უკრაინის არმიას ახლა ყველაზე მეტად დონეცკთან უჭირს თავდაცვითი ზღუდეების შენარჩუნება... - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიას ახლა ყველაზე მეტად დონეცკთან უჭირს თავდაცვითი ზღუდეების შენარჩუნება...

"ის, რაც დღეს დონბასში ხდება, ავდეევკასთან და პესკებთან ბრძოლებისას, ნამდვილი ჯოჯოხეთია, ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია...", - ეს ემოციური განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის 160-ე დღის დასასრულს, გუშინ, ღამით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როდესაც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი და, ამასთანავე, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასეთ რამეს ამბობს, ე.ი. საქმე მართლაც რომ ძალიან რთულადაა და მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერ შეტევაზეა გადასული...

დასახლებული პუნქტების - პესკისა და ავდეევკას სახელები შეიძლება ობივატელს არც არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ უკრაინელებისთვის ის გმირობის სინონიმია, რადგან 2014 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, განვლილი 8 წლის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა სწორედ ავდეევკასა და პესკთან თავგანწირული ბრძოლებით, საშუალება არ მისცეს რუსეთის რეგულარული არმიის ფარული, დიდი მხარდაჭერით მომძლავრებულ ადგილობრივ პრორუსულ ძალებს, რომ „რუსული გაზაფხული“ დონბასის დასავლეთ ნაწილშიც ცეცხლითა და მახვილით შეეტანათ...

უფრო მეტიც, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ადგილობრივმა პრორუსმა სეპარატისტებმა და ამჯერად ღიად მოქმედმა რუსმა ოკუპანტებმა ვერა და ვერ მოახერხეს ავდეევკისა და პესკის დაპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნით ადრე ოკუპირებული დონეცკიდან სულ რაღაც ათიოდე კმ-ში მდებარეობენ, ხოლო დონეცკის განადგურებული აეროდრომიდან (სადაც თავის დროზე მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა) - მხოლოდ 5 კმ-ში...

2-1659529260.jpg
ავდეევკა რვა წლის განმავლობაში არ დანებდა რუს ოკუპანტებს, მაგრამ გაუძლებს კი ის ბევრად უფრო გაძლიერებულ შეტევებს?

არადა, 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ მიმართულებაზე, 100-დან 200 კმ-მდე სიღრმეში შეძლეს შეჭრა და ერთმანეთის მიყოლებით მელიტოპოლის, ბერდიანსკისა თუ ხერსონის დროებითი ოკუპაცია განახორციელეს...

დონეცკიდან რამდენიმე კმ-ში მდებარე პესკისა და ავდეევკის უკრაინელი დამცველების ასეთი მედგარი ბრძოლა იმითაც აიხსნება, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის არმიამ ამ საშიშ მიმართულებებზე კარგად დაცული ბეტონირებული თავდაცვითი ზღუდეები ააგო, რომლებიც მეტწილად უძლებენ საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებს.

მაგრამ ის, რაც დღეს ხდება პესკსა და ავდეევკაში, მართლაც ამართლებს პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებს - პესკისა და ავდეევკის დამცველთა მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო არმიამ საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო ცეცხლის განსაკუთრებული კონცენტრაცია მოახდინა, რომლის მსგავსი ბოლოს ევროპაში, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს თუ იყო, როდესაც საბჭოთა არმია ბერლინზე გადამწყვეტ იერიშზე გადადიოდა...

დღევანდელი რუსეთის ფედერაციის არმიის გენერალიტეტი თითქმის ერთიერთზე იყენებს საბჭოთა არმიის გენშტაბის შეტევით ტაქტიკას - ფრონტის კონკრეტულ უბანზე საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების მაქსიმალური კონცენტრაცია, დროში გაწელილი ინტენსიური ცეცხლით, რასაც მხარს უჭერს საფრონტო ავიაციის მასობრივი დაბომბვებიც...

სამწუხაროდ, რუს ოკუპანტებს ეს ტაქტიკა დღემდე მცირე-მცირე, მაგრამ მაინც ტაქტიკური გამარჯვებების საშუალებას აძლევდა მარიუპოლზე, სევეროდონეცკზე და ლისიჩანსკზე შეტევებისას...

3-1659529312.jpg
რუსი ოკუპანტების მასობრივი დაუნდობელი საარტილერიო დაბომბვის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი კორპუსები ხდებიან...

ავდეევკაზე შეტევას რუსი ოკუპანტები პირდაპირ, „შუბლში“ ახორციელებენ, ანუ არ ცდილობენ ფლანგებიდან შემოვლას და ჯერ ალყაში მოქცევას.

შეტევის ეს ტაქტიკა რუსი სამხედროებისთვის ბევრად უფრო დიდი საბრძოლო დანაკარგების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, რუს გენერლებს კრემლიდან აჩქარებენ სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ადმინისტრაციულ საზღვრებზე რაც შეიძლება მალე გასასვლელად...

საარტილერიო დანადგარებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რიცხოვნობაში უკრაინა რუსეთის არმიას ვერასოდეს დაეწევა, ნატოს წევრმა ქვეყანამ ბევრადაც რომ გაზარდოს კიევისთვის ამ სახეობის შეიარაღების გადაცემა.

ერთადერთი გზა, რომელიც უკრაინის არმიას არტილერიის ძალაში რუსეთთან პარიტეტამდე მიაახლოებს მაინც, არის, რომ რაოდენობას ხარისხი დაუპირისპიროს, ანუ იქ, სადაც რუსები „ურაგანისა“ თუ „სმერჩის“ ათობით რაკეტას ისვრიან ერთი სამიზნის გასანადგურებლად, უკრაინელებმა „ჰაიმარსის“ ერთი-ორი მართვადი რაკეტით ააფეთქონ მოწინააღმდეგის სამიზნე, მათ შორის, იგივე რუსული „ურაგანებისა“ და „სმერჩების“ საცეცხლე პოზიციები, რომელთა ოპერატიულად გამოვლენა ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრების, „ავაქსებისა“ და სტრატეგიული სადაზვერვო დრონების გამოყენებით, რეალური დროის მასშტაბშია შესაძლებელი.

აქამდე, თუკი ეს სადაზვერვო მონაცემები ჯერ აშშ-ში იგზავნებოდა და შემდეგ აღწევდა უკრაინელ არტილერისტებამდე, ერთ საათამდე დაგვიანებით (რაც რუსულ „სმერჩებს“ საცეცხლე პოზიციების დატოვების დროს აძლევდა), ახლა „უკრაინულ „ჰაიმარსებს“, სავარაუდოდ, დაემატათ სარაკეტო ცეცხლის მართვის მობილური პუნქტები, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ სადაზვერვო ინფორმაციას, რითაც მოგებული იქნება რამდენიმე ათეული წუთი, რაც, თავის მხრივ, უფრო გაზრდის „ჰაიმარსების“ კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსული „გრადების“, „ურაგანების“ და „სმერჩების“ განადგურების ალბათობას...