ქიმიური იარაღი - ადამიანების მასობრივად განადგურებისთვის შექმნილი პირველი საშუალება - კვირის პალიტრა

ქიმიური იარაღი - ადამიანების მასობრივად განადგურებისთვის შექმნილი პირველი საშუალება

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ავხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ მშვიდობიანობის დროსაც ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად: იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, ავტოკატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა სახის კატასტროფა. ვუსურვებთ ჩვენს მკითხველს, რომ ამ რჩევების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირვებოდეს. რუბრიკაში "სამოქალაქო თავდაცვა" დიდი სიამოვნებით ვუპასუხებთ ამ საჭირბოროტო თემებთან დაკავშირებულ მკითხველის კითხვებსაც, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

ადამიანს თავისნაირის მოკვლა ისრებითა და ტყვიებით როდესაც "მოჰბეზრდა", ისეთი რამ გამოიგონა, რაც მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას მასობრივად გაანადგურებდა. თავდაპირველად, ეს შრაპნელიანი საარტილერიო ჭურვები და ტყვიამფრქვევები იყო, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში მართლაც მასობრივი განადგურების პირველი საშუალება - ქიმიური იარაღი გამოჩნდა.

სიმართლე რომ ითქვას, ასწლ­ეულების განმავლობაში ერთგვარ ქიმიურ იარაღს ისედაც იყენებდნენ ომებში, როდესაც ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის დამცველებს სასმელი წყლის წყაროსა და ჭას უწამლავდნენ, ან ისრებზე სწრაფმოქმედ შხამს უსვამდნენ, მაგრამ მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი მაინც პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში, ქალაქ იპრიტთან "დაიბადა", როდესაც 1915 წლის 22 აპრილს გერმანელებმა ფრონტის ხაზზე 5 730 გაზის ბალონიდან 180 ტონა ქლორი გაუშვეს, რის შედეგადაც 15 ათასამდე ჯარისკაცი მოიწამლა, მათგან არანაკლებ 5 ათასი კი მოგვიანებით დაიღუპა.

atom2-1659291071.jpg
მოსახლეობისთვის ტექნიკურად გამართული აირწინაღების მარაგის შექმნა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს...

პანდორას ყუთი გაიღო და საბრძოლო მომწამვლელი გაზების გამოყენება ყველა მებრძოლმა მხარემ დაიწყო, რასაც სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებიც მრავლად ემსხვერპლნენ, რადგან ქარის მიმართულების შეცვლა მომწამვლელ გაზის ღრუბელს ქალაქებისკენ მიერეკებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მომწამვლელი გაზები მასობრივად თითქმის არ გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის გერმანიასა და სტალინის საბჭოთა კავშირს ასიათასობით­ ტონა ქიმიური იარაღი ჰქონდათ გამზადებული.

სწორედ ამითაც აიხსნება, რომ ვერც ჰიტლერმა და ვერც სტალინმა ვერ გაბედა ქიმიური იარაღის მასობრივად გამოყენება­, რადგან მოწინააღმდეგე მხარის შურისმაძიებელ პასუხს უფრთხოდა ანალოგიური მასობრივი განადგურების იარაღით, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეფრეიტორი ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის დროს თურმე თავად მოყვა მოწინააღმდეგის ქიმიურ შეტევაში, დროებით დაბრმავდა და მას შემდეგ ქიმიური იარაღის სახელის გაგონებაც არ სურდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ოცი წლის შემდგომ ქიმიური საშუალებების ერთგვარი ნაირსახეობის - დეფოლიანტების­ 72 მლნ ლიტრი ხსნარი გააფრქვია ამერიკულმა ავიაციამ ვიეტნამის ჯუნგლებში მწვანე საფრის გასანადგურებლად, სადაც ვიეტ­კონგელი კომუნისტი პარტიზანები იმალებოდნენ. კიდევ ოცი წლის შემდეგ კი, უკვე ირან-ერაყის ომში, ორივე მხარე სცოდავდა საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით. 1992 წლის 30 ნოემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამ კონვენციის პუნქტების შესრულებას აკონტროლებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელშიც დღეისათვის გაერთიანებულია 189 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

ეს იყო მცირე ექსკურსი ქიმიური იარაღის შექმნის, საბრძოლო გამოყენებისა და მისი აკრძალვის ისტორიიდან.

რა სახის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს

ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება განსაზღვრული იყო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად და მწყობრიდან გამოსაყვანად. მომწამვლელი ნივთიერებები ადამიანზე ზემოქმედებს სუნთქვის ორგანოების, კანისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლით.

სასიკვდილო ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებად ითვლება "ზარინი" და "იპრიტი", ადამიანის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად ქლორაცეტოფენონი, გამაღიზიანებლად - სი-ეს-გაზი, ხოლო სასწავლოდ კი ქლორპიკრინი.

საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები კლასიფიცირდება როგორც ნერვულ-პარალიტიკური ("ზარინი", "ზომანი", "ტაბუნი"), მახრჩობელა ("ფოსგენი", "დიფოსგენი") და კანზე ("იპრიტი", "ლუიზიტი") მოქმედების მიხედვით.

ასევე გამოირჩევა ფსიქოქიმიური ზემოქმედების ნივთიერებები, რომლებიც არ კლავს ადამიანს, მაგრამ ზემოქმედებს მის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გარკვეული დროის განმავლობაში მასში შიშის გრძნობას აღძრავს.

გამაღიზიანებელი მოქმედების მომწამვლელ ნივთიერებებს, მაგალითად, სი-ეს-გაზს, ხშირად იყენებს პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად - სამწუხაროდ, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ეს არაერთხელ მოხდა.

ვის ჰქონდა ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და შესაბამისად, პირველი "ცივი ომის" დამთავრების დროისთვის მსოფლიოში ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალი მოსკოვს­ დარჩა - 39 967 ტონა საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები, მეორე „საპატიო“ ადგილზე კი აშშ იყო 31 500 ტონით.

მსოფლიოს ეს ორი ბირთვული­ ზესახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში მალულად აწარმოებდა და ინახავდა "ლუიზიტით",­ "იპრიტით", "ზარინით", "ზომანითა" თუ ვი-ექს-გაზით სავსე საარტილერიო ჭურვებს, რაკეტის ქობინებსა და საავიაციო ბომბებს.

აშშ-ის დაფინანსებით რუსეთმა 2017 წლისთვის სრულად გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგი, თუკი დაეჯერება მოსკოვის ოფიციალურ განცხადებას, სამაგიეროდ, ამერიკელები მხოლოდ 2023 წლის მიწურულისთვის გეგმავენ ბოლო ქიმიური ჭურვის დემონტაჟს.

atom3-1659291071.jpg
საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საარტილერიო ჭურვების დემონტაჟი

ქიმიური მოწამვლის საფრთხე მოსახლეობისთვის

ქიმიური ნივთიერებებით მოსახლეობის მასობრივად დაზიანების საფრთხე არა მარტო ომის დროს არსებობს, მშვიდობიან პერიოდშიც არ არის გამორიცხული რომელიმე ტექნოგენური კატასტროფის გამო, თუკი ეს ქიმიურ ქარხანაში ან საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების დროს ხდება.

1984 წელს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში ამერიკული კორპორაციის ქიმიურ ქარხანაში ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჟონილმა 42 ტონა მეთილიზოციანატის მომწამვლელმა ორთქლმა 7 ათასამდე ადგილობრივი მოსახლე რამდენიმე დღეში სიცოცხლეს გამოასალმა.

თავის დროზე, თბილისშიც იყო შემთხვევა, როდესაც ცისტერნიდან გაჟონილმა ქლორმა (რომელსაც სასმელი წყლის დეზინფექციისთვის იყენებენ) ახლომყოფები მოწამლა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.

საფრთხე ყოველთვის არსებობს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქიმიური მრეწველობის ობიექტის ახლოს ცხოვრობენ ან ამ საწარმოში მუშაობენ, რადგან ტექნიკური ავარიებისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომაც სასურველია, თუკი ამ საწარმოების ხელმძღვანელები ქარხნების მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს სასწავლო კურსებს ჩაუტარებენ, როგორ უნდა მოიქცნენ ტექნოგენური კატასტროფების დროს და როგორ დაიცვან თავი განგაშის სიგნალის შემდეგ.

ასეთი პოტენციურად საფრთხის შემცველი საწარმოების მესვეურებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, ძირითადად თუ რა მიმართულებით ქრის ქარი და კრიტიკულ სიტუაციაში საით შეიძლება წაიღოს მომწამვლელი ღრუბელი.

ასეთი ქიმიური საწარმოების მეზობლად ცხოვრება ბევრად სახიფათო ხდება, თუკი ეს რაიონი საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოყვა და უნებლიეთ, შეიძლება გამიზნულადაც კი, მოწინააღმდეგემ საცეცხლე დარტყმა მიაყენოს ამ საწარმოს, რასაც საშიში ქიმიური კომპონენტების ატმოსფეროში გამოტყორცნა მოჰყვება.

რუსეთის აგრესიის დაწყების შემდგომ უკრაინაში შემორჩენილი მძლავრი ქიმიური საწარმოებიც არცთუ იშვიათად გადაქცეულან რუსი ოკუპანტების დაბომბვის სამიზნედ და ცაში ნარინჯისფერი მომწამვლელი ღრუბლები წარმოქმნილა.

როგორ დაიცვას თავი მოქალაქემ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებისგან?

ასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირველად მასობრივად გამოიყენეს მომწამვლელი გაზები ადამიანების მასობრივად დასახოცად, აირწინაღზე უკეთესი საშუალება ადამიანის სასუნთქი და საყლაპავი ორგანოების დასაცავად ჯერ არ გამოუგონიათ, ხოლო კანის დასაცავად მისი ერთიანად დაფარვაა საჭირო, რაც შეიძლება მეტი ჰერმეტულობისთვის.

ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებებისგან წყლისა და საკვების მარაგის დაცვას არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს, ხოლო ქიმიური ზემოქმედების შემდეგ მოპოვებული სასმელ-საჭმელი განსაკუთრებულად გაიწმინდოს-გაიფილტროს.

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ გაეროს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოებისა და გამოყენების წინააღმდეგია, მაგრამ მაინც არის იმის საფრთხე, რომ რომელიმე ქვეყნის დიქტატორულმა რეჟიმმა მაინც გაბედოს ქიმიური იარაღის მასობრივად გამოყენება.

კიდევ ერთი საფრთხეა რომელიმე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თავის გამოსაჩენად დიდ ქალაქში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გაბნევის შესაძლებლობაც, დაახლოებით ისე, როგორც 1995 წელს ტოკიოს მეტროში ადგილობრივმა ტერორისტულმა სექტამ "ზარინი" გააფრქვია.

ზოგიერთ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებას არც ფერი აქვს და არც სუნი, რაც ძალზე აძნელებს მათ დროულ აღმოჩენას. ეს მხოლოდ სპეციალური მოწყობილობებითაა შესაძლებელი, შესაბამისად, იზრდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერორისტული მიზნით მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას მოქალაქეებში დიდი მსხვერპლის საფრთხე.