"ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა..." - რას ჰყვებიან მეგობრები მამუკა ონაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა..." - რას ჰყვებიან მეგობრები მამუკა ონაშვილზე?

"მამუკა სცენაზე ბნელ 1990-იანებში გამოჩნდა და ხალხს მაშინვე თავი შეაყვარა. ძალიან ბევრი ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ საზოგადოებას, მსმენელს მუდამ პოზიტიური ახსოვს... გარკვეული პერიოდი სცენიდან წავიდა, მაგრამ ხელოვნება მისთვის უმთავრესი იყო...", - ასე ეხმაურებიან ცნობილი ხელოვანები უსაყვარლესი კოლეგის - მამუკა ონაშვილის დაღუპვას...

დიდი მწუხარების მიუხედავად, რამდენიმე მათგანმა მამუკა ონაშვილზე ლამაზი მოგონება გაგვიზიარა...

დათო როსტომაშვილი:

- არ ვიცი, რაღა უნდა ვთქვა... ამ პატარა ქვეყანაში რამდენი ტრაგედია ტრიალებს. გუშინ, გუშინწინ მე და მამუკა ერთად ვიყავით და დღეს უკვე გარდაიცვალა. განადგურებული ვარ, ყველა სიტყვა ზედმეტია..

ეს უნიჭიერესი ადამიანი ძალიან დააკლდება მთელ საქართველოს და მით უმეტეს - მუსიკალურ საზოგადოებას... კაცი, რომელმაც იცოდა ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული...

მამუკა სცენაზე ბნელ 1990-იანებში გამოჩნდა და ხალხს მაშინვე თავი შეაყვარა. ძალიან ბევრი ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ საზოგადოებას, მსმენელს მუდამ პოზიტიური ახსოვს... გარკვეული პერიოდი წავიდა სცენიდან, მაგრამ ხელოვნება მისთვის უმთავრესი იყო.

ნებისმიერი ადამიანის გამხიარულება შეეძლო, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო... სიკეთით სავსე ადამიანი და მართლა ვეღარაფერს ვამბობ, მეც ძალიან ცუდად ვარ...

ნუგზარ კვაშალი:

- მე და მამუკას მამა, ძალიან კარგი ადამიანი - გელა ონაშვილი ვმეგობრობდით და მამუკა ჩემს თვალწინ გაიზარდა... ეს იყო უნიჭიერესი კაცი! დიდი ხომ იყო და დიდი იყო ის ყველანაირად - დიდი სიყვარულით, სიკეთით, იუმორით, მართლაც უნიკალური პიროვნება.

მამუკა ჩემზე 16 წლით პატარა იყო... ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა...

27972381-1596948417040814-8960849959887331675-n-1659355785.jpg

ვერ გამოვყოფ, რა მიმართულებით უფრო ნიჭიერი იყო - როგორც მომღერალი თუ მხატვარი... ბოლოს ხატვა დაიწყო, რადგან წონის მკვეთრი მატება მოძრაობაში ხელს უშლიდა.

საოცარ ნახატებს ქმნიდა, ნახატებშიც მისი უდიდესი სიყვარული იყო ჩაქსოვილი ადამიანების მიმართ... უიშვიათესია, მაგრამ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გამოუდით, რასაც კი ხელს ჰკიდებენ. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უსაყვარლესი მამუკა.

ყველას გვერდით ედგა ჭირსა თუ ლხინში... მიუხედავად იმისა, რომ სიარული არ შეეძლო, მაინც მოვიდოდა მტკივანი ფეხებით და გვერდით დაგიდგებოდა.

მისი ერთ-ერთი სასცენო პარტნიორი და უახლოესი მეგობარი იყო ზურიკო დოიჯაშვილი... მაგათი დუეტი ნამდვილი შედევრი იყო და ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ წუთისოფლიდან. მამუკა 55 წლის გახდა პირველ ივნისს და ვინ წარმოიდგენდა მისი ცხოვრების ასეთ ფინალს?!...

შეძრული ვარ, ძალიან საწყენია მთელი ქვეყნისთვის, რა ტრაგედიაც დატრიალდა.

თემურ ყვითელაშვილი:

- ძალიან რთულია მამუკა ონაშვილზე წარსულში საუბარი... ვუსამძიმრებ მის ოჯახს... მე ვიცნობდი მამუკას, როგორც კეთილ ადამიანს, ასევე, როგორც მრავალმხრივად ნიჭიერს. ყველგან, სადაც კი მამუკას შევხვდებოდით, თბილი და კარგი ატმოსფერო სუფევდა. ნათელში იყოს მისი სული.

mamuka-onashvili-1659342713.jpg

მამუკა ონაშვილს ემოციური ტექსტით ემშვიდობება იაპონიაში მყოფი გია ბაღაშვილი:

- აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე,...

ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე, ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს...

გახსოვს, კოვიდი რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი, არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო...

გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი, არ გადაგედოსო...

გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით? სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო...

mamukaonashvili2025-2021-02-26-09-54-37-591095-1659355977.jpg

გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე, ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო... რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია...

შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!.. რატომ?!...

გენაცვალე მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო ძმაო!"

kvirispalitra.ge-ის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: "არ ვჩან­დი იმი­ტომ, რომ ..." - რას ჰყვებოდა მამუკა ონაშვილი მის ახალ გატაცებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში

"ერთადერთი, ვინც მაშინ ყურადღებას მაქცევდა, მამუკა ონაშვილი იყო" - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი