დიმიტრი მედვედევის თანაშემწის განცხადებით, სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს - კვირის პალიტრა

დიმიტრი მედვედევის თანაშემწის განცხადებით, სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწის, ოლეგ ოსიპოვის განცხადებით, მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში გატეხეს.

როგორც თანაშემწემ განმარტა, მედვედევის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში სამხედრო საზღვაო ფლოტს ეხებოდა, მათ ვინაობას კი, ვინც სოციალური ქსელი გატეხა და დიმიტრი მედვედევის სახელით პოსტი გამოაქვეყნა „ВКонтакте“-ს ადმინისტრაცია და შესაბამისი უწყებები გამოავლენენ.

რაც შეეხება თავად პოსტს, რომელიც დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში მისი სახელით გამოქვეყნდა, ის რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფაროვებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. ამავე პოსტში საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად არის მოხსენიებული.

„არავის არ უნდა დარჩეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორებული იქნება. არანაირი სუვერენიტეტის აღლუმები აღარ იქნება და ყველა ერი, რომლითაც დასახლებული იყო ერთ დროს დიდი და ძლევამოსილი საბჭოთა კავშირი, კვლავ ერთად მეგობრულად და ურთიერთგაგებით იცხოვრებს და ამისთვის ჩვენ არ დავიშურებთ არც ძალას, არც სახსრებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ გზაზე მოძრაობა კიევისა და მალოროსიის გათავისუფლების შემდეგ ნაციონალისტების „ბანდისგან“, რომლებიც ქადაგებენ მათ მიერ მოგონილ უკრაინელობას, რუსეთი კვლავ ერთიანი, ძლევამოსილი და დაუძლეველი იქნება. ამის შემდეგ ერთიანი რუსეთის სახელით, სლავი ერის მეთაურობით ჩვენი საზღვრის აღსადგენად ახალ მსვლელობას მოვაწყობთ, რომელიც, როგორც ცნობილია, არსად არ სრულდება. მაგალითად, საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

IPN