პუტინი  ევროპელების  ერთიანობის  დაშლას  იწყებს:  ჯერ  ბორის ჯონსონი, ამჯერად  მარიო  დრაგი – ვინ იქნება შემდეგი? - კვირის პალიტრა

პუტინი  ევროპელების  ერთიანობის  დაშლას  იწყებს:  ჯერ  ბორის ჯონსონი, ამჯერად  მარიო  დრაგი – ვინ იქნება შემდეგი?

ევროკავშირის არსებობის მანძილზე ამგვარი ერთიანობა არასოდეს ყოფილა: რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, უკრაინისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ მხარდაჭერას და რაც ყველაზე მთავარია – სამხედრო დახმარებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი ჰქონდა. ცოტა უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯიუტობს ხოლმე, თუმცა ძირითადად ევროკავშირის ერთიანობა დღემდე ფაქტობრივად ურყევი იყო. აი რა იქნება ორი–სამი თვის შემდეგ, უკვე დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს უკრაინისთვის და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელების ერთიანობის დაშლის ფარული სპეცოპერაციები დაიწყო. პირველი საგანგაშო ზარი ლონდონიდან გაისმა. უკრაინის თანადგომით ყველასგან გამორჩეული დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი იძულებული გახდა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა და ამიტომაც შემოდგომაზე მას პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვებაც. მოუწევს. საკუთარმა პოლიტიკურმა გუნდმა ბორის ჯონსონს ორი, დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური პრობლემების ფონზე, წვრილმანი დარღვევა არ აპატია და გადადგომა აიძულა. ამ ფაქტის გამო მოსკოვში სიხარულს არც მალავდნენ იმდენად დიდი იყო მათი ზიზღი „შეუპოვარი ბორისისადმი“.

„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, - ასე მიმართა უკრაინელებს ბორის ჯონსონმა, როდესაც 7 ივლისს გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებდა. თუმცა ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის. 2022 წლის ოქტომბერში კონსერვატიული პარტია აირჩევს ახალ ლიდერს, რომელიც ავტომატურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდება. ვის აირჩევენ და რა გზით წავა ახალი პრემიერი, ჯერ არავინ იცის. ამ პოლიტიკური კრიზისით ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა პუტინი სარგებლობს: რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ ოსტატები არიან, მაქსიმალურად შეეცდებიან ფარულად ჩაერიონ კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, რათა მათთვის სასურველი შედეგი დადგეს.

პუტინმა მეორე დარტყმა იტალიაზე განახორციელა. 21 ივლისს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიის პარლამენტი დაითხოვა. ეს კი ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოს ვადამდელი არჩევნების ჩატარდება, რაც კარგი შანსია პუტინისთვის, რათა მისთვის სასურველმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. იტალიაში პრორუსული პარტიები ( უპირველესად “ჩრდილოეთის ლიგა“ და „მოძრაობა 5 ვარსკვლავი“) და მათი ლიდერები: ჯუზეპე კონტი და მათეო სალვინი არც აქამდე მალავდნენ პუტინისადმი სიმპათიას.

პრორუსული ძალები ღიად ეწინააღმდეგებოდნენ იტალიის პრემიერ–მინისტრის, მარიო დრაგის მთავრობის უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკას. იტალიაში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისში „რუსული კვალის“ არსებობის შესახებ, თავად იტალიელებმა განაცხადეს. იტალიური მედიის ცნობით 27 და 28 მაისს „ლიგის“ ლიდერის, მათეო სალვინის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ანტონიო კაპუანომ რამდენიმე შეხვედრა გამართა იტალიაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელ ოლეგ კოსტიუკოვთან და საუბრის მთავარი თემა სამთავრობო კოალიციის დაშლა იყო. დიდი მკითხაობა არ უნდა იმას, რომ კოსტიუკოვი „დიპლომატის“ ფრაკს ამოფარებული რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომელია.

საბჭოთა იმპერიის არსებობის მანძილზე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც საბჭოთა სადაზვერვო ქსელს ფეხი არ გაედგა და კონტროლის ქვეშ არ მოექცია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, სამხედრო და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ხელოვნებისა და მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. საბჭოთა სპეცსამსახურებს იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ათწლეულების მანძილზე დიდი გავლენა ჰქონდათ. ასე, რომ რუსეთის ღია და ფარული ჩარევა იტალიის საქმეებში არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. თავმომწონე იტალიელთა უდიდესმა ნაწილმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მათი ლამაზი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ათწლეულების მანძილზე მოსკოვში იგეგმებოდა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა სპეცსამსახურები იტალიაში იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ ეს ქვეყანა სპეცოპერაციების დაგეგმვის და განხორციელების ერთგვარ ცენტრად იყო ქცეული. რომიდან, ტურინიდან და მილანიდან იმართებოდა სპეცოპერაციები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. თვითონ იტალიაში საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ აგენტ-ინფორმატორების, გავლენის აგენტების თუ “უბრალოდ” სანდო პირების მრავალრიცხოვან “არმიას” შორის. მათგან მოსკოვს უმთავრესად “გავლენის აგენტები” აინტერესებდა, რადგანაც სწორედ მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა, იტალიის პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები. ამბობენ : „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებულია ძველიაო“, თუმცა არსებობს სფერო, სადაც „ძველი“, ისე საჭიროა, რომ „დასავიწყებლად არ ემეტებათ“. სპეცსამსახურების მუშაობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ათწლეულების წინ ჩატარებული ფარული ოპერაციების საარქივო დოკუმენტებსა და წინა საუკუნეში გადაბირებულ აგენტურასაც. რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია ყველა ის საარქივო მასალა, რაც იტალიაში საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ–აგენტურულ მუშაობას ეხებოდა. შეიძლება ძველი, „დაკონსერვებული“ აგენტურიდან ცოცხალი ბევრი არ დარჩა, მაგრამ მათი შვილებისა და შვილიშვილების გადაბირება ხომ შეიძლება? გაჯიუტდებიან და იტალიის მასმედიაში „შემთხვევით“ გაჟონავს მათი ოჯახური საიდუმლოს ამსახველი დოკუმენტები. შანტაჟი „კრემლის“ ნაცადი ხერხია, რომელსაც ის წარმატებით ბევრგან იყენებს, მათ შორის საქართველოშიც.

ახლა ევროპული ერთიანობის ერთ–ერთ „სუსტ რგოლს“, იტალიას დავუბრუნდეთ და ამ ქვეყანაში საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ–აგენტურული მუშაობის რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ. გასული საუკუნის 60 იანი წლების ბოლოდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია თითქოს იტალიის კომუნისტურმა პარტიამ დაგმო საბჭოთა პოლიტიკა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა „კრემლთან“. ამ ფაქტს იტალიის კომპარტიის ლიდერების განცხადებებიც ადასტურებდა. იმ პერიოდში პარტიის ლიდერმა ენრიკო ბერლინგუერმა ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ “აღიარა”, რომ მიესალმება იტალიის ნატოს წევრობას და მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვის იმპერიალისტური და მილიტარისტული პოლიტიკა. მხოლოდ სამი ათეული წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ეს ინტერვიუ მოსკოვში, “ლუბიანკაზე” კა–გე–ბეს შტაბ–ბინაში იყო მოფიქრებული.

საბჭოთა კავშირის დაზვერვის ეკონომიკური ჯაშუშობის ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია კა-გე-ბეს აქტიური მონაწილეობა ე.წ. “საუკუნის პროექტის” – იტალიური კონცერნ “ფიატის” მიერ საბჭოთა კავშირში საავტომობილო ქარხნის მშენებლობის განხორციელებაში. აღნიშნული ხელშეკრულება 1966 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა კა-გე-ბეს რომის რეზიდენტურის თანამშრომლის, იმავდროულად ვითომდა საბჭოთა გაზეთ “იზვესტიის” კორესპონდენტის, ლეონიდ კოლოსოვის (1926–2008) აქტიური მონაწილეობით.

kolosovi-1659423373.jpg
ლეონიდ კოლოსოვი, მზვერავი და ჟურნალისტი

საავტომობილო ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსები კრედიტის სახით იტალიურ მხარეს უნდა გამოეყო და მათვე უნდა ეწარმოებინათ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. იტალიური მხარისათვის ხელსაყრელი იყო კრედიტის 7 %-ად გაცემა, საბჭოთა მხარე კი ჯიუტად მხოლოდ 5 %-ზე იყო თანახმა. როდესაც დიპლომატები ვერ შეთანხმდნენ, საქმეში უკვე საბჭოთა დაზვერვა ჩაერთო. იტალიის პარლამენტსა და მთავრობაში მოქმედი მრავალრიცხოვანი აგენტურის, ასევე იტალიის კომპარტიის ლიდერის პალმირო ტოლიატის აქტიურობის წყალობით კრემლმა მისთვის სასურველ მიზანს მიაღწია: კრედიტი მისთვის ხელსაყრელი პირობებით მიიღო და ამით, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა - 40 მლნ დოლარზე მეტი დაუზოგა საბჭოთა იმპერიას, თანაც ქვეყანაში ახალი იაფი “ჟიგულები” მომრავლდნენ. ლეონიდ კოლოსოვმა კი ვადამდელი სამხედრო წოდება და სანადირო თოფი მიიღო. თავად პალმირო ტოლიატიც კმაყოფილი დარჩა: საავტომობილო ქარხნის მშენებლობა ვოლგისპირეთის იმ ქალაქში უნდა დაწყებულიყო, რომელიც 1964 წლიდან მის სახელს ატარებდა.

vaz21-1659423439.jpg
ალბათ ბევრს გეცნოთ: ვაზ– 2101 (FIAT 124)

საბჭოთა სპეცსამსახურები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდა იტალიელი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გადაბირების მხრივ. საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობა იტალიაში გასცდა მხოლოდ შპიონაჟის საზღვრებს და სხვა, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ცხოვრების აქტიურ მანიპულირებად იქცა. იტალიის სოციალისტური პარტია, კომუნისტურ პარტიასთან ერთად, ათწლეულების მანძილზე კრემლის ფარული მიზნების ყველაზე ერთგული შემსრულებელი იყო. ქვეყნის შიგნით, თუ საერთაშორისო არენაზე სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფრანჩესკო დე მარტინო (1907–2002) პროსაბჭოთა პოზიციის აქტიურ გამტარებლად გვევლინებოდა.

franchesko-1659423477.jpg
ფრანჩესკო დე მარტინო

ეს გასაკვირი არ იქნება, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 1972 წელს ბატონი ფრანჩესკო სოცპარტიის ლიდერი . . . კა-გე-ბეს დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა. შემდგომ პერიოდში ის იყო იტალიის მთავრობის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატიც (!). ის მოსკოვის კარნახით ცდილობდა სოციალისტური და კომუნისტური პარტიების საპარლამენტო გაერთიანების შექმნას, რის შემდეგადაც პრემიერ-მინისტრიც თავად უნდა გამხდარიყო. მას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ იტალიელი სოციალისტების გაზეთი “ავანტი” და სოციალისტი-მინისტრები ფაქტობრივად კა-გე-ბეს მიერ კონტროლდებოდნენ. ფრანჩესკო დე მარტინოს მაშინ ცოტა დააკლდა, რათა იტალიის უმაღლესი პოსტი დაეკავებინა .

( პირველი ნაწილის დასასრული)