აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებაა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია? - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებაა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „trend“-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი და შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი, ისევე როგორც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა განადგურდა.

არსებული ცნობებით, სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ამასთან, ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ისინი რამდენიმე სიმაღლეს აკონტროლებენ.

სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

"არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო დიდ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმითაა დაჭრილი“ - აღნიშნულია არაღიარებული არხაცის ე.წ რესპუბლიკის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც სომხური მედია იტყობინება, არცახის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების ახალ რაუნდს და ამას სომხების სიძულვილის მორიგ გამოვლინებად აფასებს.

ამასთან, არცახის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიზანმიმართულად შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.

გარდა ამისა, სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ "არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ რესპუბლიკაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"