"თუ საჭირო გახდება, ნელ-ნელა ვიტყვით ყველაფერს“ - კვირის პალიტრა

"თუ საჭირო გახდება, ნელ-ნელა ვიტყვით ყველაფერს“

"არ მაინტერესებს, რას იტყვის ოპოზიცია, საზოგადოებას არ აინტერესებს მათი არასერიოზული განწყობები", - ასე ეხმაურება დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების აზრს იმის შესახებ, მან "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის მითითებით დატოვა და ახლა სოზარ სუბართან, დიმიტრი ხუნდაძესა და დიმიტრი ყაველაშვილთან ერთად ახალი პარტიის შექმნას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაჭარაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების მოტივით დატოვა. მმართველი პარტიის დატოვების მიზეზებსა და გეგმების შესახებ გურამ მაჭარაშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად შეხვდა მას, გაირკვა, რომ სწორი და ლეგიტიმური იყო დამოუკიდებელი დეპუტატების, ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის შეკითხვები. გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი და ორი პირის სურვილი არ ყოფილა საქართველოს ომში ჩართვა, მთელი პროცესი დაგეგმილა ამისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, ოღონდ არა სახელისუფლებო დეპუტატისგან...

- თუ ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას და ამის არგუმენტები არსებობს, რატომ არ უნდა გაამჟღავნოს ეს ხელისუფლების წევრმა?

- იმიტომ, რომ რთული პოლიტიკური­ პროცესია და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ლავირების საშუალება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დასაცავია იმ მარგინალური ძალებისგან, რომლებიც პროდასავლელების სახელით პრორუსულ საქმეს აკეთებენ. არგუმენტების წარმოდგენა არც გვჭირდება, საჯარო განცხადებები კეთდებოდა საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. რაც შეეხება დანარჩენს, თუ საჭირო გახდება, ნელ-ნელა ვიტყვით ყველაფერს...

- რისი მინიშნება გინდათ, ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას?

- რომელიმე ჩვენგანმა თქვა, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას? ჩვენ არსად არასდროს არ დაგვიდანაშაულებია ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია და არც კითხვის ნიშნები დაგვისვამს ჩვენს პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენი ეჭვები შეეხება იმ პოლიტიკოსებს თუ არაპოლიტიკოსებს, რომლებიც, საქართველოში ომის გაღვივებას ცდილობენ. ჩვენ ჩვენი ქმედებით მათ მივანიშნებთ, რომ თავი დაანებონ ამ საქმეს. ჩვენს თავზე ავიღეთ ის როლი, რომელსაც ახლა ხელისუფლება საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

- რადგან ასეთი როლი გაქვთ, მაშინ დაგვისახელეთ ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.

- მაგალითად, ბატონი ჭიაბერაშვილი და სახალხო დამცველი, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ბომბები უნდა ცვიოდეს. თუ ასეთი სურვილი აქვთ, ვურჩევ იქ წავიდნენ, სადაც უკვე ცვივა ბომბები. ჩვენ ასევე ვგულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთის შესუსტებით უნდა ვისარგებლოთ და აფხაზეთში შევიდეთ. ალბათ, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხარჯზე სურთ ომი, თორემ აქ რომ მართლა რამე მოხდეს, მაგათ ქვეყნიდან ვერავინ გაასწრებს. უკრაინაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, იქიდან პირდაპირ მოგვიწოდეს, თქვენც შეგვეხიდეთ ომშიო. ჩვენ ამერიკის ელჩისგან მხოლოდ ის მოვითხოვეთ, რომ გამიჯვნოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ომში ჩართვას პირდაპირ არავინ მოგვთხოვდა, მაგრამ იყო ისეთი პირობების წაყენება, რაც თავისთავად გულისხმობდა ჩვენს ომში ჩართვას. მაგალითად, განცხადებები, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ერთად?! საქართველო ისედაც იდგა უკრაინის გვერდით, როგორც შეეძლო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკი და ფინანსური სექტორი სრულად ასრულებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. ამით ჩვენმა პარტნიორმა წერტილი დაუსვა იმ ორთვიან სპეკულაციას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცდილობდნენ საქართველო სანქციების ასარიდებელ შავ ხვრელად წარმოეჩინათ. თავის დროზე ელჩ დეგნანსაც შეეძლო ამის გაკეთება...

ხათუნა ბახტურიძე