"არ მგონია, რომ სააკაშვილის რეპუტაცია, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს" - კვირის პალიტრა

"არ მგონია, რომ სააკაშვილის რეპუტაცია, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს"

არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს - ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძემ მედიას მიმართა, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრისას არასწორი მოლოდინი არ შექმნან.

“ის იმ მასშტაბის და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ - გინდა დარჩეს, გინდა გავიდეს პოლიტიკადან, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის. რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, “ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე რასაკვირველია, დიდ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის საკითხის სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირება.

“სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

IPN