"მძღოლი გაიქცა... უცებ რომ დახმარებოდა, იქნებ, გადაერჩინათ კიდეც" - ვინ იყო ვარკეთილში დაღუპული მეეზოვე და რას ჰყვებიან მასზე მეზობელი და ფაქტის თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"მძღოლი გაიქცა... უცებ რომ დახმარებოდა, იქნებ, გადაერჩინათ კიდეც" - ვინ იყო ვარკეთილში დაღუპული მეეზოვე და რას ჰყვებიან მასზე მეზობელი და ფაქტის თვითმხილველი?

დღეს დილით ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან, ტრაგედია დატრიალდა. 72 წლის მეეზოვე ქალს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და იგი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს და შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს.

გარდაცვლილი ქალი 72 წლის ზაირა ანყოსია. მეეზოვე ქალბატონი იქვე, ახლოს ცხოვრობდა. ფაქტი სახლიდან 300 მეტრში მოხდა. ჩვენ ვესაუბრეთ ავარიის თვითმხილველ მამაკაცს, რომელიც მომხდარს შემთხვევით შეესწრო. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"დილის საათებში, სადღაც 06:05 წუთი იქნებოდა, როცა თბილისში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან ეს უბედურება დატრიალდა, ცოტათი მოშორებით ვიყავი და დავინახე, როგორ დაეჯახა მანქანა მეეზოვეს და ქალი ძირს დავარდა. სავარაუდოდ, იგი ადგილზე გარდაიცვალა, რადგან ძლიერი დარტყმა იყო. მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, არ გაჩერებულა, ამიტომ ზუსტად მანქანის მარკა ვერ დავინახე. როგორც ვხვდები, პატარა "ფიტის" მსგავსი იყო.

საწყალი ქალი ქუჩას ასუფთავებდა, ბორდიურთან იდგა, როცა ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი, სავარაუდოდ, 80კმ. სიჩქარით მოდიოდა, ალბათ, თორემ ხომ ვერ დაეჯახებოდა ბორდიურთან მყოფ ადამიანს?! ან შესაძლოა - ჩაეძინა. ძალიან შემეცოდა საწყალი ქალი, გზა ცარიელი იყო...

ვერ ამიხსნია, ამხელა გზაზე როგორ უნდა დაჯახებოდა ქალს მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, ვერ ვხვდები...

მალე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, მაგრამ ქალი ადგილზე იყო გარდაცვლილი. მძღოლს, ალბათ, კამერებით იპოვიან", - ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი მამაკაცი.

გარდაცვლილი ქალი სამართალდამცველებმა პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზეც დიდხანს მუშაობდნენ ძალოვნები და გამოიკითხნენ კიდეც მიმდებარედ მყოფი ადამიანები.

ზაირა ანყოსი იქვე, ახლოს ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მას ძალიან დადებითად ახასიათებენ მეზობლები და მომხდარს განიცდიან.

მანანა წიკლაური, ქალის მეზობელი:

- მე და ზაირა ვმეგობრობდით. წლებია, ამ კორპუსში ვცხოვრობ. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა, მე - მე-9-ზე. საოცრად კარგი, ენერგიული, მშრომელი და თბილი ადამიანი იყო. მასზე განაწყენებულ ადამიანს უბანში ვერ ნახავთ. ყველას ესიყვარულებოდა და გვერდში ედგა.

ყოველ დილით გადიოდა სამუშაოდ, მეეზოვედ მუშაობდა. დილით, 8 საათზე, მე რომ მივდიოდი სამსახურში, ის მაშინ უკან ბრუნდებოდა და ყოველ დილით ერთმანეთს კორპუსთან ვხვდებოდით და მოვიკითხავდით ხოლმე. ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყო. გუშინ, საღამოს ვნახე ეზოში. პირველ სართულზე ცხოვრობდა და ყოველ საღამოს გამოდიოდა სკვერში და იქ იჯდა. ვსაუბრობდით ხოლმე. ძალიან მეცოდება და გული მტკივა. ხომ შეიძლებოდა, მძღოლს ადამიანობა გამოეჩინა და როცა დაეჯახა საწყალ ქალს, მანქანა გაეჩერებინა, მისი გადარჩენა ეცადა და არ გაქცეულიყო იქიდან. უცებ რომ დახმარებოდა, იქნებ, გადაერჩინათ კიდეც.

72 წლის იყო, ორი წლით უფროსია ჩემზე. როგორც დები, ისე ვიყავით. ვმეგობრობდით. ჩემი შვილების აღზრდაში მეხმარებოდა კიდეც. ჩემი შვილი შშმ პირია და არ არსებობდა დღე, ის რომ არ მოეკითხა.

ზაირა არაჩვეულებრივი დედა იყო, თავის შვილებზე ზრუნავდა, უპატიოსნესი შვილები გაზარდა. სულ მეუბნებოდა, მანჩო, ჩამოდი პარკში და ვილაპარაკოთო. მეც ჩავდიოდი, ვისხედით და ვსაუბრობდით. სამსახურის მერე საბნებს და ლეიბებს კერავდა. ვისაც უჭირდა, იმას ფულს არ ართმევდა, ისე უკერავდა. ყველას ყველანაირად ხელს უწყობდა. ზოგს მიზერულ თანხა ართმევდა.

ძალიან კარგი ადამიანია გარდაცვლილი და ძალიან განვიცდი მის ასეთ, ტრაგიკულად დაღუპვას.

- მომხდარის დეტალები ხომ არ იცით?

- ამ დილით ადრე გასულა სამსახურში. ლიფტში შევდიოდი, წივილ-კივილის ხმა რომ გავიგე, პირველ სართულზე მისი სახლის კარი ღია დამხვდა და ეს ამბავი შევიტყვე. ტიროდნენ, ზაირა დაიღუპაო. მძღოლს თუ შეეშინდა და გაიქცა, მერე მაინც ხომ მოვიდოდა აზრზე და ახლა რატომ არ მიდის პოლიციაში და რატომ არ ცხადდება? რომ ეჯახები ადამიანს, დაეხმარე, იქნებ, გადარჩეს. სასწრაფო რომ მისულა, უკვე გარდაცვლილი დახვედრიათ. თავის მოვალეობას ასრულებდა და ამ დროს დაეჯახა... მაღალი სიჩქარით მომავალი რომ შეეჯახა, ეტყობა, ქალი ჯერ ჰაერში ააგდო და შემდეგ ხეს შეეჯახა, საბრალო... ასე ამბობენ...

მეტ დეტალს, ალბათ, გამოძიება დაადგენს და დამნაშავესაც დააკავებს. ცხედარი ახლა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და საღამოს მოიყვანენ სახლში. იქვე ბენზინგასამართი სადგურია და, ალბათ, კამერები დააფიქსირებდა მანქანის მარკას.

როგორი ოჯახის ბურჯი იყო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ ტრაგედიას. მთელი ცხოვრება შრომაში იყო და შვილებს გვერდში ედგა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ზაირა ანყოსის ოჯახსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო...

(სპეციალურად საიტისთვის)