"დიდი შანსია, რომ "შავი ყუთის" ხეობის ძირში პოვნის შემდეგ ის დაუზიანებელი აღმოჩნდეს და მოხერხდეს კატასტროფამდე ბოლო 15-20 წამის გაშიფვრა" - კვირის პალიტრა

"დიდი შანსია, რომ "შავი ყუთის" ხეობის ძირში პოვნის შემდეგ ის დაუზიანებელი აღმოჩნდეს და მოხერხდეს კატასტროფამდე ბოლო 15-20 წამის გაშიფვრა"

29 ივლისს გუდაურთან ავიაკატასტროფამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შვეულმფრენი და მასში მყოფი რვა კაცი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი იმსხვერპლა.

ტრაგედიის მომენტი გაამძაფრა თვითმხილველის მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა, როდესაც კუდის ხრახნმოწყვეტილ და უმართავად მბრუნავ შვეულმფრენს ხეობა თითქოს ითრევს, შთანთქავს და კადრს მიღმა ქალის ხმამაღალი მოთქმა უკიდურესად ამძიმებს სურათს.

რას წარმოადგენდა კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი და შეეძლო თუ არა მას ამ ტიპის სამაშველო ოპერაციის ჩატარება

გუდაურთან კატასტროფაგანცდილი სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შვეულმფრენი Mи-8MTV-1 საბორტე ნომრით 10001 ყაზანის საავიაციო ქარხანას სამი ათეული წლის წინ ჰქონდა გამოშვებული.

კონკრეტულად ეს შვეულმფრენი ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილად ითვლებოდა არა მარტო მესაზღვრეების ავიაციაში, არამედ მთლიანად საქართველოში, რადგან საბორტე რადიოლოკატორის გარდა, ჰქონდა ოპტიკურ-ელექტრონული ხედვის აპარატურა და მძლავრი პროჟექტორი, რომლებიც ეკიპაჟს დღისით და ღამით რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი ფრენისა და ამოცანის შესრულების საშუალებას აძლევდა.

შვეულმფრენის მარცხენა ბორტზე, კარის თავზე, დამონტაჟებული იყო მძლავრი ჯალამბარი, რომელსაც ბაგირით ორი კაცის - მაშველისა და დაზარალებულის უპრობლემოდ აწევა შეეძლო რამდენიმე ათეულ მეტრზე ერთ ადგილას "ჩამოკიდებულ" შვეულმფრენის სალონში.

Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა 13 ტონას აღწევს და მაქსიმალური 4 ტონა ტვირთი გადააქვს, ან 25 კაცი გადაჰყავს (ეკიპაჟის სამი წევრი და 22 მგზავრი), ამიტომაც არ შეიძლება თქმა, რომ კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი, რომელშიც ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი იმყოფებოდა, გადატვირთული იყო.

Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენი მოდერნიზებული საბჭოთა Mи-8MT ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის (რომელიც სპეციალურად შეიქმნა 1980-იანი წლების დასაწყისში ავღანეთის მაღალმთიან რაიონებში დესანტის გადასასხმელად) სამოქალაქო ვარიანტია და უპრობლემოდ შეუძლია აფრენა-დაფრენა 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ასე რომ, ვერც ეს ფაქტორი გახდებოდა გუდაურთან დატრიალებული ტრაგედიის წინა პირობა.

ამ შვეულმფრენის მგზავრი და თვითმხილველი ყოფილა სტატიის ავტორი, როდესაც მესაზღვრეების გამოცდილ მფრინავს კავკასიის ქედის ერთ-ერთ სიმაღლეზე შვეულმფრენი სამიდან მხოლოდ ორ ბორბალზე დაუსვამს, ხეობის უფსკრულში შვეულადაც დაშვებულა და ჰაერშიც დიდხანს ერთ ადგილზე უმოძრაოდ გამოკიდებულა.

3-1659162174.png
კუდის ხრახნის დაზიანება და მისი დაკარგვა კატასტროფული იყო მესაზღვრეთა Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენისთვის, რამაც მის ეკიპაჟს გადარჩენის თეორიული შანსიც კი არ დაუტოვა...

ამიტომაც ზოგიერთის მტკიცება, რომ Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენი არ არის გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონში სამაშველო ოპერაციებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაზეც თუნდაც ის ევაკუირებული და გადარჩენილი ადამიანები მეტყველებენ, რომლებიც ხელმეორედ დაბადებას კონკრეტულად ამ შვეულმფრენსა და მის სხვადასხვა ეკიპაჟს უნდა უმადლოდნენ.

რამდენად გამოცდილი იყო კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენის ეკიპაჟი

ეკიპაჟის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლორია ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში 23 წლის ახალგაზრდა დაფრინავდა Mи-8MT ტიპის შვეულმფრენით ჯერ მარჯვენა სავარძელზე, შემდეგ მარცხენაზე მეთაურის რანგში და ადვილი მისახვედრია, რომ განვლილ სამ ათეულ წელში მან უზარმაზარი საფრენოსნო გამოცდილება შეიძინა.

1-1659162174.png
კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი თავისი სპეციალური აღჭურვილობით (საბორტე რადიოლოკატორი, ოპტიკურ-ელექტრონული ხედვის მოწყობილობა, ძლიერი პროჟექტორი და მძლავრი ჯალამბარი) ყველაზე მომზადებულად ითვლებოდა სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად...

ბორტტექნიკოსიც დიდი ხანია დაფრინავდა ამ ტიპის შვეულმფრენზე და გამოცდილება ნამდვილად არ აკლდა.

ეკიპაჟის მარჯვენა სავარძელში მჯდომი მეორე მფრინავი ბევრად ახალბედა გახლდათ, ამხელა საფრენოსნო სტაჟი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა იმ კრიტიკულ მომენტში შვეულმფრენს მარცხენა სავარძლიდან ეკიპაჟის მეთაური მართავდა.

იყო თუ არა შვეულმფრენის კუდის ხრახნის წამიერი კონტაქტი კლდის ფერდობთან

თავდაპირველად გავრცელებულ თვითმხილველების ორ ვიდეოჩანაწერში ჩანს მტვრის მოთეთრო ღრუბლის წარმოქმნა 18 მ სიგრძის შვეულმფრენის კუდის ხრახნთან, რაც აჩენს ეჭვს, რომ კუდის ხრახნი წამიერად წამოედო კლდის ფერდობს, რამაც წარმოქმნა მტვრის მოთეთრო ღრუბელი.

მესამე ვიდეო, რომელიც ხეობის ძირიდანაა გადაღებული, თითქმის ეჭვს აღარ ტოვებს, რომ კუდის ხრახნი წამიერად მართლაც შეეხო კლდის ფერდობს.

შვეულმფრენის კუდის ხრახნის კლდის ფერდობზე წამიერად კონტაქტის შედეგად წარმოქმნილმა მექანიკურმა დაზიანებამ მწყობრიდან გამოიყვანა შვეულმფრენის მთავარი რედუქტორის კუდის ხრახნის რედუქტორთან შემაერთებელი დიდი სიჩქარით მბრუნავი ლილვი, წარმოიქმნა რეზონანსული ეფექტი, რასაც მოჰყვა კუდის ხრახნის თავის რედუქტორთან ერთად მოწყვეტა.

ერთხრახნიანი სქემის შვეულმფრენების (რომელსაც მიეკუთვნებოდა ქართველი მესაზღვრეების კატასტროფაგანცდილი Mი-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენიც) უმთავრესი კონსტრუქციული შემადგენელი სწორედ კუდის ხრახნია, რომელიც აკომპენსირებს შვეულმფრენის მთავარი ხრახნის მუშაობისას წარმოქმნილ მობრუნების მომენტს.

კუდის ხრახნის მუშაობის გარეშე შვეულმფრენი რედუქტორის ღერძის გარშემო იწყებს ბრუნვას, მთავარი ხრახნის ბრუნვის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც გამოჩნდა კიდეც ვიდეოჩანაწერში მესაზღვრეების შვეულმფრენის კუდის ხრახნის მოწყვეტის შემდეგ.

რა შეიძლება გამხდარიყო კლდის ფერდობზე მიჯახების მიზეზი

ერთადერთი და მთავარი მიზეზი შვეულმფრენის კუდის ხრახნის მყისიერი კონტაქტისა კლდის ფერდობთან შეიძლება გამხდარიყო ქარის მოულოდნელი დაბერვა, რომლის კომპენსირება მართვის ორგანოებით ეკიპაჟის მეთაურმა ვეღარ მოასწრო, რადგან შვეულმფრენი ხეობის კლდის ფერდობთან ძალიან ახლოს იყო "ჩამოკიდებული" ერთ ადგილას, რადგან ჩამოვარდნილი პარაპლანიც და დაშავებული პარაპლანერისტებიც სწორედ ამ კლდის კალთაზე ეკიდნენ.

ქარის მიმართულების შეცვლა და მოულოდნელი დაბერვა მთებსა და ხეობებში იშვიათობა არ არის, რასაც მიწაზე მდგომი ადამიანი ნაკლებად აქცევს ყურადღებას, მაგრამ ხრახნფრთიანი შვეულმფრენის მართვისას პილოტი ამას მთელი სხეულით შეიგრძნობს.

samx3-1659292269.jpg
2017 წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობისას მესაზღვრეების ანალოგიური ტიპის შვეულმფრენის ავარია, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა...

მახსოვს, ტრაგიკულად დაღუპული შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, მასზე გადაღებულ სატელევიზიო ფილმში ჰყვებოდა და ასაჯაროებდა ვიდოკადრებს, თუ როგორ გადაურჩა მისი ეკიპაჟი ნაღდ სიკვდილს მყინვარწვერთან დაჯდომისას, როდესაც ქარის მოულოდნელმა დაბერვამ შვეულმფრენი კინაღამ გვერდზე დასცა და სწორედ ამ გამოცდილი მფრინავის ოსტატობამ - შვეულმფრენის ხეობაში "ჩაგდებითა" და სიჩქარის აკრეფით - ყველა გადაარჩინა იმ საბედისწერო მომენტში, რისი ამსახველი ვიდოეკადრებიც ძარღვებში სისხლს ყინავს.

სამწუხაროდ, ამჯერად პოლკოვნიკ ლორიას ეკიპაჟს აღარ გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა კუდის ხრახნდაზიანებული შვეულმფრენის "მოთოკვას", მაგრამ რედუქტორთან ერთად კუდის ხრახნის მოტყდომის შემდგომ გადარჩენის თეორიული შანსიც კი გაქრა...

იყო თუ არა შავი ყუთი ჩამოვარდნილ შვეულმფრენზე

Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენის ბორტზე დაყენებულია БУР-1-2 ტიპის საბორტე რეგისტრატორი, რომელიც იწერს და ინახავს ფრენის პარამეტრებს, ძრავების მუშაობის მონაცემებსა და სხვ. მას სხვანაირად შავ ყუთსაც უწოდებენ, მაგრამ მონაცემების შემნახველი ხელსაწყო, პირიქით, ნარინჯისფერია, რათა ადვილად მოსაძებნი იყოს საავიაციო შემთხვევის ადგილზე.

ეს ხელსაწყო კარგადაა დაცული და ერთი საათი უძლებს 1 100 გრადუს ტემპერატურას ხანძრის ეპიცენტრში ან 260 გრადუსს 10 საათის განმავლობაში. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ხეობის ძირში მისი პოვნის შემდეგ ის დაუზიანებელი აღმოჩნდეს და მოხერხდეს კატასტროფამდე ბოლო 15-20 წამის გაშიფვრა.

შესაძლებელია თუ არა "შავი ყუთის" მონაცემების გაშიფვრა საქართველოში

გუდაურთან მესაზღვრეთა შვეულმფრენის კატასტროფის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რომ "შავი ყუთი" აუცილებლად ამერიკაში თუ ევროპაში უნდა გაიგზავნოს, თითქოს მხოლოდ იქ შეძლებენ სიმართლის დადგენას...

ასე არ არის, საქართველოში, სასაზღვრო პოლიციის საავიაციო დანაყოფში არის შესაბამისი აპარატურა ამ ტიპის "შავი ყუთების" მონაცემების გასაშიფრავად. ლოგიკურად, აბა, წლების განმავლობაში როგორ იფრენდნენ ეს შვეულმფრენები, თუკი ალექსეევკის საავიაციო ბაზაში დაბრუნების შემდეგ ფრენის პარამეტრებს არ გადაამოწმებდნენ ინჟინრები დარღვევებისა და გაუმართაობის აღმოსაჩენად?

samx2-1659292269.jpg
ალპებში სპეციალიზებული სამაშველო შვეულმფრენის მოქმედება...

ვის და სად შეუძლია ამ ავიაკატასტროფის ობიექტური გამოძიება

არსებობს წესი, რომლის თანახმადაც, საავიაციო შემთხვევის გამოძიებაში ერთვება ის ქვეყანაც, სადაც მოხდა ავარია თუ წარმოებულია კატასტროფაგანცდილი საფრენი აპარატი.

ამ წესით მაშინ რუსეთის მხარეც უნდა მოვიწვიოთ, რადგან ეს შვეულმფრენი ყაზანის საავიაციო ქარხანაში იყო აწყობილი, ოღონდ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში.

რეალურად კი არც რუსების, არც ამერიკელებისა და არც ევროპელი სპეციალისტების მოწვევა არ გვინდა, რადგან ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, რომელსაც მაღალ პროფესიონალურ დონეზე გამოუკვლევია საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი არაერთი საავიაციო შემთხვევა და ობიექტური დასკვნებიც დაუდვია. ამ ბიუროს აქვს იმის პროფესიონალური კომპეტენცია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც გამოიძიოს, თუმცა...

თუმცა ის, რომ ეს ბიურო კანონის თანახმად მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის რეესტრში რეგისტრირებულ საფრენ აპარატებთან დაკავშირებულ შემთხვევებს იკვლევს, ხოლო კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციას განეკუთვნებოდა და შესაბამისად სახელმწიფო კუთვნილი ავიაციის რანგში გადიოდა...

მაგრამ წმინდა ბიუროკრატიული ზღუდეების მოხსნა ოპერატიულად ერთი ოფიციალური მიმართვითაც შეიძლება სამინისტროებს შორის. მთავარია, სურვილი იყოს...

რამდენი შვეულმფრენი დაკარგა ავარიებისა და კატასტროფების შედეგად მესაზღვრეების ავიაციამ

1999 წლის 22 აპრილს მესაზღვრეების საავიაციო დანაყოფის ოფიციალურად შექმნას სათავეში ედგა ბევრისთვის ძალიან კარგად ცნობილი და მაღალპროფესიონალი მფრინავი შამილ ქორთოშიძე.

განვლილ 23 წელში მესაზღვრეების ავიაციამ შემდეგი დანაკლისი განიცადა: სავარჯიშო ფრენის დროს კუმისის ტბაში ჩავარდა Mи-2 ტიპის შვეულმფრენი და ორივე პილოტი დაიღუპა; ბორჯომთან ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დროს მდინარიდან სპეციალური კალათით წყლის აღების მომენტში დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდა Mи-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენი, საბედნიეროდ, ამ ავარიას არავინ შესწირვია; მთაში სასაზღვრო საგუშაგოსთან დაჯდომის მომენტში ქარის მოულოდნელი დაბერვის გამო გადაყირავდა და დაიმტვრა "სუპერ პუმას" ტიპის შვეულმფრენი და ეს ინციდენტიც უმსხვერპლოდ დასრულდა და აი, ბოლოს...

ვინ და რა ტიპის შვეულმფრენებით უნდა ჩაატაროს სახიფათო სამაშველო ოპერაციები მთებში

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ბოლო წლებში ერთგვარ "გაჭირვების ტალკვესად" იქცა - სწორედ მის ეკიპაჟებსა და შვეულმფრენებს იძახებდნენ, თუკი სადმე მთაში ტურისტს ფეხი გადაუბრუნდებოდა.

ფაქტობრივად, სასაზღვრო პოლიციის ეკიპაჟები სამაშველო სამსახურის საჰაერო "სასწრაფო დახმარებად" გადაიქცნენ, რაც აუცილებელია მთაგორიანი რელიეფის მქონე ტურისტული ქვეყნისთვის, მაგრამ ეს სასაზღვრო პოლიციის პირდაპირ ფუნქციაში არ შედის. ამისთვის შსს-ში შემავალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (რომლის პირდაპირი მოვალეობაა სამაშველო ოპერაციების ჩატარება) დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე სპეციალიზებული შვეულმფრენი მაღალ მთებში დაშავებულების საჰაერო ძებნისა და ევაკუაციისთვის და ამისთვის 13-ტონიანი სატრანსპორტო შვეულმფრენების ისედაც მწირი საფრენოსნო რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს.

საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს ქვეყანა მაღალრეიტინგულ ტურისტულ ჰაბად გადაიქცეს, მაშინ აუცილებლად იმაზეც უნდა იფიქროს, თუ სწრაფად როგორ უშველოს მთაში, ბარში თუ ზღვაზე განსაცდელში ჩავარდნილ ტურისტს.

ამისთვის კი საჭიროა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში სპეციალიზებული სამაშველო შვეულმფრენების მცირე პარკის შექმნა და არა მესაზღვრეების ისედაც მწირრესურსიანი შვეულმფრენების იმედზე ყოფნა.

სამაშველო შვეულმფრენების ბაზირების რამდენიმე ადგილი შეიძლება მოეწყოს ტურისტული სეზონების სპეციფიკიდან გამომდინარე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და არა სვანეთის მთებში დაშავებულის საევაკუაციოდ შვეულმფრენი თბილისის აეროპორტიდან ადიოდეს ცაში.

თავად სამაშველო შვეულმფრენის კონკრეტული ტიპის შერჩევა არ არის ძალიან რთული. ამისთვის საჭიროა, მაგალითად, ალპებში ევროპული სამაშველო სამსახურების გამოცდილების კარგი ანალიზი და მისი გათვალისწინებით შვეულმფრენების მწარმოებელი ერთი ფირმის არჩევა, რათა სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენების ექსპლუატაციამ ტექნიკური პრობლემები არ გააჩინოს და მნიშვნელოვნად არ გააძვიროს მათი გამოყენება.