"პუტინის ხელისუფლებისადმი წყურვილი: ჯაშუშობიდან პრეზიდენტობამდე - რას გვიმჟღავნებს მისი პოლიტიკური წარსული" - Watson - კვირის პალიტრა

"პუტინის ხელისუფლებისადმი წყურვილი: ჯაშუშობიდან პრეზიდენტობამდე - რას გვიმჟღავნებს მისი პოლიტიკური წარსული" - Watson

„ჯაშუშობიდან პრეზიდენტობამდე - ასე შეიძლება ვუწოდოთ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ბიოგრაფიას. იგი რუსეთს სახელმწიფოს მეთაურის რანგში 2000 წლიდან მართავს, მანამდე კი საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურას ოთხი წელი ხელმძღვანელობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში - დრეზდენში, 1985 წლიდან - „ბერლინის კედლის“ დანგრევამდე“, - ნათქვამია შვეიცარიის გერმანულენოვანი გამოცემის - Watson-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით - „პუტინის ხელისუფლებისადმი წყურვილი: ჯაშუშობიდან პრეზიდენტობამდე - რას გვიმჟღავნებს მისი პოლიტიკური წარსული“ (ავტორი - ენ-ქეთრინ ჰამილტონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დაწყებული ომის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი სამოქმედო დღის წესრიგის შესრულებისათვის უარს ომზეც არ ამბობს. რუსეთის პრეზიდენტი, როგორც კა-გე-ბეს შტატიანი თანამშრომელი, ფსიქოლოგიური ომის ოსტატიც არის და არაერთგზის ჩარეულა რუსეთის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში.

რომელ ქვეყნებზე მოახდინა გავლენა ვლადიმერ პუტინმა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით? რა ინსტრუმენტებს და მეთოდებს იყენებს რუსეთი ამ დროს და როგორი პარალელები შეიძლება გავავლოთ უკრაინასთან მიმართებაში? - ამ საკითხებზე ვესაუბრებით ორ ისტორიკოსს - ვენის უნივერსიტეტის პროფესორს - ვოლფგანგ მიულერს და როსტოკის უნივერსიტეტის პროფესორს - შტეფან კრეიზბერგერს.

საქართველოდან... გერმანიის ბუნდესტაგამდე

„უცხოეთის ქვეყნების საქმეებში ვლადიმერ პუტინის ჩარევების სია საკმაოდ გრძელია: მაგალითად, რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში 2008 წელს - მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანამ დასავლეთთან სწრაფი დაახლოების ამბიცია გამოამჟღავნა; სირიელი დიქტატორის - ბაშარ ალ-ასადისადმი მხარდაჭერა; უკრაინის წინააღმდეგ ჯერ ფარული ომის (2014 წლიდან), შემდეგ კი - ღია ომის დაწყება (2022 წელს)... ეს მხოლოდ კრემლის ბინადრის მიერ ჩადენილი საქმეების მცირე ჩამონათვალია“, - ამბობს ვოლფგანგ მიულერი. მისი აზრით, ყაზახეთის 2022 წლის იანვრის ტრაგიკული მოვლენების პროვოცირებაც რუსეთის მიერ მოხდა, თუმცა ჯერჯერობით ამ ოპერაციის მასალები გასაიდუმლოებულია.

ვოლფგანგ მიულერი თვლის, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერნეტიკული შეტევებიც ვლადიმერ პუტინის ნებართვით მოხდა - მაგალითად, უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს, აშშ-ის წინააღმდეგ 2016 წელს (დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის სასარგებლოდ), „ბრექსიტის“ ფაქტი დიდ ბრიტანეთში (2015 წელს) და ჰაკერული შეტევა გერმანიის ბუნდესტაგზე (2021 წელს). პროფესორის აზრით, კრემლი, ასევე, გარეულია ბალკანეთში (ჩერნოგორიაში) და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მომხდარ მადესტაბილიზებელ მოვლენებში.

„ჩვენ, ასევე, უნდა გავიხსენოთ ჩეჩნეთის მეორე ომიც, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა - დაიწყო 1999 წელს და ოფიციალურად დასრულებულად 2009 წელს გამოცხადდა. ეს ომი ძალიან დიდი სისასტიკით მიმდინარეობდა“, - ამბობს შტეფან კრეიზბერგერი, რომელიც ავტორია წიგნისა „რუსულ-გერმანული საუკუნე: განსაკუთრებული ურთიერთობების ისტორია“, რომელიც ამა წლის მარტში გამოიცა.

„ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო ომის დროს, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის მიუხედავად, სისტემატურად იბომბებოდა და ინგრეოდა. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი პრეზიდენტობა სისხლისღვრით დაიწყო. თანაც ყურადღება მივაქციოთ: რუსეთის ლიდერი არასოდეს ლაპარაკობს ომზე - ის უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიას ომს კი არ უწოდებს, არამედ - ნაციზმის წინააღმდეგ მიმართულ „სპეცოპერაციას“, ხოლო ჩეჩნეთის ომს - ანტიტერორისტულ ოპერაციას“, - აღნიშნავს სტატიის ავტორთან საუბარში შტეფან კრეიზბერგერი.

