"კულტურა წავიდა უკან და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ უცოდინარებმა ჩააჩოჩეს პროფესიონალები...“
"ურთულესი ნახატების შექმნა მაინტერესებს. მაგალითად, "ქუთაისის ხედზე" ერთი წელი და "მოწამეთის მონასტერზე" კი ოთხი წელი ვმუშაობდი. შეიქმნა სრულიად განსხვავებული გრაფიკა, ისეთი, სხვა რომ ვერავინ შეძლებს. "ქუთაისის ხედი" იქმნებოდა საზღვარგარეთ, ელ გრეკოს ფერწერული შედევრის, "ტოლედოს ხედის" მიხედვით..." გვესაუბრება მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი.
- ბატონო გურამ, როგორია კულტურის პოლიტიკა დღეს საქართველოში?
- 80 წლის ვხდები და როცა საათობით სახატავ დაფასთან ვზივარ, ხშირად მიწევს ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ფიქრი. ახალგაზრდობაში, გასული საუკუნის 60-80-იან წლებში, ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, რაც მინდოდა, იმას ვხატავდი, არავინ მმბრძანებლობდა. იმ უამრავი ნაკლის გვერდით, რაც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, იყო ერთი ძალიან დიდი პლუსი - დაძმობილებული რესპუბლიკები და ქალაქები, გამოფენები, ურთიერთსიყვარული. საკავშირო მხატვართა კავშირის მიწვევით შვიდი წლის განმავლობაში ვმოგზაურობდი მხატვართა ჯგუფთან ერთად. ვნახე ყველა მდინარე, ზღვა და ოკეანე. მოგზაურობის შემდეგ ვაწყობდით საანგარიშო გამოფენებს. ერთადერთი, რაც აკრძალული გვქონდა, საზღვარგარეთ გასვლა იყო, თუმცა ჩემს შემთხვევაში იყო გამონაკლისი: ვარნის გრაფიკოსთა საერთაშორისო გამოფენაზე მივიღე პირველი პრემია და გამიშვეს ბიენალეზე, სადაც საპატიო სტუმრად ვიყავი მიწვეული. მერე კი წავედი ერაყში, ბაღდადის ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე.
მქონდა პატივი, ვყოფილიყავი იმ 50 მხატვარს შორის, რომლებსაც ენდობოდნენ და სამხატვრო საბჭოს გარეშე უდებდნენ ხელშეკრულებას. დაიშალა საბჭოთა კავშირი და ხალხთა მეგობრობას ჩაენაცვლა სიძულვილი და ომები, შეიცვალა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება კულტურისადმი, სამწუხაროდ, უარესობისკენ. პირველი გაოცება გამოიწვია იმან, რაც ჩვენს დიდ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს დამართეს. არც ჰკითხეს ავტორს, ისე გადაიტანეს დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის შემოსასვლელში, მის ადგილას კი ყოვლად უმსგავსი ველოსიპედი დადგეს. მერე ისევ არაფერი ჰკითხეს და ქუთაისში ააფეთქეს მისი დიდების მემორიალი, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მოვიდა ივანიშვილი და ააფეთქა საყდრისი. გამდიდრდნენ მონები და გაღარიბდა ხალხი. კულტურა წავიდა უკან და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ყოვლად უსაფუძვლოდ დაითხოვეს გამოცდილი ხალხი. უცოდინარებმა ჩააჩოჩეს პროფესიონალები, სამინისტროები გადაივსო გავლენიანი ხალხის ცოლებით, ბიძაშვილებით, დეიდებით და მამიდებით...
- საზღვარგარეთ საქმიანობდით...
- სამოქალაქო ომის შემდეგ იძულებული გავხდი, წავსულიყავი საზღვარგარეთ. ვმუშაობდი შემოქმედებით სახლ "ჩელიუსკინში". იქ შეიქმნა, იმერეთზე თუკი რამე კარგი მაქვს. თბილისში ბოლო გამოფენა 1988 წელს მქონდა და ახლა, 32 წლის შემდეგ, მომეცა საშუალება, გამომეფინა ნამუშევრები ეროვნული გალერეის ოთხივე დარბაზში. დამინიშნეს კურატორი - გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მეუღლე და ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი ანანო მელივა.
რეტროსპექტული გამოფენა გრანდიოზული გამოვიდა - 500-მდე ექსპონატი, მათ შორის - 300 ფანქარი, 90 მოგზაურობის ამსახველი ფოტო, ზღვის ლომის, ვეშაპის და ჩრდილოეთის ირმის ეგზოტიკური ნაწილები. სწორედ ამ გამოფენას უკავშირდება ამბავი, რომელიც სწრაფად გავრცელდა და ანეგდოტად იქცა.
