"მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება -სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება -სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში"

მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ - არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, სააკაშვილი მომავლის ლიდერი აღარ არის და საქართველოში საკუთარი თავი ამოწურა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს. მისივე თქმით, სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს: პროცესს, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

„სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია,მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან გონიერი და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს. ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით და იმით, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ შექმნილ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს. მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, რითაც ხელს უხსნის„ქართულ ოცნებას“ და საფრთხის ქვეშ აყენებენ ყველაზე დიდ სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ერთბაშად ორი პროცესი უაზრობაა, ამ არგუმენტების არ მესმის და მიმაჩნია, რომ არის ძალიან არასერიოზული. მიზნიდან უნდა გამოვიდეთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპოზიციის უპასუხისმგებლობად მიმაჩნია დამოკიდებულება - „არა მე იქ არ დავჯდები, არ ვიმუშავებო“. ყველაზე მნიშვნელოვან 12 პუნქტზე, რომლითაც საქართველო მიიღებს ბილეთს ევროკავშირში შესასვლელად, იმაზე ამბობენ „არ დავსხდებით, არ ვიმუშავებთო“. თუ მარტო „ოცნების“ ნებაზე და გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი, მაშინ საერთოდ რას აკეთებს ოპოზიცია, ის ხალხი თავის თავში რა ფუნქციას ხედავს ვერ ვხვდები - ხომ უნდა იმუშაოთ? გვაქვს გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მოხერხებულად და უსინდისოდ იყენებს ოპოზიციის ყველა შეცდომას. რატომ ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკოს, რომ გაიგო ევროპელების რჩევა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ისევ ზურგით დგება. რასაც აკეთებს ოპოზიციის ნაწილი, არის ძალიან დიდი შეცდომა. მიშელის დოკუმენტიდან დასკვნები ვერ გამოიტანეს. ამით ხელს უხსნიან „ქართულ ოცნებას“ და საფრთხის ქვეშ აყენებენ ყველაზე დიდ სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპაში გვინდა არაევროპული, აზიური თუ ქაჯური ქცევით?!“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და პარტიიდან გასულების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით, ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელები ცეცხლში აქვს ჩაყოფილი და ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ეს ხელები ეწვის.

„ქართული ოცნება“ არის ერთი კაცის მომსახურების სააგენტო. ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში პრობლემები რომ აქვს, ადგა მთელი სახელმწიფო „ოცნების“ სახით და დაიწყო პროცესი თითქოს მსოფლიო ომში მიგვათრევენ, გეგონება კბილებამდე აღჭურვილი 200 დივიზია გვიდგას და თუ ერთი შევვარდით, მოსკოვამდე ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნება. ვინ გვეხვეწება, ან რა ომში გვათრევენ, რაღაც სისულელე „დააბრეხვეს“ უკრაინელმა ჩინოვნიკებმა, რომელთაც ეპატიებათ კიდეც, იმიტომ რომ ომში არიან. როგორც ჩანს, ივანიშვილი მზად არის თავის ფულს გადააყოლოს მთელი ქვეყანა, „ქართულ ოცნებას“ ცეცხლში აქვს ხელები ჩაყოფილი და ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ეწვის ეს ხელები. თუ ვინმეს დააზიანებენ, დააზიანებენ საკუთარ თავს. ისე ნუ იზამენ, დაასანქცირონ და საქართველოს გარეთ არ გაესვლებოდეთ. სანამ ივანიშვილი ფულს არ დაიბრუნებს, მანამდე უნდა აჯანჯღაროს ეს ქვეყანა. კელი დეგნანი ჩამოხეტებული ტურისტი კი არ არის. ეტყობა არ იციან ამერიკა რომელი ქვეყანაა, პატარა ბავშვი რომ უფროს ბიძიას გაუტლიკინდება და ხელს უქნევს, ამას ჰგავს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილი შეეხო გუდაურში მომხდარ ტრაგედიასაც. პოლიტიკოსის აზრით, მომხდარი ტურიზმის დეპარტამენტის უსაქმურობისა და უპასუხისმგებლობის შედეგია.

„ტურიზმის დეპარტამენტის უსაქმურობას და უპასუხისმგებლობას შეეწირა ეს ყველაფერი. პარაპლანთან დაკავშირებით განუკითხაობა იყო გუდაურში, შეიძლება თვითნასწავლი ადამიანი იყოს ნეიროქირურგი, ასეთივე თვითნასწავლი ადამიანები, რომლებსაც არავითარი კურსები არ გაუვლიათ, „იუთუბშიც“ არ უნახავთ და ვიღაცამ მოუყვათ, თოკი ასე უნდა დაქაჩოო, მართავდნენ პარაპლანებს? ჩემი ინფორმაციით, პარაპლანზე პირველი ორი ინციდენტი იმიტომ მოხდა, რომ თოკები უკუღმა იყო აკეცილი. გუდაურში ვინც ყოფილა, ყველა დამეთანხმება, რომ პირდაპირ კაფეზე სხდებოდნენ პარაპლანები, მაგრამ აქ იყო სახელმწიფოს ბრალი, სად იყო ტურიზმის დეპარტამენტი? მეორე სიბრიყვეა ფრენების აკრძალვა, ან განუკითხაობა უნდა იყოს, ან აკრძალული, შუაში გონივრული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება? ერთი „მარშრუტკასავით“ გაგდებული შვეულმფრენი გვყავდა, რომელსაც ყველაფერზე დაარბენინებდნენ და არ იყო სამაშველო. შსს-მ გამოიფხიკოს ყურები და იყიდოს სპეციალიზებული, სამაშველო შვეულმფრენები. როგორც კი მივალ პარლამენტში, გავაგზავნი წერილს და ვიკითხავ, იყიდა თუ არა შსს-მ სახანძრო, ან სამაშველო თვითმფრინავი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

IPN