"ამერიკამ თავისი ვალდებულება უნდა გაიხსენოს" - ნენსი პელოსის რა სტატიას აქვეყნებს The Washington Post და როგორ ეხმაურებიან მსოფლიო გამოცემები ტაივანზე მის ვიზიტს - კვირის პალიტრა

"ამერიკამ თავისი ვალდებულება უნდა გაიხსენოს" - ნენსი პელოსის რა სტატიას აქვეყნებს The Washington Post და როგორ ეხმაურებიან მსოფლიო გამოცემები ტაივანზე მის ვიზიტს

მსოფლიოს მასმედია აქტიურად აშუქებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანზე, რომელმაც ჩინეთსა და ამერიკას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის მნიშვნელოვანი გამწვავება გამოიწვია.

რატომ ჩავიდა წარმომადგენელი ტაივანზე აშშ-ის ხელისუფლების გავლენიანი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ? რატომ არ გაითვალისწინა ნენსი პელოსიმ და მისმა თანმხლებმა პირებმა ჩინეთის - ბირთვული სახელმწიფოს ლიდერის, სი ძინპინის გაფრთხილება - „ამერიკელებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით“?

როგორც კი ნენსი პელოსის სპეცბორტი „ბოინგი“ ტაიბეის აეროპორტში დაეშვა, ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) იმავ წუთს გამოაქვეყნა წარმომადგენლების პალატის სპიკერის - ნენსი პელოსის წინასწარ დაწერილი სტატია სათაურით - „რატომ მივდივარ ტაივანზე კონგრესის დელეგაციასთან ერთად“, რომელშიც ახსნილი და განმარტებულია ვიზიტის მიზეზები.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„43 წლის წინათ აშშ-ის კონგრესმა ხმების უმეტესობით მიიღო „კანონი ტაივანთან ურთიერთობის შესახებ“, რომელსაც შემდეგ ხელი პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმაც მოაწერა - დოკუმენტს, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი გახდა. ამ კანონმა განამტკიცა აშშ-ის ერთგულება ტაივანზე დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხში და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებს, რომლებიც სწრაფად გადაიზარდა პრინციპულად ახალ პარტნიორობაში, ხელი შეუწყო მეგობრობის გაღრმავებას, დამყარებულს საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზე - თვითგამორკვევაზე, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, პიროვნების ღირსებისა და ადამიანის უფლების დაცვაზე. კანონში ამერიკამ ივალდებულა კუნძულის დაცვა ყველანაირი საშუალებით, თუ მას საფრთხე დაემუქრებოდა...

დღეს ამერიკამ თავისი ვალდებულება უნდა გაიხსენოს და მხარი დაუჭიროს ტაივანს - „მედგარ, გამძლე და შეუპოვარ კუნძულს“, რომელიც მსოფლიოში ბევრი მიმართულებით ლიდერს წარმოადგენს - სახელმწიფოებრივ მართვაში, კოვიდთან ბრძოლაში, ტექნოლოგიებში, დემოკრატიაში და ა.შ. მაგრამ ეს დინამიკური და მტკიცე დემოკრატია, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობს გაბედული ქალი, პრეზიდენტი ცაი ინვენი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა. ბოლო დროს პეკინმა ტაივანთან დამოკიდებულება გაართულა - კუნძულის ირგვლივ შექმნილ ჰაერსაწინააღმდეგო ზონაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის ბომბდამშენები და ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ... ამის შედეგად აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ „როგორც ჩანს, პეკინი ძალოვანი ოპერაციისთვის ემზადება, ტაივანის იძულებით მიერთების მიზნით“.

პეკინი ტაივანს კიბერშეტევებითაც ებრძვის, ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს, აშინებს იმ ქვეყნებს, რომლებთაც ტაივანთან აქვთ ურთიერთობა, აძალებს ტრანსნაციონალურ კომპანიებს, კუნძულთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ, ზღუდავს უცხოელ ტურისტთა ნაკადს ტაივანზე.

ჩინეთის კომპარტიის მზარდი აგრესიის ფონზე, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ტაივანზე განხილული უნდა იყოს, როგორც აშშ-ის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია: ამერიკა მხარს უჭერს ტაივანს - თავის დემოკრატიულ პარტნიორს, რომელიც საკუთარი თავისუფლების დამცველია.

ჩვენი ვიზიტი არანაირად არ ეწინააღმდეგება ისტორიულად ჩამოყალიბებულ პოლიტიკას „ერთი ჩინეთის“ შესახებ, რომელიც ზემოთ ხსენებული 1979 წლის კანონით არის განმტკიცებული, აგრეთვე, აშშ-ჩინეთის კომუნიკით და სხვა დოკუმენტებით. იმავდროულად, აშშ გამოდის პეკინის ცალმხრივი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც კუნძულის სტატუს-კვოს შეცვლისაკენ არის მიმართული.

