"ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაბედავს ვერცერთი სიტყვის თქმას, ვერც მედვედევისთვის და მით უმეტეს, ვერც პუტინისთვის" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაბედავს ვერცერთი სიტყვის თქმას, ვერც მედვედევისთვის და მით უმეტეს, ვერც პუტინისთვის"

"ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც რუსეთთან კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებები აქვს - ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს ვერცერთი სიტყვის თქმას, ვერც მედვედევისთვის და მით უმეტეს, ვერც პუტინისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამს.

"ხელისუფლება სიტყვით პროდასავლურია. იმასაც იძახის, რომ ნატოში, ევროკავშირში მინდაო, მაგრამ საქმით ჩვენ სრულიად სხვა რეალობას ვხედავთ, როდესაც ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს არა თუ არ აახლოებს დასავლეთთან, არამედ აშორებს. ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის შელახვას არა თუ არ ეწინააღმდეგება, არამედ ამაზე თვალს ხუჭავს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის გამორიცხავს, რომ ამერიკის ოფიციალური პირებიდან ვინმეს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნება გაეკეთებინოს.

"მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნებულია იმაში, რომ ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა. "ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ოპოზიციისთვის პიარულად მოეგო, იმიტომ რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, კოორდინირებული, არ აქვთ ერთიანი "მესიჯ-ბოქსი“.

მე ხელისუფლებას ერთ რამეში დავეთანხმები, რომ, რა თქმა უნდა, ვისაც არ უნდა ეთხოვა, თუკი ასეთი მოთხოვნები იყო, საქართველოს მეორე ფრონტი არ უნდა გაეხსნა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის ინტერესები შენ პირველ ადგილზე უნდა დააყენო და რაც არ უნდა მეგობარი გთხოვდეს, ან რაც არ უნდა გაჭირვებაში იყოს მეგობარი, თანაუგრძნობ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას ვერ გადააყოლებ, მაგრამ ეს არის სპეკულაციები. ომი მეექვსე თვეა რაც მიდის და ეს ხელისუფლება 10 წელია, რაც ხელისუფლებაშია და ერთი ნაბიჯი მაინც მითხარით, რომლითაც საქართველომ რაიმე მოიგო. მაგალითად, აფხაზეთთან, ან სამაჩაბლოსთან მიმართებაში, ან ტერიტორიულ კონფლიქტებთან მიმართებაში, ან საერთაშორისო არენაზე თავისი ავტორიტეტის გამყარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"