"აშშ-ის განცხადებით, პეკინს არ აქვს მიზეზი, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტი ტაივანზე, "კრიზისად" გადააქციოს" - The Guardian - კვირის პალიტრა

"აშშ-ის განცხადებით, პეკინს არ აქვს მიზეზი, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტი ტაივანზე, "კრიზისად" გადააქციოს" - The Guardian

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფართოდ აშუქებენ საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავების კიდევ ერთ პოტენციურ კერას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობით არის გამოწვეული, ტაივანთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, დღეს, საღამოს, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კუნძულ ტაივანს უნდა ეწვიოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია - პეკინი კუნძულს ჩინეთის ნაწილად თვლის.

ბრიტანული გაზეთის - „გარდიანის“ (The Guardian) დღევანდელ, 2 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „აშშ-ის განცხადებით, პეკინს არ აქვს მიზეზი, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტი ტაივანზე, „კრიზისად“ გადააქციოს“ (ავტორები - ვინსენტ ნი და ედ პილკინგტონი).

„პეკინმა ორშაბათს გაამკაცრა გამაფრთხილებელი რიტორიკა ვაშინგტონის მისამართით და ამერიკას მიანიშნა, რომ ჩინეთის არმია „გულზე ხელდაკრეფილი არ იქნება“, თუ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა. თავის მხრივ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პენტაგონი, პეკინის მუქარების ფონზე, მუდმივად, სადღეღამისო რეჟიმით აკვირდება ჩინეთის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილებას რეგიონში.

ჩინეთის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნენსი პელოსი კუნძულზე მაინც ჩავა - მან არ შეისმინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნა და მცდელობა, გადაეთქმევინებინა მისთვის ასეთი დემარში. ტაივანის მასმედია იუწყება, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის თვითმფრინავი ტაიბეიში (ტაივანის ადმინისტრაციულ ცენტრში) სამშაბათს საღამოს დაეშვება, თუმცა კუნძულის ხელისუფლება ამ ფაქტზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

თუ ნენსი პელოსი, საბოლოო ჯამში, თავისი ვიზიტის მარშრუტს არ შეცვლის და ტაივანს მაინც ეწვევა, იგი იქნება აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის მქონე თანამდებობის პირი, რომელიც კუნძულზე ოფიციალური სტუმრის სახით არის ნამყოფი 1997 წლის შემდეგ. მანამდე ტაიბეიში ნიუტ გინგრიჩი ჩავიდა, რომელიც იმ დროს ასევე კონგრესის წარმომადგენლების პალატის სპიკერი იყო.

სხვათა შორის, პეკინს ყველაზე მეტად სწორედ ეს გარემოება აღიზიანებს: ნენსი პელოსი თანამდებობრივი იერარქიით აშშ-ში მნიშვნელობით მესამე ოფიციალურ პირს წარმოადგენს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯაო ლიციანმა მიანიშნა, რომ ტაივანზე აშშ-ის ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე ამერიკელის ჩასვლა მძიმე პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.

არადა, საინტერესო ის არის, რომ ნენსი პელოსის აზიური ტურნეს დღის წესრიგში ტაივანზე ჩასვლა მითითებული არ არის - მისი ვიზიტების გრაფიკში შეტანილია სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. სხვათა შორის, როგორც წარმომადგენელთა პალატის წევრები - მაიკლ მაკოლი (ტეხასელი რესპუბლიკელი) და ანა ეშუ (კალიფორნიელი დემოკრატი) აცხადებენ, ნენსი პელოსმა მათ სთხოვა, რომ ტაივანზე გაჰყოლოდნენ, „მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით, რადგან დაკავებულები ვართო“.

ნენსი პელოსის ტურნე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში გეოპოლიტიკური გაურკვევლობების ფონზე მიმდინარეობს: მართალია, ორშაბათს ამერიკელმა სპიკერმა სინგაპური მოინახულა და იქაურ პრემიერ-მინისტრს - ლი სიანლუნს შეხვდა, მხარეებმა ჩინეთზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პეკინ-ვაშინგტონის როლს მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, მაგრამ რას მოიმოქმედებს თვითონ ჩინეთი, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, ორშაბათს, პირველ აგვისტოს, თავისი შექმნის იუბილე - 95-ე წლისთავი აღნიშნა. იუბილემდე ცოტა უფრო ადრე, 30-31 ივლისს, ჩინეთის არმიამ ფუძიანის პროვინციაში არსებულ კუნძულ პინტანთან, რომელიც ტაივაიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, წრთვნები ჩაატარა, თანაც - საბრძოლო სროლებით. ეს რაიონი ყველა ქვეყნის გემებისათვის დახურულ ზონას წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია ტაივანზე ნენსი პელოსის სავარაუდო ვიზიტის შესახებ, ჩინეთის მასმედიაში ამერიკის კრიტიკა გააქტიურდა. მასალებში ხაზგასმულია, რომ არსებობს მხოლოდ „ერთი ჩინეთი“ - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხოლო ტაივანი მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პეკინი პროტესტს 1997 წელსაც აცხადებდა, როცა კუნძულზე ნიუტ გინგრიჩი ჩავიდა, მაგრამ რადგანაც იმდროინდელი ჩინეთი თავისი ძალებით დღევანდელს ვერ შეედრებოდა, პეკინი იძულებული გახდა, თავისი გულისწყრომა, უბრალოდ, „გადაეყლაპა“.

„ტაივანის ყურეში სტაბილიზების მცდელობის გზაზე ვაშინგტონი სტრატეგიული დილემის წინაშე დადგა“, - ამბობს „გარდიანის“ კორესპონდენტებთან საუბარში ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ჩინური კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ჯორჯ ინი, - ერთი მხრივ, ამერიკისათვის აუცილებელია ტაივანისათვის მხარდაჭერის დემონსტრირება - მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, როცა ჩინეთი ამერიკას ქაღალდის ვეფხვად წარმოსახავს - მშიშარაა და ტაივანს ვერ დაეხმარებაო, მეორე მხრივ კი, ვაშინგტონს ჭირდება, პეკინი დააიმედოს იმაში, რომ აშშ მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ნენსი პელოსის სავარაუდო ვიზიტი კარგად აჩვენებს იმას, თუ რაოდენ რთული ამოცანის წინაშე დგას ამერიკა - მიაღწევს თუ არა სწორ სტრატეგიულ ბალანსს?“ (წყარო).

როგორც ამერიკული გაზეთის The Wall Street Jourmal-ის იაპონური ვერსიის დღევანდელ, 2 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ნენსი პელოსი აუცილებლად ეწვევა ტაივანს, მაგრამ არავინაა დარწმუნებული იმაში, რომ იგი ღამეს ტაიბეიში გაატარებს. ყოველ შემთხვევაში, სასტუმრო Grand Hyatt-ში ნომერი მისთვის მომზადებულია. არსებობს ორი ვარაუდი: პირველი - იგი დღეს, საღამოს, კუნძულის ხელისუფლებას შეხვდება და ვიზიტს ამით დაასრულებს, მეორე - იგი ღამით დარჩება, ხვალ დილით ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პრეზიდენტ ცაი ინვენს შეხვდება, შემდეგ კი კუნძულიდან გაფრინდება (წყარო).

ჩინეთის სამთავრობო პრესაში, მაგალითად, გაზეთ Global Times-ში გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, თუ რას ნიშნავს სიტყვები - „ჩინეთი გულზე ხელდაკრეფილი არ იქნება“: „თუ ზეპირი და წერილობითი გაფრთხილება არ იმოქმედებს და ნენსი პელოსი ტაივანზე ჩასვლას მაინც დააპირებს, მაშინ ჩინეთის სამხედრო ავიაციას შეუძლია, ამერიკულ დელეგაციას ქვეყნის საჰაერო სივრცე დაატოვებინოს“. როგორც ჩინელი სამხედრო ექსპერტი ფუ ცინშაო აცხადებს, დღეს ჩინეთის არმიას - ავიაციას და ფლოტს - აქვს შესაბამისი ნება და ძალა, რომ [ამერიკელ „დაუპატიჟებელ სტუმარს“ ჩინეთის] უკან დაბრუნება აიძულოს - მისი თვითმფრინავის წინ რეაქტიული ჭურვები გაუშვას“ (წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