1 აგვისტოს, გამთენიისას, ევროპა კიდევ ერთი ახალი ომის დაწყების წინაშე იდგა... - კვირის პალიტრა

1 აგვისტოს, გამთენიისას, ევროპა კიდევ ერთი ახალი ომის დაწყების წინაშე იდგა...

რუსეთ-უკრაინის თითქმის ნახევარწლიანი ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, ევროპაში გასულ ღამეს, შესაძლოა, კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედებების თეატრი გახსნილიყო, თანაც ევროპის თითქმის შუაგულში, სერბეთსა და ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოს შორის...

იუგოსლავიის დაშლის პროცესი საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის პერიოდს დაემთხვა და შეიძლება ამიტომაც ჩვენთან, საქართველოში, მეტწილად დიდი ყურადღების გარეშე დარჩა, რადგან საკუთარი პრობლემები თავზე საყრელი გვქონდა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, იგივე ოს და აფხაზ სეპარატისტებთან დაკავშირებით...

დიდ სისხლისღვრას გასული საუკუნის 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ვერც უკვე ყოფილ იუგოსლავიაში შემავალი რესპუბლიკები გადაურჩნენ, თუმცა ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ექვსი რესპუბლიკიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა ოთხმა - სლოვენიამ, ხორვატიამ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ და მაკედონიამ (საბერძნეთის დაჟინებული პროტესტის შემდეგ, ამ რესპუბლიკას სამი წლის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიად გადაერქვა სახელი).

ყოფილი იუგოსლავიის მემკვიდრე - სერბეთი იძულებული იყო, შეჰგუებოდა ამ რეალობას და თავისთან კავშირში მხოლოდ მონტენეგროს „აკავებდა“, მაგრამ 2003 წელს მანაც თავს უშველა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებული ეს ურთულესი პოლიტიკური ვნებათაღელვები თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 1999 წელს უკვე უშუალოდ სერბეთიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობა გადაწყვიტა კოსოვომ, რომელიც „კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის“ სტატუსით შედიოდა სერბეთის შემადგენლობაში და მის სამხრეთ ნაწილში არის განთავსებული.

კოსოვოს ოლქს კი, რომელშიც ორ მილიონამდე ალბანელი ცხოვრობს, თავის მრივ, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ალბანეთი და ადვილი მისახვედრია, ვინ ვის დაუჭერდა მხარს...

2-1659335832.jpg
სერბეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმი კოსოვოს საზღვართანაა მობილიზებული...

1999 წელს სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ნატომ კოსოვოში თავისი საერთაშორისო კონტინგენტი KFOR-ი განათავსა (ნატოს ამ კონტინგენტში, კოსოვოში, 1999-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების 17-მა ოცეულმა და 11-მა ასეულმა გაიარა როტაცია, საბედნიეროდ - უდანაკარგოდ).

2008 წლის თებერვალში მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის - აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იტალიამ, გერმანიამ ცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. დღეს კოსოვოს დამოუკიდებლობას 114 ქვეყანა აღიარებს.

გასაგებია, რომ სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების თანაცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა ამ წლებში, მით უმეტეს, რომ თავად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, უშუალოდ სერბეთის სამხრეთ საზღვართან, 100 ათასამდე სერბი კომპაქტურადაა დასახლებული და ისინი არ ცნობენ სახელმწიფო საზღვარს...

სწორედ ამ კოსოვოელ სერბებს, გარკვეულწილად, უკავშირდება ის გადაუჭრელი პრობლემა, რის გამოც 1-ელ აგვისტოს, გამთენიისას, კინაღამ ახალი ომი დაიწყო ევროპაში.

კოსოვოს მთავრობას სწორედ 1-ელ აგვისტომდე ჰქონდა მიცემული ვადა, რომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სერბებს ავტოტრანსპორტზე დაყენებული სერბეთის სანომრე ნიშნები კოსოვოურით შეეცვალათ...

საზღვართან მაცხოვრებელმა სერბებმა კი პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტეს, კოსოვოს პოლიცია მათ გახსნას შეეცადა და...

1-ელი აგვისტოს ღამეს საზღვრის ორივე მხარეს მობილიზებული იყო სერბეთისა და კოსოვოს საბრძოლო დანაყოფები, ყველაფერი ცეცხლის გახსნისკენ მიდიოდა, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლების ჩარევითა და ეტყობა, ერთგვარი ზეწოლის შემდეგ, კოსოვოს მთავრობას ერთი თვით, 1-ელ სექტემბრამდე არ გადაატანინეს ავტომობილებზე სანომრე ნიშნების შეცვლის თარიღი, მაგრამ რა გადაწყდება ამ ერთ თვეში?

პ.ს.

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების პრეცედენტი, სამწუხაროდ, გადაჯაჭვულია ჩვენი საქართველოს უმთავრეს პრობლემასთან.

როდესაც 2008 წლის თებერვალში ამერიკელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა თუ გერმანელებმა სერბეთის ამ სეპარატისტული მხარის დამოუკიდებლობა აღიარეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაორაზროვნად დაიმუქრა - რუსეთის მოკავშირე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის მოსკოვი დასავლეთს საკადრის პასუხს გასცემსო...

და სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ კრემლის ამ ბინადარმა, ჩვენდა სავალალოდ, შეასრულა დანაქადნი და დასავლეთს სამაგიერო საქართველოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციით გადაუხადა...

დასავლეთის მხრიდან თავის დროზე დიდი შეცდომა გახლდათ სეპარატისტული კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც დღეს კიდეც ხვდებიან ევროპაში, მაგრამ მაშინ იმხელა სურვილი იყო, რომ ევროპის შუაგულში კომუნისტური იუგოსლავია და მისი მემკვიდრე პრორუსული სერბეთი დაეშალათ, რომ ყველაფერზე მიდიოდნენ...