირდა პურის ყიდვაც კი, ვერ ვჯდებოდი ტრანსპორტში, არ მქონდა წამლის ფული. უფულოდ დარჩენილს ისევ ფრანგული "ვოგის" იმედი მქონდა, რომელმაც ვენესუელაში გამიშვა სამუშაოდ - იქაურმა ტურიზმის მინისტრმა შემომთავაზა გადამეღო ფოტოები - პეიზაჟები. სანამ მას ველოდებოდი, უამრავი ადამიანი გავიცანი, მათთვის მე "ვოგის" სახელოვანი ფოტოგრაფი ვიყავი და ყველას სურდა ჩემთან კომუნიკაცია. ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, მინისტრმა გადაიფიქრა თქვენთან თანამშრომლობა, თვითმფრინავის ბილეთი უკვე გიყიდეთ და შეგიძლიათ დატოვოთ ქვეყანაო. ფული აღარ მქონდა, რომ ვენესუელაში ცხოვრება გამეგრძელებინა, თუმცა ქვეყნის დატოვება არ მინდოდა. მაშინ ერთ-ერთი­ გამოცემის რედაქტორმა შემიფარა. ძალიან მოკრძალებით ვიცხოვრე მის სახლში, ფაქტობრივად, უჩინარივით ვიყავი, რომ ოჯახისთვის დისკომფორტი არ შემექმნა ჩემი არსებობით. ღამით საათობით ვსეირნობდი, ველოდებოდი, როდის დაიძინებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში. დილით ყველაზე ადრე ვდგებოდი და სახლიდან გავდიოდი. ერთი წელი ვიცხოვრე ასე, შემდეგ კი რედაქტორის ასისტენტთან გადავედი საცხოვრებლად. ამასობაში სარეკლამო სააგენტომ დამიკვეთა ფოტოების გადაღება და ასე დაიწყო ჩემი კიდევ ერთი ახალი ცხოვრება.

შეხვედრა ჰემინგუეისთან

nino4-1659267712.jpg

- 1960-70 წლების ყველაზე გამორჩეული მოდელი იყო ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი მარგო ჰემინგუეი. ის იყო პირველი მოდელი, რომელსაც მილიონიანი კონტრაქტი დაუდო კომპანია "ფაბერჟემ", რათა მისი სახე ყოფილიყო. მარგოს ჰქონდა ლეგენდარული სილამაზე, საერთაშორისო სახელი, ჟურნალ „"ვოგის" და "ჰარპერ ბაზარის"“ გარეკანზე იბეჭდებოდა. ის არაბუნებრივად ლამაზი იყო.

ერთ დღესაც გადაწყდა, რომ კუნძულ მარგარიტაზე საბანკო ბარათის Aმერიცან Eხპრესს-ის რეკლამა უნდა გადაეღოთ, მე ამ რეკლამის პროდიუსერი და რეჟისორი ვიყავი. დამკვეთმა მარგო ჰემინგუეი აარჩია კლიპისთვის. ჟურნალმა „"თაიმმა" მარგო 70-იანი წლების ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. ჰემინგუეი მაშინ დიდების მწვერვალზე იყო. მარგო 80-იან წლებშიც კვლავ ბუნებრივი სილამაზის სიმბოლო იყო. მისი ქმარი, კინორეჟისორი ბერნარდ ფოშე, ჩემი მეგობარი იყო. მარგოზე უფრო კარგ კანდიდატურას კლიპში ვერც ვინატრებდი, ამიტომ არ ვღელავდი, როგორი გამოვიდოდა. სულმოუთქმელად ველოდი მის ჩამოსვლას კუნძულზე და გადაღების დაწყებას. ბოლოს დადგა ნანატრი დღე. მე დამკვეთსა და სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელთან ერთად აეროპორტში მის დასახვედრად გავემგზავრე. ველოდით, როდის გამოჩნდებოდა და აი, დაიწყო მგზავრების გამოსვლა. უცებ დამკვეთმა დაიძახა: "აი, ისიც, მარგო!“ - ცისფერკაბიანი ქალი მობრუნდა და მართლაც მარგო ჰემინგუეი იყო, თუმცა სრულიად სხვანაირი - ავსტრიაში თხილამურებით სრიალისას მან ტრავმა მიიღო, რის გამოც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა და წონაშიც მოიმატა. ჩამოსვლისთანავე არაყი მოითხოვა, არც უცდია დაემალა, რომ სვამდა. გადაღებისას მუდამ თან მქონდა არყის ბოთლი, რა დროსაც მომთხოვდა, ვაწვდიდი. ერთხელ ვცადეთ უარის თქმა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა.

დეპრესია ჰქონდა, დაუფარავად მელაპარაკებოდა თავის დარდზე, განცდებზე. სამწუხაროდ, მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ. წლების შემდეგ გავიგე, რომ 41 წლისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"მოხუცი და ზღვა"

nino2-1659267712.jpg

- ერთხელაც ვისკის რეკლამას ვიღებდი კუნძულზე - მზის ჩასვლის ფონზე ვისკის ბოთლი უნდა გადამეღო. რამდენიმე საათი ველოდით სასურველ კადრს და ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაგვეწყო, ობიექტივში ვიღაც თეთრწვერიანი მოხუცი გამოჩნდა, პატარა ნავს ამაგრებდა ზუსტად ბოთლსა და მზეს შორის კადრში. თითქოს არსაიდან გაჩნდა. ვუქნევდით ხელებს, რომ გაწეულიყო, მან კი იფიქრა, მესალმებიანო და საპასუხოდ დაგვიწყო ხელების ქნევა. ამასობაში მზე ჩავიდა და რეკლამის გადაღება იმ დღეს ჩავარდა. 80 წლის მარგარიტელ მეთევზეს სიმპლისიო ერქვა. საოცრება დამემართა, თავი ვერ შევიკავე, რომ მეორე დღეს არ მენახა. ეს არ იყო მხოლოდ შეხვედრა, ეს იყო ახალი ისტორიის პირველი თავი, რადგან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად არის გაყოფილი - სიმპლისიოსთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდგომ. ჩემთვის ის იყო ანგელოზი, რომელიც მომევლინა ჩემი ცხოვრების გზის შესაცვლელად. ჩვენმა საუბრებმა ცხოვრებისეულ თემებზე და მისმა ფილოსოფიურმა აზროვნებამ ახალი ფილმის გადაღებისკენ მიბიძგა. ის მარგარიტაზეა გადაღებული და "სიმპლისიო" ჰქვია.

ზუსტად ამ ფილმმა გამიხსნა გზა ახალი წარმატებისკენ, რომელიც კუნძულზე მოვიპოვე. ფილმიდან შემოსული ფულით ავაშენე რანჩო, სადაც ვცხოვრობ. მეთევზე, სიმპლისიომ ახალი ცხოვრება დამანახა.

"ცხოვრება ისევ მწყურია“

nino3-1659267712.jpg

- მე და ჩემი მეუღლე ომაირა 15 წელია ერთად ვართ, ოკეანის პირას ვცხოვრობთ. ეს არის სიყვარული, რომელიც მუდამ იარსებებს. ომაირა ჩემზე 34 წლით უმცროსია. ცხოვრება მუდამ გვიგზავნის გამოცდას და ახლაც ამ წლის თებერვალში ომაირას მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ამჟამად ის მკურნალობს. მას შემდეგ, რაც ჩემი და ომაირას ისტორია დაიწყო, ის უფრო მეტი სიმძაფრით შემიყვარდა. არ ვიღლები მისთვის ფოტოების გადაღებით. თავგადაპარსული უფრო ლამაზი და სექსუალურია ჩემთვის.

15 წლის შემდეგაც ისევ შეყვარებულები ვართ, ისევ დავდივართ სანაპიროზე ხელიხელჩაკიდებული, ვიხსენებთ სასიამოვნო ამბებს, ვსვამთ ჭიქა წითელ ღვინოს, ძილის წინ კი ვლოცულობთ. ომაირამ 4 ქიმიოთერაპია გაიკეთა, კიდევ 4 აქვს გასაკეთებელი, შემდეგ კი ოპერაცია. სამწუხაროდ, დაზღვევა არა გვაქვს, მაგრამ არ დავნებდებით. მე ისევ მაქვს მუშაობის, სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი.