„ივანიშვილმა თავისი წერილით სერიოზული ჟღერადობა მისცა იდეას, რომ შესაძლოა აქ ვინმეს ომი სჭირდებოდეს“ - კვირის პალიტრა

„ივანიშვილმა თავისი წერილით სერიოზული ჟღერადობა მისცა იდეას, რომ შესაძლოა აქ ვინმეს ომი სჭირდებოდეს“

პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი "ქართული ოცნების" "მეამბოხე დეპუტატების" დაჟინებულ მოთხოვნას ასრულებს და მაშინ, როცა შვეიცარიის ბანკიდან ფულის მიღების პრობლემა ეხსნება, წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩს შეხვდა, მაგრამ არაფერს ამბობს, სამი საათის განმავლობაში რაზე ილაპარაკეს. სამაგიეროდ, "ქართული ოცნების" ნარატივს­ არ ივიწყებს და ამბობს, რომ "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობენ". აშშ-ის ელჩი კი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევა მხოლოდ რუსული ნარატივია. დიდი ალბათობით ივანიშვილთან მისი შეხვედრა ჩაწერილი იქნება და ძნელი წარმოსადგენია, კელი დეგნანს ღიად გაეკეთებინა ეს განცხადება, რამე მსგავს საკითხზე საუბარი რომ ყოფილიყო... თავის მხრივ, ოპოზიციამ ივანიშვილის წერილის გამოქვეყნება შეაფასა როგორც მის მიერ "საქართველოს მომავლის საკუთარ ინტერესებზე გაცვლა". სინამდვილეში რატომ დასჭირდა ივანიშვილს ასეთი სცენარის გათამაშება, რომ მარტის მიწურულს ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე წერილი გამოექვეყნებინა, სადაც, პრინციპში, ღიად მაინც არ უსაუბრია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ­ საყვარელიძეს ესაუბრა:

- არ მესმის, რას აბრალებს ივანი­შვილს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია?­ არ მესმის, რას ნიშნავს მისი ინტერესების­ საქართველოს მომავალში­ გაცვლა? პირიქით,­ იყო საფრთხე, ივანიშვილის ინტერესები შელახულიყო, ამას კი თავისი საპირწონე ჰქონდა - სავარაუდოდ, საომარი მოქმედებების დაწყება. რაც შეეხება იმას, რომ ეს წერილი გარკვეულ კავშირში­ იყო შვეიცარიის ბანკთან მიმდინარე პერი­პეტიებთან, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო აქ მიმდინარე პროცესებთან, მან ეს კავშირი დაინახა და ბუნებრივად მეჩვენება, რომ ივანიშვილმა ნაბიჯები გადადგა საბრძოლველად. არ უთქვამს, კი ბატონო, შემობრძა­ნდით საქართველოში, ოღონდ მე ჩემი ფული შევინარჩუნოო. ის, რომ ამ თემაზე საუბარი შეიძლება მართლაც ყოფილიყო, გვაფიქრებინებს მოსამართლის ამბავი, სადაც მას პირდაპირ უთხრეს, რადგან არ მოიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო, ამერიკაში არ გაგიშვებთო. ასეთი გულახდილი სტილი თუ აქვთ ამერიკელებს, შესაძლოა ივანიშვილსაც უთხრეს, ჩვენ რაღაც ამოცანები გვაქვს და თუ გააკეთებ, პრობლემა არ შეგექმნებაო.

- სამი დეპუტატის ვითომ გასვლა "ოცნებიდან", რომ ელაპარაკათ ის, რასაც სხვები "ვერ ამბობენ" და მათი ულტიმატუმები დეგნანისადმი, სავარაუდოდ, მოწმობს იმას, რომ ეს ივანიშვილის ინტერესში იყო. რატომ ყოველივე ამის გარეშე არ თქვა, რისი თქმაც სურდა.

- ეს ტექსტები მხოლოდ ივანიშვილს რომ ეთქვა, წარმოიდგინეთ, რა რეაქციები მოჰყვებოდა. ამიტომ, თავდაპირველად­ სამეულმა, მანამდე კი ზაზა შათირიშვილმა თქვა. ივანიშვილმა თავისი წერილით ამ იდეას, რომ შესაძლოა ვინმეს ომი სჭირდებოდეს, სერიოზული ჟღერადობა მისცა...

- თუმცა დეგნანი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის რუსული ნარატივი. უშვებთ, რომ მას ივანიშვილთან ამაზე ელაპარაკა?

- რაც შეეხება დეგნანის პოზიციას, რომ ეს რუსული ნარატივია, მას უკვე შეახსენეს, რომ ამ რუსული ნარატივით ლაპარაკობდა საქართველოზე უკრაინის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია დასავლეთთან... არის კიდევ ერთი სკანდალი - არახამიასთან კითხვებია უკრაინის კრიტიკულ მედიაში. საუბარია იმ ანალიტიკოსებზე, რომელთა პოზიცია ეხმიანება ამერიკის კონგრესმენი ქალის იმ პოზიციას, რომელსაც უნდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემოწმება. ეს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არახამია აბრამოვიჩის მეგობარია. ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ საინტერესოა ანალიტიკოსების აქცენტი - ისინი ამბობენ, რომ არახამიას მეგობარი აბრამოვიჩი პუტინის მეგობარია, მხოლოდ მეგობარი კი არა, მისი მოლარეც და აბრამოვიჩის 12-13 მილიარდი პუტინის მილიარდებია, უბრალოდ, აბრამოვიჩს შეუძლია განკარგვა. ამ დროს არახამია დასავლეთს სთხოვს, რომ სანქციები მოუხსნან აბრამოვიჩს. ასე რომ, გამოდის, არახამია ზრუნავს პუტინის და აბრამოვიჩის ქონების გადარჩენაზე. აქედან რა დასკვნები გამომდინარეობს? უკრაინელების ეს ჯგუფი შორს არ არის რუსული ინტერესებისგან, რუსული ინტერესები კი საქართველოს მიმართულებით იმაშია, რომ ჩაკეტოს როგორც სატრანზიტო ქვეყანა. რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ ჩინური და ინდური ტრანზიტი რუსეთიდან გადაიტანა, სამაგიეროდ, ამ ხაზების დიდი ნაწილი კავკასიაზე გადმოვიდა, მათ შორის, საქართველოზე. ლაპარაკია მილიარდებზე. თუკი რუსეთი მოახერხებს, რომ საქართველოში საფუძვლიანად აურიოს მდგომარეობა, მაშინ აქ გატარებას აღარავინ მოინდომებს, დაუბრუნდებიან რუსეთს და იზრუნებენ იმაზე, რომ რუსეთს დასავლეთმა სატრანზიტო სანქციები მოუხსნას. აქედან ის დასკვნა გამოდის, რომ საქართველოში არეულობა და ქაოსი აწყობს რუსეთს, საამისოდ კი ყველაზე კარგი ფორმა ომია.

- გამოდის, კელი დეგნანი ამერიკის სახელით ივანიშვილს ომის დაწყებას რუსეთის ინტერესების გატარებისთვის სთხოვდა?

- მსოფლიოსთვის დღესაც გაუგებარია, მაგალითად, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი. ამიტომაც ცდილობს დასავლეთი, რომ შეურბილოს რუსეთს სანქციები. გავიხსენოთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რომ თქვა, ანგარიში გავუწიოთ რუსეთსო. მერე მაკრონი და შოლცი ჩავიდნენ უკრაინაში. როგორც ამბობენ, ლაპარაკი იყო სწორედ იმაზე, რომ ზელენსკის რუსეთისთვის დაეთმო - ანუ ეს ფიგურები ანგარიშს უწევენ რუსეთს და არ არის გამორიცხული, ანგარიშს უწევდნენ იმაშიც, რომ რუსეთს სჭირდებოდეს ისეთი სამეზობლო, საქართველოს ვგულისხმობ, სადაც ალტერნატიული სატრანზიტო ხაზები ვერ გაივლის და გაივლის მხოლოდ რუსეთზე. ამ სატრანზიტო ხაზებისთვის ბრძოლაში არ არის გამორიცხული, რომ ევროპამ და ამერიკამ უფრო ნაკლებად გაუწიონ ანგარიში რუსეთს. შესაძლოა თავის დროზე ამ პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი ამ ომის გაჩენის საფრთხე იყო.

- როგორც გავიგეთ, შეხვედრა იყო მარტში, ძალიან მწვავე პერიოდში, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებდნენ. თქვენი აზრით, რუსეთის ინტერესების გატარებაზე მარტშივე ზრუნავდნენ და თან ამერიკა გეგმავდა საქართველოში ომის დაწყებას, რათა რუსეთს ტრანზიტის შემოსავალი არ დაეკარგა? და თუ ასე იყო, ივანიშვილმა ახლა რატომ გადაწყვიტა ამაზე ლაპარაკი, თანაც ამ ფორმით?

- არ გამოვრიცხავ, დეგნანმა ითამაშოს იგივე თამაში, რაც, დავუშვათ, ევროკავშირის წარმომადგენელმა. ხომ გვახსოვს, კობახიძე ევროკავშირის ელჩითაც იყო უკმაყოფილო. საქმე ის არის, რომ ამ ფიგურებს, გინდ ევროკავშირის ელჩს და გინდ ამერიკისას, ხელისუფლების შეცვლის ტენდენცია აქვთ ხოლმე. 2003 წელს მათი სცენარით, მათი ტრენინგით, მათი ფულით მოეწყო "ვარდების რევოლუცია" და ხელი­სუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც იგივე არ სურთ. ბევრი რამ ჰგავს - ელჩების ჩართვა, მოწოდებები მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ... რადგან "ნაციონალები" მათთვის დამყოლი პარტნიორები არიან, შესაძლოა ამიტომაც მიურბით თვალი იმისკენ, ხომ არ აღადგინონ მათი მმართველობა? რაც შეეხება იმას, მარტში დასავლეთს ჰქონდა თუ არა რუსეთთან დათმობაზე წასვლის სურვილი, მე ვიტყოდი, რომ ჰქონდათ, მით უმეტეს, გერმანია-საფრანგეთს. ამიტომ ამ ვერსიას ნუ გამოვრიცხავთ, რომ მათ რუსეთისთვის დათმობის ერთ-ერთ ფორმად შეიძლება მიიჩნიეს საქართველოში ძლიერი სამხედრო შეტაკებები, რომლის შედეგადაც აქ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა, ისევე, როგორც უკრაინაში. რუსეთი იქ არ ომობს, რუსეთი ანადგურებს და აქაც გაანადგურებდა... ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე ომის შემოტანის საფრთხე მოიხსნა, მაგრამ საზოგადოდ, რა თქმა უნდა, არ მოხსნილა და კიდევ როგორ შეტრიალდება, კაცმა არ იცის.

- ივანიშვილის წერილით ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს?

- პოლიტიკაში არ არის და ენას ილესავენ და პოლიტიკაში რომ შემოვა, უფრო არ გაილესავენ? მეორეც, რატომ წავიდა პოლიტიკიდან? სწორედ იმიტომ, რომ მასთან დაახლოებულმა დასავლელმა პირებმა სთხოვეს, შენი პოლიტიკაში ყოფნა ნუ გახდება სალაპარაკოო და გაეცალა.

რუსა მაჩაიძე