ჩინური და ამერიკული ავიამზიდების მსოფლიოსთვის  სახიფათო "თამაშები" ტაივანის გარშემო... - კვირის პალიტრა

ჩინური და ამერიკული ავიამზიდების მსოფლიოსთვის  სახიფათო "თამაშები" ტაივანის გარშემო...

დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე, ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა ჩაფრინდეს, რასაც ლამის მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ელოდება...

ელოდება არა იმიტომ, რომ კონგრესის სპიკერის პოლიტიკური ფიგურა ასე მნიშვნელოვანია, არამედ - იმის შიშით, შეასრულებს თუ არა დანაქადს ჩინეთი და აშშ-ის მაღალი პოლიტიკური ჩინის ვიზიტს ტაივანში სამხედრო გზით შეაჩერებს?

2-poto-1659446021.jpg
უკრაინაში ჯართის ფასად ნაყიდი, დაუმთავრებელი ავიამზიდ „ლიაოლინით“ დღეს ჩინელები ამერიკულ ატომურ „როლანდ რეიგანს“ ემუქრებიან ტაივანის ნაპირებთან...

არადა, ამის ყველა წინაპირობა უკვე თითქმის შესრულებულია - ტაივანის კუნძულის სიახლოვეს ჩინეთმა თავი მოუყარა ძლიერ სამხედრო-საზღვაო ესკადრას, რომელშიც ორი ავიამზიდიც კი იმყოფება, მათ შორის, ჩინეთის პირველი ავიამზიდი „ლიაოლინი“, რომელიც პეკინმა კიევისგან ჯერ კიდევ 1998 წელს იყიდა ჯართის ფასად, სულ რაღაც 20 მლნ დოლარად, მაგრამ შემდგომ ის მრისხანე სამხედრო-საზღვაო მცურავ საშუალებად გადააქცია.

პირველად თანამედროვე ომების ისტორიაში ერთმანეთს შეიძლება ორი ქვეყნის ავიამზიდები დაუპირისპირდნენ - ჩინეთის მხრიდან „ლაოლინი“ და „შანდუნი“, ხოლო ამერიკელებისგან - „როლანდ რეიგანი“ და ეს დაპირისპირება ტაივანის კუნძულების სიახლოვეს მოხდეს...

ტაივანი, რომელიც თავის თავს „ჩინეთის რესპუბლიკასაც“ უწოდებს, ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მას თავის ისეთივე განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, როგორც საქართველო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს...

თუმცა ტაივანის ოკუპაცია სხვა სახელმწიფოს არ განუხორციელებია - 1950 წელს, ჩინეთში სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ, ტაივანის კუნძულებზე გაიქცა გომილდანის მთავრობა და იქ ახალი, სეპარატისტული ხელისუფლება შექმნა.

3-poto-1659445981.jpg
ფუჯიანის პროვინციის სანაპიროდან ტაივანის სრუტესკენ ჩინელმა სამხედროებმა სარაკეტო ზალპები განახორციელეს...სამხედრო სწავლების საფარქვეშ

ტაივანის კუნძულების საერთო ფართობი მხოლოდ 36 ათასი კვ.კმ. თუა (ჩვენი საქართველოს ფართობი - 69,7 ათასი კვ.კმ-ით მასზე ბევრად მეტია) და უზარმაზარი კომუნისტური ჩინეთისთვის თითქოს არაფერს წარმოადგენდა მათი „ჭკუაზე მოყვანა“, მაგრამ განვლილ 72 წელში პეკინმა ეს ვერ შეძლო...

ვერ შეძლო იმიტომ, რომ ტაივანის უკან აშშ და დასავლეთის ბევრი ქვეყანა დადგა, რომლებსაც არ სურდათ ტაივანიც მატერიკული ჩინეთივით კომუნისტური გამხდარიყო...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აქტუალურად წავიდა მსჯელობა იმაზე, ხომ არ ისარგებლებდა მსოფლიოში შექმნილი სიტუაციით პეკინი და ძალის გამოყენებით შეეცდებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეალური გავლენის ქვეშ დაებრუნებინა „ურჩი“ ტაივანი“?!

და დღეს შეიძლება ეს მომენტი დგება, რომლის ერთგვარ დამაჩქარებელ იმპულსად შეიძლება იქცეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - ნენსი პელოსის დღევანდელი დაგეგმილი სტუმრობა ტაივანში.

4-poto-1659445924.png
მატერიკული ჩინეთიდან ტაივანის კუნძულს 170 კმ სიგანის სრუტე ჰყოფს

გარდა საზღვაო ესკადრისა, ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში, რომლის სანაპიროდან ტაივანის კუნძულამდე მხოლოდ 170 კმ-ია, პეკინმა თავი მოუყარა საბრძოლო ავიაციას, შორსმსროლელ არტილერიას, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ მობილურ დანადგარებს, ასევე, საზღვაო დესანტის დიდ რაოდენობას.

რა არის ეს? პეკინის დამაშინებელი ქმედებები იმისთვის, რომ ვაშინგტონმა უკან დაიხიოს და ბოლო მომენტში გადადოს კონგრესის სპიკერის დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი ტაივანზე თუ რეალური მზადება, ჩინეთმა ძალის გამოყენებით სცადოს თავის ტერიტორიად მიჩნეული სეპარატისტების კუნძულის უკან დაბრუნება?

ამ კითხვას პასუხი, სულ რამდენიმე საათში გაეცემა და იმედია, მეორე ვერსია არ გამართლდება, რადგან ეს ბირთვული იარაღის მქონე ორი ზესახელმწიფოს - აშშ-ისა და ჩინეთის უდიდეს დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს, სადაც პეკინის მხარდამჭერად კიდევ ერთი ბირთვული ზესახელმწიფო - რუსეთი შეიძლება მოგვევლინოს, ამერიკელებს კი ნატო ამოუდგება გვერდში და ყველაფერი საით წავა?