არჩილ თალაკვაძე დიმიტრი მედვედევს პასუხობს - კვირის პალიტრა

არჩილ თალაკვაძე დიმიტრი მედვედევს პასუხობს

საქართველოს არსებობის 5 000 - წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს , - ეს შეფასება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა.

"ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.

მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.

„საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

"ინტერპრესნიუსი"