ჩვენი ვიზიტი ტაივანზე, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში - სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ვიზიტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ თანამშრომლობას მოიცავს. (...) აშშ-ის სოლიდარობა ტაივანთან ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი ვიზიტი იმედს აძლევს არა მარტო კუნძულის 23-მილიონიან მოსახლეობას, არამედ, სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ჩინეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ.

ოცდაათი წლის წინ პირველად ვიყავი ჩინეთში, აშშ-ის ორპარტიული დელეგაციის წევრის რანგში, ვნახე პეკინში ტიანანმენის მოედანი, სადაც ჩვენ შავ-თეთრი ლოზუნგი გამოვფინეთ წარწერით - „მათთვის, ვინც ჩინეთში დემოკრატიისათვის თავი გაწირა“. როცა მოედანი დავტოვეთ, სამხედრო პატრული გამოგვყვა. მას შემდეგ ჩინეთის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევებს, უგულებელყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს, ხოლო ქვეყნის ლიდერს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს მართვის სადავეები [რეპრესიების შედეგად] კიდევ უფრო მტკიცედ აქვს დაკავებული.

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ჰონკონგში ზღუდავს მოსახლეობის პოლიტიკურ თავისუფლებებს და უფლებებს. პეკინმა ფეხქვეშ გათელა თავისივე პრინციპი - „ერთი ქვეყანა - ორი სიტემა“. ტიბეტში ჩინელი კომუნისტები ადგილობრივ მოსახლეობას ენას უნადგურებენ, კულტურას და თვითმყოფადობას. სინძიანში პეკინი ადგილობრივ მუსლიმან უიღურებს გენოციდს უწყობს... და ასე - მთელ ქვეყანაში კომპარტია იჭერს და აპატიმრებს აქტივისტებს, ვინც პეკინის ხელისუფლების წინააღმდეგია. ასეთ სიტუაციაში, როცა ჩინეთი ტაივანსაც ემუქრება, ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და ამაზე რეაგირება არ მოვახდინოთ.

ჩვენი ვიზიტი დემოკრატიისა და ავტოკრატიის ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს - რუსეთი წინასწარ დაგეგმილ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგად, ათასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის - ბავშვებიც იღუპებიან. მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არასოდეს დაუთმობენ რამეს ავტოკრატებს.

აპრილში, კიევში ყოფნის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვუთხარი, რომ აღტაცებული ვარ იმით, თუ როგორც იცავს უკრაინელი ხალხი დემოკრატიას - როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე - მთელ მსოფლიოში. ტაივანში ყოფნით ხაზს ვუსვამთ დემოკრატიის იდეალების ერთგულებას და კვლავ მოვუწოდებთ ყველას - პატივი სცენ დემოკრატიული ტაივანისა და სხვა ქვეყნების თავისუფლებას“ (წყარო)

ასევე, გთავაზობთ ამერიკული და უცხოური მასმედიის კომენტარებს ტაივანზე ნენსი პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით.

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს კომენტარს სათაურით - „რატომაა ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანზე სრულიად უგუნური“, რომლის ავტორია გაზეთის ყველაზე ცნობილი კოლუმნისტი - თომას ფრიდმანი: „ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანზე კარგი არაფერი მოჰყვება. ამ სუფთა სიმბოლური ჩასვლის შედეგად, ტაივანის უსაფრთხოება არ განმტკიცდება და კუნძული არ აყვავდება, სამაგიეროდ, ბევრი რამ ცუდი მოხდება. მაგალითად, არ არის გამორიცხული ჩინეთის სამხედრო პასუხი, რომლის შედეგად, ამერიკა კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩაბმული ბირთვულ ჩინეთთან და ბირთვულ რუსეთთან, ერთდროულად.

და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩინეთთან კონფლიქტში ჩვენ ევროპელი მოკავშირეები მხარს დაგვიჭერენ, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, თავის გადარჩენას ცდილობენ, ის ძალიან ცდება და ვერ ხვდება, თუ როგორ არის მოწყობილი მსოფლიო...

ჯო ბაიდენისა და მისი მრჩევლის - ჯეიკ სალივანის მოქმედება წინააღმდეგობრივია: უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ეხმარებიან, მათ პეკინს სთხოვეს უკრაინის კონფლიქტში რუსეთს დახმარება არ გაუწიოო და ამ დროს ჩინეთის ხელისუფლებას აღიზიანებენ - განსაკუთრებით ახლა, როცა ვლადიმერ პუტინის იარაღის არსენალი მცირდება. ყველაფერი წყალში იყრება“ (წყარო).

ამერიკული ტელეარხი „სი-ენ-ენი“ (CNN International) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანზე აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობას კიდევ უფრო სარისკოს და არასტაბილურს გახდის“ (ავტორი - სტივენ კოლინსონი). „ამერიკამ ჩინეთის გააფთრებულ გაფრთხილებებს - ტაივანზე არ ჩახვიდეთო, ამერიკამ გაბედულად უპასუხა - "ჩვენ ვერ დაგვაშინებთ". ეს, ყველაფერი, იმას აჩვენებს, თუ რამდენად იოლად შეიძლება პოლიტიკური ვნებების გამძაფრება ჩვენს ორ ერს - ამერიკელებსა და ჩინელებს შორის. ისიც აშკარაა, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება, უეცრად უმართავად იქცეს და ყველაზე საშიში გეოპოლიტიკური დუელი გამოიწვიოს ჩვენს პლანეტაზე. ტაივანის პრობლემის ირგვლივ ათობით წლის განმავლობაში ვაშინგტონი და პეკინი „უფსკრულზე გადებულ ბეწვის ხიდზე დადიან“. და მაინც, რატომ მოისურვა ასე აქტიურად ნენსი პელოსიმ ტაივანზე გამგზავრება? რატომ დასჭირდა მას ჩინეთის ხელისუფლებაში ანტაგონიზმის გამძაფრება? რასაკვირველია, საკითხი მხოლოდ ტაივანით არ შემოიფარგლება, საქმე ეხება დასავლური იდეალების დაცვას და სამხედრო-ეკონომიკური უპირატესობის შენარჩუნებას არა მარტო წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ - მთელ მსოფლიოში“ (წყარო).

ფრანგულ გამოცემაში „ლე პუა“ (Le Point) გამოქვეყნებულია კომენტარი სათაურით - „რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება იყოს ჩინეთი იზოლირებული მსოფლიოსაგან“ (ავტორი - ჯერემი ანდრე), რომელშიც ნათქვამია:

„ნენსი პელოსის დელეგაციაში ოთხი ფრანგი სენატორიც შედის, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეუთანხმდა ტაივანზე ვიზიტისათვის. თავის დროზე, ეს ფაქტი პარიზში არსებულმა ჩინეთის საელჩომ ნეგატიურად შეაფასა და მას ტაივანური „ინდეფენდიზმის“ (დამოუკიდებლობის) ირგვლივ მიმდინარე თამაში“ უწოდა. როგორც საფრანგეთის თავდაცვის ექსმინისტრი - ალენ რიშარი ამბობს, „უეჭველია, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის გამო ჩინეთის მხრიდან პროვოკაციები გახშირდება - თვითმფრინავები კუნძულის ირგვლივ შექმნილ ჰაერსაწინააღმდეგო ზონას დაარღვევენ. განსაკუთრებით საშიშია ჩინეთის ფლოტის შესაძლებლობები საზღვაო დესანტის გადასხმის საკითხში... ცოტა ხნის წინათ პეკინს სადესანტო ხომალდები არ ჰქონდა, ახლა კი აქვს. ჩინეთის ხელმძღვანელები დიდი ხანია, ყველას აფრთხილებენ, რომ თავი დაანებონ ტაივანის „დამოუკიდებლობის“ პროვოცირებას... ნენსი პელოსის ვიზიტი კი სწორედ „დამოუკიდებლობის მანიფესტაციას“ წარმოადგენს“ (წყარო).

გერმანული „დერ შპიგელი“ (Der Spiegel) აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით - „როგორ შეიძლება მსოფლიოში მსხვილი კრიზისის გამოწვევა“. „თითქოს მსოფლიოსათვის ცოტაა ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიდის; რომ შიმშილისა და ეკონომიკური რეცესიის საფრთხეა; რომ კლიმატი საშინლად იცვლება და პანდემია, შესაძლოა, განმეორდეს... არასოდეს ტაივანის ირგვლივ სიტუაცია ისეთი დაძაბული არ ყოფილა, როგორიც ახლაა, როცა ჩინეთის ხელისუფლებას სახელმწიფო და პარტიული ლიდერი სი ძინპინი მეთაურობს. ნენსი პელოსის ტაივანურმა ტურნემ არა მარტო ჩინეთი, არამედ - მთელი მსოფლიო შემაშფოთებელ მოლოდინში ჩააყენა. მისი თვითმფრინავის ფრენის მარშრუტს ყველა თვალს ადევნებდა - შეუხვევს თუ არა ტაივანისკენ და დაეშვება თუ არა ტაიბეის აეროპორტში? და უეცრად „ბოინგმა“ სწორხაზობრივი ფრენა შეცვალა და მართლაც ტაივანისკენ შეუხვია... ჩინეთმა დაუყოვნებლივ დაგმო აშშ-ის ნენსი პელოსის ვიზიტი და განაცხადა, რომ პეკინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს „სამხედრო აქციების“ სახით.

პეკინს განზრახული აქვს კუნძულ ტაივანის გაერთიანება მატერიკულ ჩინეთთან. თუ საჭირო გახდება, სამხედრო ძალის მეშვეობითაც. ჩინეთის მთავრობა ტაივანს კომუნისტური სახალხო რესპუბლიკის ნაწილად თვლის. რამდენიმე თვის წინ რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ და არ არის გამორიცხული, ჩინეთიც იმავე გზით წავიდეს ტაივანთან მიმართებით... მაგრამ პეკინს კარგად ეცოდინება აშშ-ის ვალდებულება ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ“ (წყარო).