"ფრენის დროს კარაბინი გაუტყდა და პარაპლანი საერთოდ მოძვრა, მაგრამ მან შეძლო პარაშუტით დაშვება" - რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა კონტროლდებოდეს პარაპლანით ფრენისას - კვირის პალიტრა

"ფრენის დროს კარაბინი გაუტყდა და პარაპლანი საერთოდ მოძვრა, მაგრამ მან შეძლო პარაშუტით დაშვება" - რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა კონტროლდებოდეს პარაპლანით ფრენისას

გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. 30 ივლისს, დასრულდა სამუშაოები და ყველა ცხედარი იმ ხევიდან ამოასვენეს. გლოვობს მთელი საქართველო.

ამ ტრაგედიის შემდეგ სპორტის ამ სახეობის რეგულირებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ პარაპლანით ფრენის რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მანამდე ფრენა დროებით შეჩერდა. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს მთავარ კითხვაზე პასუხი, საქართველოში არის თუ არა პარაპლანით ფრენა უსაფრთხო და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.

პილოტები, ვისაც გუდაურის ამ ხეობაში უფრენია, ყველა ამბობს, რომ იქ რისკის ფაქტორები არის, რადგან ადგილი ძალიან კლდოვანია. უხეში თერმული ნაკადებიცაა, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ შესვლა ძალიან იზიდავს ტურისტებს. იმ ადგილზე, თურმე, განსაკუთრებით მაღლა ადიან პარაპლანით სითბური ნაკადების გამო და ეს ნაკადი აძლევს პილოტს საშუალებას, რაც შეიძლება სიმაღლეზე ავიდეს.

როგორც ირკვევა, დღეს ეს სფერო სრულიად უკონტროლოა. მხოლოდ პილოტების და მცირე მეწარმეების პირად გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ის, რომ საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია, ამაზეც ყველა თანხმდება. პილოტები და ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები თავად ითხოვენ თურმე წლებია ამ სფეროში რეგულაციებს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათი მოთხოვნები უშედეგოდ რჩებოდა. ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ მაინც იმედია, რომ ეს სფერო შესაბამისი ნორმატიული აქტებით დარეგულირდება და ასეთი ტრაგედიები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ჩვენს რესპონდენტს, ზაზა თაბაგარს თურმე ადრე თავად ჰქონდა ეს ბიზნესი, მაგრამ სწორედ ამ ხიფათების გამო, მან უარი თქვა ამ შემოსავლიან საქმეზე. მისი პარაპლანი მთაწმინდის თავზეც დაფრინავდა.

296314539-586267409666984-8086891103424349275-n-1659290604.jpg

ზაზა თაბაგარი:

- ყველაზე სახიფათოა ცუდ ამინდში პარაპლანით ფრენა. ზოგადად, სწავლების დროსაც არის პრობლემები. ძალიან მოკლე ხანში იღებენ სერტიფიკატს და მერე ხდებიან ინსტრუქტორები. ვფიქრობ, უფრო ხანგრძლივი გამოცდილება სჭირდება ამ საქმეს, მით უმეტეს, როცა შემდეგ სხვა ადამიანს ემსახურები. მაგალითად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პარაპლანით ფრენას ასწავლიან, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი. იქ სხვა კლიმატია, სხვა გარემოა ფრენისთვის. სხვადასხვა კლიმატში, სხვადასხვა ადგილებში უნდა ხორციელდებოდეს სწავლება, რომ ყველანაირ კლიმატში შეძლოს პილოტმა ფრენა და სირთულეებმა არ შეაშინოს.

აქ სხვანაირად სწავლობენ, მერე, ვთქვათ, გუდაურში რომ ჩადის ის პილოტი, იქ სხვა სიტუაცია ხვდება და არ არის თანხვედრა.

ამ ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეს უდიდესი ტრაგედიაა, მიზეზებს ალბათ ექსპერტიზა დაადგენს. ყველა ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს... მართლაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საინტერესოა ამ უბედურების მიზეზად რას დაასახელებენ.

- პარაპლანის ბიზნესი ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღეს ჰქონდეს?

- პირადად მე მქონდა ეს ბიზნესი და ბევრს აქვს კიდეც, მაგრამ ვთვლი, რომ როცა ასეთ საქმეს ეჭიდები, ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეს, უნდა დაიცვა წესები. კანონი არ არსებობს, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს და ეს ქმნის პრობლემას. არავინ არ არის შემმოწმებელი, თავისით ვითარდება ეს ბიზნესი. პრობლემები ხშირად ხდება ქარის ნაკადების გამო, ამინდი იცვლება და ეს დამატებით პრობლემას ქმნის. ზოგიერთი პილოტი ცუდ ამინდში ფრენასაც რისკავს და მერე იქმნება პრობლემები. იდეალური ამინდი უნდა იყოს, რომ პარაპლანით იფრინო. ეს რომ არ დაარღვიონ პილოტებმა და იმ მცირე მეწარმეებმა, ვინც ამ ბიზნესშია, კონტროლი უნდა იყოს დაწესებული, მას უნდა ეშინოდეს, რომ დააჯარიმებენ. როცა კონტროლია, იცავ წესებს და როცა მიშვებულია ბიზნესი, უკვე არავინ აქცევს ამას ყურადღებას.

რთული ადგილია გუდაური, კლდოვანია და სიფრთხილე სჭირდება იქ ფრენას. პატარა შეცდომის დაშვება შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდეს.

- შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონის გამკაცრება მოითხოვა, ეს ააცილებს ადამიანებს ასეთ უბედურ შემთხვევებს?

- სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს განსაზღვრული წესები, რომლის დაცვა ყველა პილოტს მოუწევს. ეს არის ექსტრემალური სპორტი და უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ როცა ყველაფერი კანონით დარეგულირდება, ტრაგედიებიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

როცა სწავლობ პარაპლანით ფრენას, გარანტიას არავინ გაძლევს, რომ რამე არ მოგივა. ხელწერილზე ხელს აწერინებენ ადამიანებს ფრენის დროსაც და ინსტრუქტორი პასუხისმგებლობას იხსნის. ექსტრემალურ სპორტში ყოველთვის არის ხიფათი და წესების დაცვით შეგვიძლია ავირიდოთ ეს ხიფათი. ზოგადად, ძალიან მომრავლებულია შემთხვევები, ბარიერი, რეგულაციები უნდა დაწესდეს და ამ გზით ავიცილებთ ტრაგედიებს.

- პარაპლანის გამართულობას ვინ ამოწმებს?

- როცა მე ამ ბიზნესში ვიყავი ჩართული, პარაპლანის გამართულობა ჯგუფში კონტროლდებოდა. თითოეულ პარაპლანს აწერია გამოშვების და გამოყენების ვადა, ამ ვადის გასვლის მერე უნდა გადამოწმდეს პროფესიონალთან, ვარგისია თუ არა გამოყენებისთვის და ის მისცემს ლიცენზიას. ამ შემთხვევაში, კიდევ 2-წლიან ლიცენზიას იძლევიან, თუ უვარგისია, მაშინ გიწევს ახლის ყიდვა. მე და ჩემს მეგობარს რომ გვქონდა პარაპლანი, ის რომ მოძველდა, ამოგვაღებინეს ხმარებიდან და ახალი გვაყიდვინეს. როცა პარაპლანით მიფრინავ, თან უნდა გქონდეს პარაშუტიც, თუ რამე პრობლემა შეიქმნება, რომ შეძლო პარაშუტით ფრენა. მაგალითად, ერთი ადამიანის სიცოცხლე ამ გზით გადარჩა. ფრენის დროს კარაბინი გაუტყდა და პარაპლანი საერთოდ მოძვრა, მაგრამ მან შეძლო პარაშუტით დაშვება.

- თქვენ ეს ბიზნესი რატომ მიატოვეთ?

- მე და ჩემს მეგობარს გვქონდა პარაპლანი, შემოსავლიანი საქმეა, მაგრამ პატარა-პატარა ხიფათები იყო დაშვების და სწავლების დროს და ეს ძალიან სანერვიულო იყო. უფრო არაპროფესიონალიზმით იყო გამოწვეული... მოტორიანი პარაპლანი მქონდა, რომლითაც მთაწმინდის თავზე დავფრინავდით. მოტორიანი პარაპლანი უფრო სარისკოა. სულ იყო ხიფათები და ამის გამო საბოლოოდ დავანებე თავი. ეს საქმე ამხელა ნერვიულობად არ მიღირდა.

- ტურისტების მოზიდვაში ვინ გეხმარებოდათ ასეთ დროს?

- გუდაური ძალიან სპეციფიკური ადგილია და პილოტი უნდა იყოს პროფესიონალი. პარაპლანით ფრენის დროს მოისვამენ ტურისტს და ერთად დაფრინავენ. ორი ვარიანტია, როცა დაიწყებ ფრენას კონკრეტული ადგილიდან, ადიხარ მაღლა და საიდანაც აიყვანე იმ ადგილზე სვამ ბოლოს ტურისტს, მაგრამ თუ ქარი ვერ აგწევს და აგიყვანს მაღლა, მაშინ მიდიხარ და ხევში ჯდები, მერე იქიდან მანქანით ამოდიხარ. სავარაუდოდ, პილოტმა იფიქრა პარაპლანს მაღლა ამოვაწევინებო და ეტყობა ჩაეკეტა, ფრთა მოეკეცა და ამიტომ მოხდა ამ ტურისტის დაშავება.

იქ ვინც დაფრინავს, ყველა პროფესიონალი პილოტია, როგორც ვიცი, მაგრამ ეტყობა გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ზოგადად, ვფიქრობ, ახლები, ვინც ამ სპორტს ეუფლებიან, უფრო კარგად უნდა გადამზადდნენ. მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს სახელმწიფო, უფრო მეტად უნდა დაარეგულიროს, კონტროლი უნდა დააწესოს, რომ ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს.

ვინც პარაპლანით ფრენს, ყველა ტურისტი აწერს ხელს უსაფრთხოებაზე. ეს არის ექსტრემალური სპორტი, რისკი.

გუდაურში, ტურისტები, ძირითადად, გიდებს მიჰყავთ. პილოტები ერთი ტურისტის მიყვანაში გიდს 50 ლარს აძლევენ. გიდი ტურისტს სთავაზობს ფრენას, 5 ტურისტი რომ მიიყვანოს დღეში, 250 ლარს წაიღებს გიდი პილოტისგან. ასე მუშაობენ ძირითადად. პილოტებს ჰყავთ დამხმარე ჯგუფი, რომლებიც მენეჯერულ საკითხებს განაგებენ. კონტროლი სჭირდება, რომ პილოტმაც არ გარისკოს. როცა არავინ გთხოვს წესების დაცვას, შენც არღვევ. მე სწორედ ამ ხიფათების გამო გავაუქმე.

როცა კარგი ამინდი არ იყო, მაშინ ცუდად ეშვებოდი და ამ დროს ხან კოჭი გაგისივდებოდა, ხან რამეს დაიზიანებდი. ზამთარში უფრო უსაფრთხოა, რადგან პირდაპირ თოვლში ეცემი. არავინ გვაკონტროლებდა. თუ ვიღაცამ გარისკა და გაფრინდა არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, ამას არავინ აკონტროლებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ტრაგედია. ჯგუფის უფროსმა შეიძლება არ მისცეს ნებართვა პილოტს ასეთ დროს იფრინოს, მაგრამ ხომ შეიძლება ფულის გამო ვიღაცამ გარისკოს და მაინც აფრინოს ტურისტი იმ იმედით, რომ თვითონ კარგი პილოტია და ჰგონია, საფრთხის გარეშე დაასრულებს ფრენას. შეიძლება რამდენჯერმე გაგიმართლოს კიდეც ასეთ დროს, მაგრამ ყოველთვის არა. სწორედ ამიტომ, კანონით უნდა დარეგულირდეს წესები, უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელი უნდა იყოს, კლიმატური პირობებით უნდა რეგულირდებოდეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც პილოტის, ასევე ტურისტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება.

მართალია, ბევრი პროფესიონალი პილოტია, მაგრამ რადგან ასე ადვილად ხდება სერტიფიკატების გაცემა ძალიან კარგი იქნება პილოტების თავიდან გადამოწმება, რომ ყველამ გაიაროს თავიდან სერტიფიცირება. ვინც ხშირად დადის კონკრეტულ ლოკაციებზე, მას კარგად აქვს შესწავლილი ადგილები, ის ძალიან მაგარი პილოტია, მაგრამ ყველა ხომ არ არის ერთნაირად პროფესიონალი? ტურისტმა ხომ არ იცის, ვის ანდობს თავის სიცოცხლეს. ყველას აქვს სერტიფიკატი. ამიტომ ამ სფეროს მოწესრიგება შესაბამისი ნორმატიული აქტებით უნდა მოხდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)