"ივანიშვილიც და მისი პარტიაც სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დემონიზებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ სააკაშვილი ციხიდან რომც გაუშვან, პოლიტიკიდან არ გაუშვებენ"
რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტი ემიჯნება ქართულ პოლიტიკას, "ნაცმოძრაობიდანაც“ მიდის და ეს მისი მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. "მან თქვა, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და მისახედი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მას არ აინტერესებს არც "ნაციონალური მოძრაობა“ და არც ქართული პოლიტიკა. მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა უნდა. თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, ამის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. პოლიტიკაში თუ დაბრუნდება, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში“,- ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე და ადვოკატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს მისი ადვოკატების ტაქტიკაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ნიკა მელიამ სააკაშვილის "საიდუმლო ფორმულა" გათქვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვქვეშ აყენებენ საკაშვილის ადვოკატების განცხადებებს და მესამე პრეზიდენტისგან ოფიციალურად ამ ინფორმაციის დადასტურებას ელოდებიან. თუმცა აქვე ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მთავარი ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა, რის შემდეგაც ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური კარიერის შესახებ. "შეუძლებელია ჯანმრთელობის ამ მდგომარეობით სააკაშვილი იყოს ჩართული პოლიტიკაში, ან ნებისმიერ სხვა საქმეში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს ჰუმანიტარული საკითხია გადასაწყვეტი. ადამიანი, რომელიც არის პერმანენტული წნეხის ქვეშ კანიბალური რეჟიმის მხრიდან, როგორსაც წარმოადგენს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, უნდა გავიდეს ისეთ გარემოში, სადაც მის ჯანმრთელობაზე იზრუნებენ“, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.
სასჯელის გადავადება, რასაც სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, სამართლებრივი ფორმაა, მაგრამ ამ ფორმას ხელისუფლება, სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის თუ გამოიყენებს. ისმის კითხვა, რა შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს "ოცნებამ“? - სააკაშვილი "ნაცმოს" თუ გაემიჯნება, ეს, ცხადია, მის პარტიას ელექტორალურად ფასს დაუგდებს. ჩვენ ადვოკატების პირით გვესმის, რა შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს სააკაშვილმა, მაგრამ თავად ექსპრეზიდენტი განცხადებას აგვიანებს. როგორც ამბობენ, ის ამას გააკეთებს, თუ მას ექნება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების პირობა. არის თუ არა ეს გარიგების ნაწილი და რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებამ, ამაზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:
"ჩემი აზრით, ეს განცხადებებები ადვოკატებმა გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს გარკვეული დრო ჰქონოდა ნიადაგი მოესინჯა, რა რეაქციას გამოიწვევდა ასეთი განცხადება ცალკე საზოგადოებაში და ცალკე - ხელისუფლებაში. ამბობენ, რომ სააკაშვილი ცუდად არის, მაგრამ არც ისე ცუდად, რომ განცხადების გაკეთება ვერ შეძლოს. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადებების შემდეგ გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები იყოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან... გააგრძელეთ კითხვა