"ტურისტული მიმართულების განვითარება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუწყოთ" - რას ამბობს კახა კალაძე რუსეთსა და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე - კვირის პალიტრა

"ტურისტული მიმართულების განვითარება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუწყოთ" - რას ამბობს კახა კალაძე რუსეთსა და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე

"ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ლელოს” ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გულისხმობს.

კალაძის თქმით, ტურისტული მიმართულების განვითარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის გაძლიერებასთან.

“ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ.”, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.

IPN