მიზნის მიღწევის პუტინისეული მეთოდები

სირიაში რუსეთმა პირველად გამოიყენა ის მეთოდები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში დახვეწა და გააფართოვა, მათ შორის - მსხვილი ქალაქების და რიგი დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი რაიონების მსხვილმასშტაბიანი დაბომბვა. ბევრი დამახასიათებელი ნიშნით, სირიის ომი უკრაინის ომის გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენდაო, - ამბობს შტეფან კრეიზბერგერი. ვოლფგანგ მიულერი ამატებს: „ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ფარული გავლენა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებზე ბევრი არხით ხორციელდება - პოლიტიკურით, დიპლომატიურით, მასმედიის მეშვეობით, კიბერთავდასხმებით და სადაზვერვო ოპერაციებით. გარდა ამისა, რუსეთი ხელგაშლით აფინანსებს რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ცალკეულ პოლიტიკოსებს, ორგანიზაციებს და, საერთოდ, ექსტრემისტულ ჯგუფებსაც.კრემლის გავლენის კიდევ ერთი ინსტრუმენტია სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და კონფლიქტების პროვოცირება, რათა სამხედრო ჩარევის წინაპირობა შეიქმნას“.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ომს, ვლადიმერ პუტინს და მის გუნდს კარგად ესმის, თუ როგორ უნდა ისარგებლოს ინტერნეტის მეშვეობით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე: ერთი მხრივ, ჰაკერების დახმარებით, რომლებიც პოლიტიკოსებს კომპრომატებით ატერორებენ და მათგან „ტროას ცხენებს“ ქმნიან, მეორე მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, რადიოტელევიზიებში, პრესაში და, საერთოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამით რუსეთის ლიდერს სურს, რომ დასავლურ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს და რომ მოქალაქეებმა საკუთარ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადონ.

შტეფან კრეიზბერგერი ამის ნიმუშად უკრაინაში მომხდარ ფაქტს ასახელებს: „ვლადიმერ პუტინმა დონბასში მოსახლეობის ნების მანიპულირება მოახდინა - მათ ჩაუნერგა აზრი, თუ როგორი უკრაინა სურს სამომავლოდ რუსეთს და ამ მიზნით, სამწუხაროდ, მან რუსულენოვანი მოქალაქეების მობილიზება მოახერხა. რუსეთის პრეზიდენტი თავის ოფიციალურ გამოსვლებში სისტემატურად ლაპარაკობს უკრაინის ისტორიაზე და დამახინჯებით აცხადებს, რომ უკრაინას არასოდეს ჰქონია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: „იგი დიდ შეცდომად თვლის იმას, რომ 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა უკრაინას საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა“.

„ვლადიმერ პუტინი ლიბერალურ დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს ზიზღით უყურებს. იგი დემოკრატიული ქვეყნების მცხოვრებლებს თავიანთივე ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, აქტიურად თანამშრომლობს რიგ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებსაც პარლამენტებში და მთავრობებში დეპუტატები და წარმომადგენლები ჰყავთ. მაგალითად, გერმანიაში ასეთ ორგანიზაციებს წარმოადგენენ „ალტერნატივა გერმანიისათვის“ და „მემარცხენე პარტია“.

„დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება...“

შტეფან კრეიზბერგერის თქმით, ვლადიმერ პუტინს რუსეთისათვის „ძველი დიდების დაბრუნება სურს“, ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა. ეს ეხება რუსეთის იმპერიის სტატუსსაც, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინ (ანუ „ოქტომბრის რევოლუციამდე“), პლანეტის მეტ-ნაკლებად განვითარებული და მდიდარი რესურსების მქონე ქვეყნების სიაში შედიოდა.

სწორედ ამ მოტივაციით აღმოუჩინა კრემლმა დახმარება ბაშარ ასადს სირიაში: „ვლადიმერ პუტინმა, თავისი გავლენით და სამხედრო ძლიერებით, ხელი შეუშალა დასავლეთს სირიის მმართველი დიქტატორული რეჟიმის შეცვლაში, რადგან თუ ეს მოხდებოდა, მაშინ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში ავტორიტეტს დაკარგავდა“, - ამბობს შტეფან კრეიზბერგერი და განაგრძობს:

„ვლადიმერ პუტინი სპეცსამსახურების კაცია, რომელიც აწ უკვე დაღუპული იმპერიის საბჭოთა ხელისუფლებამ გაზარდა. რუსეთის ლიდერმა ერთხელ სრულიად გულწრფელად თქვა, რომ მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად ითვლება ანუ - ზესახელმწიფოს გაქრობად. მას ამის გამოსწორება სურს და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება - იგი 24 თებერვალს ომს იწყებს უკრაინის წინააღმდეგ, ამ ქვეყნის ისევ რუსეთისადმი მიერთების მიზნით“.

უკრაინა - მეორე ბელარუსი?

ისტორია გვაჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჩარევები უცხო სახელმწიფოებში მათი მმართველი რეჟიმების განმტკიცებას და რუსეთის გავლენის გაფართოებას ემსახურება. ვოლფგანგ მიულერის თქმით, რუსეთის ლიდერის საბოლოო მიზანს უკრაინის მიმართ „მეორე ბელარუსის“ შექმნა წარმოადგენს ანუ კიდევ ერთი დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომელიც მოსკოვზე სრულად იქნება დამოკიდებული. ვლადიმერ პუტინის აზრით, უკრაინის თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება. მას ეშინია, რომ თუ კიევს არ შეაკავებს, უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება.

და თუ უკრაინას მთლიანად ვერ დაიმორჩილებს, მაშინ კრემლი მზადაა, ქვეყანა დააქუცმაცოს და დაშალოს: ამ რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა (ამჟამად იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა) გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში შედის.

მაგრამ ვლადიმერ პუტინი არ ელოდა, რომ რუსეთის არმიის შეჭრას უკრაინისადმი დასავლეთის უდიდესი სოლიდარობა მოჰყვებოდა, - ამბობს შტეფან კრეიზბერგერი. უფრო მეტიც - ცოტა ხნის წინ, ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოებმა - ფინეთმა და შვედეთმა - ნატოში გაწევრება მოისურვეს. მოკლედ, ვლადიმერ პუტინი ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგეა, მაგრამ თავისი აგრესიული მოქმედებით უკუშედეგი მიიღო - ხელი შეუწყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრების მიღებას.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