უცნობი თინეიჯერი საქართველოდან - კვირის პალიტრა

უცნობი თინეიჯერი საქართველოდან

"ყველასთვის უცნობმა ქართველმა თინეიჯერმა თავისი ნიჭით მოკლე ხანში გააოცა სარაგბო ევროპა"; "მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "სეზონის აღმოჩენა", - ამ ეპითეტებს ფრანგული გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" და პორტალი რუგბყრამა.ფრ დავით ნინიაშვილს უძღვნიან. საფრანგეთის მთავარმა სარაგბო გამოცემამ ნინიაშვილი პირველ ნომრად დაასახელა გასული სეზონის ხუთ აღმოჩენას შორის! "ბორჯღალოსანთა" ფულბეკი, რომელსაც 20 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა, შარშან გადაბარგდა "ლიონში" და წარმატებები მისთვის ჩვეული სისწრაფით მიაყოლა ერთმანეთს: შედეგიანი მატჩები საფრანგეთის ტოპ-14-ში, "ჩელენჯ კაპის" ჩემპიონობა და ფინალში გატანილი ორი ლელო, მიწვევა მსოფლიო ნაკრებად წოდებულ "ბარბაროსებში", საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშები და ა.შ. ჩვენი დავითი, რომელიც უკვე კარგა ხანია, უშიშრად ერკინება რაგბის გოლიათებს, საფრანგეთში 6 აგვისტოს დაბრუნდება. მანამდე კი დავით ნინიაშვილი "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- დათუნა, 14 ივლისს 20 წლის გახდი. შეიძლება ითქვას, სწორედ ეს იყო საუკეთესო დაბადების დღე შენს ცხოვრებაში?

- შესაძლოა. დაბადების დღეები არ მიყვარს, ჩემი - მით უმეტეს, მაგრამ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლის განმავლობაში მოხდა, ყველაზე გამორჩეული ნამდვილად იყო.

- ალბათ, იმიტომ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვარს... ტესტმატჩებზე გადავიდეთ: ივლისში სამჯერ კი ითამაშეთ, მაგრამ მგონია, რომ არგენტინასთან და პორტუგალიასთან მატჩების დროსაც იტალიაზე ფიქრობდით... მართალია?

- დანარჩენი მატჩებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის: სამხრეთამერიკელებთან შეხვედრა იტალიასთან მატჩის "გენერალური რეპეტიცია" გახლდათ, პორტუგალიელი "მგლების" წინააღმდეგ თამაში კი იოლი არასდროს არის, მით უმეტეს, რომ წინა დაპირისპირება ფრედ დასრულდა. რაც შეეხება იტალიას... აპენინელებს უპირველესად ერთიანობისა და სტადიონზე არსებული ფანტასტიკური გარემოს დახმარებით ვაჯობეთ!

- რაც უნდა დიდი ამბიცია გვქონდეს, დღეს იტალია ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდია. გჯეროდათ, რომ ტიერ-1-ის გუნდს დავამარცხებდით?

- პირადად მე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ მოსაგებად გავდივარ! რა გამოვა, მეორე საკითხია, მაგრამ მოგების ამბიცია ყველასთან უნდა გვქონდეს, მით უმეტეს, იტალიასთან ასე ნანატრ შეხვედრაში: შეგვეძლო გამარჯვება და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ! სხვათა შორის, 12:0 დაწინაურების შემდეგ ცოტათი მოვდუნდით და სტუმრებს თამაშის შებრუნების შესაძლებლობა მივეცით. იტალიელთა დაწინაურებამ ყველაფრის თავიდან დაწყების სტიმული მოგვცა და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

- წლებია, იტალიასთან თამაშს ვითხოვდით. მოტივაცია არც მათ აკლდათ - უნდა დაემტკიცებინათ, რომ ჩვენი ამბიცია უსაფუძვლოა და "ექვსი ერისთვის" მზად არა ვართ! სტუმრები ნამატჩევს როგორ ხასიათზე იყვნენ?

- მოკლედ გიპასუხებთ: თამაშამდე სხვანაირად ლაპარაკობდნენ, დამარცხების შემდეგ კი იტალიის ნაკრები მატჩის შემდგომ ბანკეტზე არ მოვიდა!

- არადა, ე.წ. მესამე ტაიმი სარაგბო მატჩის უცილობელი გაგრძელებაა... იტალიის ნაკრები ნირწამხდარი კი იყო, მაგრამ იმისიც შეშინებიათ, რომ რაგბის გარდა ცეკვა-სიმღერასა და ქეიფშიც დაჩაგრავდით!

- სმაშიც (იცინის)! მოგებული მატჩის შემდეგ "მესამე ტაიმი" ორმაგად საამურია ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ბათუმური მოლხენიდან ბევრი აღარაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან მაგრად ვიმხიარულეთ, ერთი დღის შემდეგ კი პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადებას შევუდექით.

- თოდუამ საოცარი ნახტომით დაგვაწინაურა, პირველ ტაიმში გატანილ კიდევ ორ ლელოში კი დიდი წვლილი გაქვს. გასაგებია, რომ რაგბიში მთავარი სწორედ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწებაა, მაგრამ შენთვის ლელოს დადება უფრო დიდი სიამოვნებაა თუ შექმნა?

- ყველაზე დიდ სიამოვნებას თამაში მანიჭებს! მთავარია, მოედანზე ვარ და ვთამაშობ, მერე კი მეორეხარისხოვანია, ლელო გავიტანე, რამდენიმე მეტოქეს გავექეცი თუ შედეგიანი შეტევა დავიწყე.

- ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მოსაგებად გავდივარო. გეტყობა კიდეც (კლუბშიც და ნაკრებშიც!), მოედანზე ავტორიტეტებს რომ არ ცნობ. ეს თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი თავდაჯერებულობა?

- გაცნობიერებული მაქვს, რომ შიში და ნერვიულობა ცუდის მეტს არაფერს მომიტანს. ამიტომაც ზელანდიის წინააღმდეგაც რომ ვთამაშობდე, შეშინებული და შებოჭილი მაინც არ გავალ მოედანზე! რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვფიქრობ, თანდაყოლილია. ყოველ შემთხვევაში, როცა მოედანზე გავდივარ, იმაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ვაითუ რამე გავაფუჭო-მეთქი - ვთამაშობ, ვიბრძვი, სიამოვნებას ვიღებ მოედანზე ყოფნით.

- ფრანგული რაგბის მთავარმა გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა", პირველ ადგილზე დაგასახელა გასული სეზონის ხუთ აღმოჩენას შორის. ასეთი აღიარება სტიმულიც უნდა იყოს და ავანსიც, რომელსაც მომავალ სეზონშიც სჭირდება გამართლება!

- ეს აღიარება მოტივაციაა, რომ მომავალ სეზონში კიდევ მეტი, კიდევ უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ!

- "ჩელენჯ თასის" ფინალში ბურთით ხელში 187 მეტრი გაიარე (საუკეთესო მაჩვენებელი იყო ფინალის მონაწილეებს შორის!). რით განსხვავდება დათუნა ნინიაშვილი ბურთით და მის გარეშე?

- რთული სათქმელია... განსხვავების რა გითხრათ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ბურთითაც და უბურთოდაც ბოლომდე ვიხარჯები! ინგლისის ნაკრებისა და "ბარბაროსების" თამაშისას ბურთი სულ ორჯერ მივიღე და ბევრი არაფერი გამიკეთებია. სამაგიეროდ, უბურთოდ გაცილებით მეტი ვიმუშავე.

- მოედანს მიღმა წყნარი, მორიდებული ახალგაზრდა ხარ. აშკარაა, რომ ოვალური ბურთი და სარაგბო მოედანი ძალიან გცვლის.

- დიახ, პირდაპირ გეუბნებით - როცა ბურთი მაქვს, თავხედი ვარ! გარდა ამისა, თუ თამაშის წინა დღეებში რომელიმე მორაგბის ილეთი ან მოძრაობა მომეწონა, ვცდილობ უახლოესი თამაშის დროს გავიმეორო - რაც უნდა წარმოუდგენლად ჩანდეს მისი გამეორება, მაინც ვცდილობ ხოლმე!

- შენი პოზიციის მორაგბეებიდან ყველაზე მეტად ვისი თამაში მოგწონს?

- საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან (ჩემს პოზიციაზე) მეკო კვირიკაშვილს გამოვარჩევ. როცა ფორმაში იყო, ძალიან მაგრად თამაშობდა სოსო მათიაშვილიც. უცხოელებიდან ძალიან მომწონს ისრაელ ფოლაუს თამაში, ასევე სტიუარტ ჰოგის, დემიენ მაკენზის და სხვების, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ისრაელ ფოლაუს გამოვარჩევ.

- "ბორჯღალოსნებში" ფულბეკად თამაშობ, კლუბში - გარემარბად, ფაქტობრივად, ხაზში ნებისმიერ ადგილას შეგიძლია თამაში. შენ რომელი გირჩევნია, რომელია "შენი" პოზიცია მოედანზე, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

- ჩემი ადგილი მოედანზეა, ნომერს მნიშვნელობა არა აქვს! როცა მოედანზე ვარ, კომფორტულად ვგრძნობ თავს და მეორეხარისხოვანია, რა მაწერია ზურგზე.

- ნომერი უმნიშვნელოა, მაგრამ სამაგიეროდ, "ბარბაროსის" მაისურია განსაკუთრებული! როგორია თამაში გუნდში, სადაც პლანეტის საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი? როგორია შიგნიდან დანახული "ბარბაროსები"?

- ერთი სიტყვით ასე დავახასიათებ - "თავისუფლება"! არავინ არაფერში გზღუდავს არც მოედანზე და არც მის მიღმა. მზადებისას ალკოჰოლურ სასმელს მწვრთნელებიც კი ეტანებოდნენ. უფრო სწორად, ყველაზე ხშირად ისინი გვეპატიჟებოდნენ - სასმელს მიეძალეთო (იცინის), თავიდან კი ვუარობდით მე და რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ ბოლოს მაინც არ აგვცდებოდა ხოლმე. "ბარბაროსული რეჟიმის" შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. მეც მიკვირდა - რამდენიმედღიანი "ლოთობის" შემდეგ როგორ ახერხებენ უძლიერესი ნაკრებების დამარცხებას, მაგრამ მთავარი, სწორედ ჩემი ნახსენები თავისუფლებაა - თამაშობენ, სიამოვნებას იღებენ და აგერ, "თვიქნემზე" ინგლისს 31 ქულის სხვაობით მოუგეს!

- "თვიქნემი"... როგორი იყო ლონდონის ამ ლეგენდარულ არენაზე თამაში?

- ჩვენი თამაშის წინადღეს დავესწარი პრემიერშიფის ფინალს - "ლესტერი"-"სარასენსი" და ეს იყო ნამდვილი საოცრება! გადაჭედილი ტრიბუნებიდან (ლონდონის "თვიქნემის" ტრიბუნებზე 82 000 დასაჯდომი ადგილია. - რ.შ.) განუმეორებელი ემოცია მოდიოდა... ჩვენი მატჩისას სტადიონი ბოლომდე არ შეივსო, მაგრამ მოედანზე ყოფნის ბედნიერებას წინადღის ემოციაც დაემატა და... დაუვიწყარი დღე იყო.

- ცხადია, "თვიქნემის" და "ბათუმი არენის" მასშტაბების შედარება უადგილოა, მაგრამ იტალიასთან მატჩისას ბათუმის სტადიონზე საოცრება ხდებოდა!

- რა მატჩებიც კარიერის განმავლობაში მითამაშია, გულშემატკივრობით ბათუმურ შეხვედრას ვერც ერთი ვერ შეედრება! გადაჭედილმა სტადიონმა ჩვენთან ერთად რომ იმღერა ეროვნული ჰიმნი, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ იმ თამაშის წაგება არ იქნებოდა!

- 14 ივლისს არის დაბადებული მამუკა გორგოძეც. იუბილეს აღნიშვნა არ გყვარებია, მაგრამ დაბადების თარიღი სხვა გზას აღარ გიტოვებს - ძალიან დიდი რაგბი უნდა ითამაშო!

- ექვსი წლის წინ შევიტყვე, მამუკაც 14 ივლისს რომ ყოფილა დაბადებული და ძალიან გამიხარდა. მახსოვს, ვტრაბახობდი კიდეც, მე და გორგოძე ერთ დღეს დავიბადეთ-მეთქი! სხვათა შორის, ისიც საამაყოდ მაქვს, რომ ამავე დღეს დაიბადნენ სხვა უდიდესი ქართველებიც - ვაჟა-ფშაველა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ნოდარ დუმბაძე...

- დამთხვევა ერთია და თვითონ თუ ცდილობ ხოლმე "იღბლის მოზიდვას"? გაქვს ჩვევა, რომელსაც ყველა თამაშის წინ იმეორებ?

- როცა კლუბში ვართ, მე და ბექა (საღინაძე, ნინიაშვილის თანაგუნდელი "ლიონში" და საქართველოს ნაკრებში - რ.შ.) ერთად ვამბობთ ლოცვას, ერთმანეთს გადავეხვევით ხოლმე და წარმატებულ თამაშს ვუსურვებთ. საერთოდაც, ბექას დიდი დამსახურებაა ჩემი პროგრესი, საფრანგეთში ჩასულს ძალიან დამეხმარა და ახალ კლუბთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. რაც შეეხება ნაკრებს, თამაშის წინ მთელი გუნდი ერთად ვლოცულობთ, მე კი მოედანზე გასვლისას წესად მაქვს ფეხების გასავარჯიშებლად ჰაერში ორჯერ შეხტომა.

- საერთაშორისო მასშტაბის წარმატება მნიშვნელოვანია, მაგრამ სამშობლოში აღიარებას სხვა ფასი აქვს: რას გრძნობდა 19 წლის დავით ნინიაშვილი, როცა საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს?

- უდიდეს სიხარულსა და პასუხისმგებლობას - აღარ მაქვს უფლება, რომ სადმე ფეხი დამიცდეს! დარწმუნებული ვარ, ეს აღიარება ძალიან დამეხმარება.

- ვისთანაც მილაპარაკია, ყველა ახალგაზრდა სპორტსმენი დარწმუნებული იყო, რომ "თავში არ აუვარდება"! თუმცა ძალიან რთულია 19-20 წლის ახალგაზრდამ გაუძლოს მოულოდნელად თავს დატეხილ პოპულარობას! არ გიჭირს?

- ყურადღების ცენტრში ყოფნა ხელს არ მიშლის. ისეთი ხასიათი მაქვს, თუ დამიჯერებთ, პოპულარობას ყურადღებას არ ვაქცევ. მიმაჩნია, რომ თუ რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენს პოპულარობა "თავში აუვარდა", ესე იგი, მცირედით დაკმაყოფილებულა! მე სხვანაირად მაქვს დალაგებული მიზნები და იმ მწვერვალამდე თუ მივედი, მერე სხვა მწვერვალებსაც გამოვნახავ...

- "ლიონის" მაისურით სადებიუტო ლელოს გატანის შემდეგ თქვი, ემოციების გამოხატვა არ შემიძლიაო... ყველგან ასეთი თავშეკავებული ხარ თუ მხოლოდ რაგბიში?

- ემოციების საქვეყნოდ გამოტანა რაგბიშიც მიჭირს, ცხოვრებაშიც და ოჯახშიც. თუ არ გჯერათ, დედაჩემს ჰკითხეთ (იცინის). როცა კარგ ხასიათზე ვარ, შემიძლია გარშემო მყოფებიც გავამხიარულო, მაგრამ ეს იშვიათად ხდება - უმეტესწილად, ჩუმად ვარ ხოლმე, ჩემთვის...

- "გორგოძილას" ამ მხრივაც ჰგავხარ - რაგბის მიღმა მამუკა ძალიან მშვიდი, თავმდაბალი, მორიდებული კაცია, აი, მოედანზე კი... რაგბის კვართი ასე ძალიან ცვლის ადამიანს?

- მოედანზე, უმეტესწილად, მოწინააღმდეგეების ნერვებზე "ვთამაშობ", ვცდილობ მოულოდნელი გადაწყვეტილებებით "ავჭრა" მეტოქეები, მათი დაბნეულობით ვისარგებლო და მიზანს მივაღწიო.

- "ჩელენჯ კაპის" ფინალში შანსი არ დაუტოვე "ტულონის" სამხრეთაფრიკელ ვარსკვლავ ჩესლინ კოლბის. ეს ის კოლბია, რომელზეც გორგოძემ მითხრა, ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა ჩემთვის, ძალიან სწრაფიაო... ფინალში ჩესლინზე რეაქტიული შენ იყავი!

- როცა ჩემს წინააღმდეგ ითამაშა, კოლბი ფორმაში არ იყო! ასე რომ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი საუკეთესო კონდიციაში მყოფ ჩესლინთან და გამოვცდიდი მის რეალურ ძალას. იმედია, ამის შესაძლებლობა კიდევ მოგვეცემა.

- ტოპ-14-ში ჯერ ბევრი არ გითამაშია, მაგრამ ისევ "მიდი ოლიმპიკს" დავესესხოთ: "ყველა მატჩში გამორჩეული იყავი ფეთქებადი ენერგიითა და ზებგერითი სისწრაფით". სადებიუტო ფრანგული სეზონით კმაყოფილი იქნები...

- არა. სხვანაირად არ გაიგოთ, მაგრამ არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. რაც უნდა მაგარი რაღაც გავაკეთო, მოედნიდან გასვლისას მაინც იმაზე ვფიქრობ, რა დავაკელი, რა შეცდომა დავუშვი... შარშანდელი სეზონისგან მეტი მინდოდა და ახლა უფრო მეტი მინდა!

- ივლისი ჩინებული თვე იყო ქართული რაგბისთვის. ნოემბრისაც გვეიმედება - უკეთესი თუ არა, უარესი მაინც არ უნდა იყოს. რას იტყვი მომავალ მეტოქეებზე?

- მოკლედ ვიტყვი - ნოემბერში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ! საკუთარ მოედანზე ურუგვაისა და სამოას დახვედრის შემდეგ, კარდიფში უნდა ვეთამაშოთ უელსს, რომელმაც ჩვენს დამარცხებულ იტალიასთან წააგო და ამის გამო ორმაგი მონდომებით ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ.