"საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, თვეობით ვერ იომებს. რუსეთი მომარაგების ხაზებს ერთ დღეში გადაგვიკეტავს და ალყას რამდენ ხანს გავუძლებთ?" - კვირის პალიტრა

"საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, თვეობით ვერ იომებს. რუსეთი მომარაგების ხაზებს ერთ დღეში გადაგვიკეტავს და ალყას რამდენ ხანს გავუძლებთ?"

რას ნიშნავს ივანიშვილის წერილი და მასში გახმოვანებული მესიჯები, ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- ამერიკის ელჩს ყოველთვის შეუძლია გაამართლოს ივანიშვილთან შეხვედრა,­ იმიტომ, რომ ის მილიარდერი, ფილანთროპი,­ გავლენიანი ადამიანია. ამიტომ ამაზე ინსპირაციების დაწყება არ იქნება სწორი.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ შეხვედრაზე ომზე ყოფილიყო ლაპარაკი?

- ივანიშვილი ღიად არასოდეს იტყვის, რომ მას ომში ჩართვას სთხოვდნენ, ამ წითელ ხაზებს არ გადაკვეთს. შესაძლოა ომზე ლაპარაკი იყო, მაგრამ ომში ჩართვის თხოვნა სხვა თემაა და არა მგონია, ეს ეთხოვათ მისთვის.

- სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ომში ჩართვის თხოვნა და ამერიკას ამის რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?

- მთავარი ეგ არის, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამერიკას? საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, თვეობით ვერ იომებს. სხვა თუ არაფერი, რუსეთი მომარაგების ხაზებს ერთ დღეში გადაგვიკეტავს და ალყას რამდენ ხანს გავუძლებთ? არ ვიცი, შეიძლება დეგნანს რამე წამოსცდა და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ომში ჩართვას სთხოვდნენ. ლოგიკა, რომ ამერიკა დაინტერესებული ყოფილიყო საქართველოს ომში ჩართვით, არ ჩანს, რადგან ეს დასრულდებოდა ამერიკის მოკავშირე საქართველოს დამარცხებით და ეს რაში აწყობდა?

შესაძლოა ეს არის შიდაპოლიტიკური ოპერაცია, რათა "ოცნებამ" მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, იმიტომ, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ომი, მადლობა ღმერთს, ასცდა და ოპოზიციამ სერიოზული შეცდომები დაუშვა. ვერ გაიაზრეს, რომ ხალხს ომის ეშინია და ომის თემა სახუმაროდ არ უნდა აქციო. ეს ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა და ახლა იმით ბერავს, აი, თავად ამერიკა გვთხოვდა ამას და ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთო. ისიც შესაძლებელია, რომ საფრთხე სერიოზული იყო, რომ ვიღაცები ომში ჩართვას გვთხოვდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვითო...

- მარტის ბოლოს მომხდარის ახლა აქცენტირება რამდენად მომგებიანია "ოცნებისთვის".

- მგონი, აქ უფრო მნიშვნელოვანია შვეიცარიის ბანკის ამბები. ივანიშვილმა წერილი მას შემდეგ დაწერა, როცა გაირკვა, რომ ბანკს დავა მოუგო, ბანკიდან გაუშვეს დირექტორი და აშკარა ხდება, რომ ივანიშვილს არანაირი სანქციები არ ემუქრება. მე ივლისში კვანძის გახსნას ასე ვხსნი - ანუ გააკეთა მაშინ, როცა საქმე მოუგო შვეიცარიულ ბანკს. მას შიში ჰქონდა, რომ დასავლეთში მის წინააღმდეგ იყო ერთიანი კამპანია და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ბანკთან დავას იგებს, მიხვდა, რომ არაფერი ემუქრება და ბარემ თავის პარტიასაც ასიამოვნა.

- ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს ჩვენს ურთიერთობებზე თუნდაც ამერიკასთან?

- როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო მაინც სჭირდებათ. ევროპის გაზით მომარაგება საქართველოზეა დამოკიდებული, რადგან გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

- საქართველოში ომის საფრთხე დღეს რამდენად არსებობს?

- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანა გახდეს და უნდა ყველაფერი მის ხელში იყოს. თუმცა ამ ეტაპზე წაგებას უფრო ნახავს, ვიდრე მოგებას - აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაიფუჭებს, რადგან საქართველოზე გამავალი ტრანზიტი აზერბაიჯანის ინტერესიც არის. მთლად ასეთი გიჟებიც არ არიან.

სანამ უკრაინაში ომია და საქართველო,­ ასე ვთქვათ, გატრუნულია, საფრთხე, წესით, არ გვემუქრება, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ასი პროცენტით დაცუ­ლი ვართ. უკრაინაზე თავდასხმაც აშკარად ალოგიკურია და აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე აგვცდა.

რუსა მაჩაიძე