"ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას - ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა" - კვირის პალიტრა

"ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას - ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა"

ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

აღნიშნულ კომენტარს ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-ი ავრცელებს.

"ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, Global Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან კამბოჯაში შეხვედრას არ გეგმავს, რაც, როგორც აღნიშნული სამთავრობო მედიასაშუალება წერს, „ასახვას სიტუაციის სიმძიმეს, ისევე როგორც ტაივანის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პროვოკაციის მიმართ ჩინეთის აღშფოთებას“.

გარდა ამისა, Global Times წერს, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია, ხუთშაბათიდან კვირამდე, მნიშვნელოვან სამხედრო წვრთნებს და სასწავლო აქტივობებს ჩაატარებს ტაივანის მიმდებარე ექვს რეგიონში.

"ინტერპრესნიუსი"