ორიოდე თვის წინათ ჩემთან სახელოსნოში მოვიდა ჟურნალისტი და მთხოვა მომეთხრო იმ შემთხვევის შესახებ, რაც ჩემი პერსონალური გამოფენის გახსნის დღეს მოხდა თბილისში, ეროვნულ გალერეაში 2020 წლის 21 სექტემბერს. პირველად უარი განვაცხადე, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე რატომაც არა, ესეც ხომ ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია... ვეცდები რაც შეიძლება დელიკატურად ავხსნა მომხდარი ფაქტის შესახებ. საქმე ეხება ზღვის ლომის პენისის (Моржовый хрен) გატაცებას თუ მოპარვას გალერეიის თანამშრომლის მიერ.
თქვენი ნებართვით, ერთ პატარა ჩართვა უნდა გავაკეთო: 1979 წლის ზაფხულში ჩუკოტკაში სამი თვის განმავლობაში ესკიმოსებთან ვცხოვრობდი და ვნადირობდი... სახატავი ალბომითა და ფოტოაპარატით ვეშაპებზე, ზღვის ლომებზე. ვნახე ჩიტების ბაზარი და ვეშაპების სასაფლაო. აი, იქ ვნახე პირველად ზღვის ლომის პენისი, რომელიც ძვლისაა. ქუთაისში ოთხი ცალი ჩამოვიტანე. მათ შორის ყველაზე დიდი 86 სანტიმეტრია. საზღვარგარეთიდან უამრავი სტუმარი დადიოდა ჩემთან სახელოსნოში ამ უნიკალური პენისის სანახავად. ჩუკოტკაში, ბერინგის სრუტეში არსებობს დეჟნიოვის კონცხი. სწორედ აქ არის მსოფლიოში ცნობილი ესკიმოსების პატარა სოფელი უელენი. ისინი განთქმულნი არიან ზღვის ლომების ეშვებსა და პენისებზე საყოფაცხოვრებო ბარელიეფების ამოჭრით და ბრწყინვალედ დამუშავებით. ღირს ძალიან ძვირი. ბევრ ცნობილ ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს მათი შედევრები.
2020 წლის 21 სექტემბერი... საღამოს 6 საათზე ხალხი მოგროვდა. კიდევ ერთხელ შემოვიარე ოთხივე დარბაზი და უცებ ელდა მეცა - ვიტრინა, სადაც იდო ვეშაპის ყურის ნიჟარა, ზღვის ლომის ეშვი და სამი ცალი პენისი, თითქმის ცარიელი დამხვდა.
ანანომ აიღოო, მითხრეს. საშინელ დღეში ჩავვარდი, სტუმრები მოსული არიან, გამოფენა უნდა გაიხსნას და...ვალდებული ვარ დაწყნარებული, მხიარული სახე მივიღო, ყველას გავუღიმო. ძალიან ძნელი ყოფილა ამ დროს თავის შეკავება...
ერთი დიდი სიყვარული მაქვს ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ქალი! ხშირად მითქვამს: ღმერთმა უდიდესი ღვთაებრივი საჩუქარი ქალის სახით გაუკეთა კაცობრიობასთქო. მეც ამიტომ ლამაზი სერია „ქალი სივრცეში“ მივუძღვენი ქალს და ამით გამოვხატე ჩემი დიდი პატივისცემა ქალისადმი.
მაგრამ ახლა რა დამემართა? ღირდა კი ამ ქალის გულისთვის ბუნტის ატეხვა? როგორ შეიძლება ავტორის უკითხავად გაიტაცო ნახატი ან გამოფენის ექსპონატი. მითხარით რა უფლებით? ეს ხომ კრიმინალია.
სამივე პენისი გამოფენის ბოლო დღეს სხვისი ხელით გამომიგზავნა, ასე რომ, ის დიდი ინტერესი, რომელიც დამთვალერებელს ჰქონდა ამ უნიკალური საგნის ნახვისა, ანანო მელივას გამო ჩაიშალა.
- თბილისის მოსახლეობას ჰქონდა ბედნიერება, ენახა თქვენი პერსონალური გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლების სიჭარბის გამო სამთვე-ნახევარი ვერ დაიხურა...
- 2021 წლის 11 ივნისს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა ჩემი პერსონალური გამოფენა. გამაოცა სასახლის საუცხოო კოლექტივმა, განსაკუთრებით - მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ. ის არის ხელოვნებაზე საოცრად შეყვარებული პიროვნება. ხალხის მოთხოვნააო, მითხრა ბატონმა გიორგიმ და ერთი თვის მაგივრად სამთვე-ნახევარი ვიყავი ამ ლამაზი გალერეის სტუმარი.
- ამბობთ, ის ცოცხლობს დიდხანს, ვინც ბევრის გაკეთებას ასწრებსო...
- როგორც ამბობენ დრო სწრაფად გარბის და აი უკვე ჩემი 80 წელიც მოახლოვდა. ამ ასაკში თუ გონება გიჭრის, თვალის ჩინი გაქვს და ხელით შეგიძლია ჩაფიქრებულის გამოსახვა ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. ამის გააზრება მახალისებს და ამიტომაც ვმუშაობ ახალგაზრდული შემართებით, თავდაუზოგავად. რაც უფრო მემატება წლები მახსენდება და მამხნევებს მსახიობ ოლგა აროსევას მშვენიერი ნათქვამი: „ღმერთი ყველას აბედნიერებს სამყაროში მოსვლით, სიბერით კი აჯილდოვებს მხოლოდ რჩეულებს“.
ხელოვნებამ არ იცის რა არის ასაკი, ამის დადასტურება შეიძლება რამდენიმე ფაქტით: მიქელანჯელომ 24 წლის ასაკში შექმნა „პიეტა“. ფიოდორ ვასილიევი გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა 23 წლის. იგი ტოლს არ უდევს არც ერთ „პერედვიჟნიკს“ და თამამად ჰკიდია ტრეტიაკოვის გალერეაში არქიფ კუინჯის გვერდით. რაფაელი დაიბადა 6 აპრილს წითელ პარასკევს და გარდაიცვალა 37 წლის შემდეგ 6 აპრილს წითელ პარასკევს...
ურთულესი ნახატების შექმნა მაინტერესებს, არ ვუშინდები სიძნელეებს. მაგალითად „ქუთაისის ხედზე“ ერთი წელი და „მოწამეთის მონასტერზე“ ოთხი წელი ვიმუშავე. შეიქმნა სრულიად განსხვავებული გრაფიკა, ისეთი, სხვა რომ ვერავინ შეძლებს. „ქუთაისის ხედი“ იქმნებოდა საზღვარგარეთ, ელ გრეკოს ფერწერული შედევრის „ტოლედოს ხედის“ მიხედვით. თითქმის არ მიძინია წელიწადზე მეტი. თექვსმეტი-თვრამეტი საათი გამადიდებელი შუშის ქვეშ ვცხოვრობდი ზღაპარში. ვგრძნობდი, რომ ვიღაც ზემოდან მეხმარებოდა შუქ-ჩრდილების განაწილებაში. კლდეებზე შეფენილი ქართული სახლები, კიბეები, ხიდი თუ ბილიკები, ღობე თუ ურემი, ეკლესია და ისტორიული უბნები - ამას ყველაფერს ისე ლაღად და წვალების გარეშე მოვხაზავდი მე თვითონ მიკვირდა. ამ ნახატის შექმნაში ისეთი რამ მოხდა რისი ახსნაც მე არ შემიძლია. ყოველი დღე სიხარულით სავსე იყო. ხატვის დროს მესმოდა ჩემი გულისცემა...
უამრავი საქებარი სიტყვები მესმის ამ ნახატების მიმართ ჩვეულებრივი ხალხისაგან, რაც მაძლიერებს და დიდ სტიმულს მაძლევს. სურვილი მაქვს უკეთესი ნახატები შევქმნა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს ღმერთის ნებაა.
- აუხდენელ ოცნებაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე?
- 50 წელია ერთი უტოპიური ოცნება მაქვს. სიამოვნებით დავთმობდი 21-ე საუკუნეში ცხოვრებას და გადავსახლდებოდი მე-19 საუკუნეში, სადაც კლასიკური მხატვრობა ფასობდა. მაშინ არ იყო მოგონილი ეს უნიჭო ინსტალაციები, ისეთი, ახლა ერთმანეთზე შეფურთხებას ხელოვნებას რომ ეძახიან. "პერედვიჟნიკების" გამოფენებში თუ მივიღებდი მონაწილეობას, მაინტერესებს, რა დონეზე ვიქნებოდი მათთან შედარებით? შემამჩნევდა თუ არა პავლე ტრეტიაკოვი? ერთი რამ ნამდვილად ვიცი: იმ დროს რომ მეცხოვრა, ვიქნებოდი ივანე შიშკინის მეგობარი და მასთან ერთად ვივლიდი უღრან ტყე-ღრეში...