"ვიხრჩობიო, მითხრა, ვიხრჩობიო... ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და თვალები გადაატრიალა..." - რა დეტალებს ჰყვებიან 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ოჯახის ახლობლები? - კვირის პალიტრა

"ვიხრჩობიო, მითხრა, ვიხრჩობიო... ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და თვალები გადაატრიალა..." - რა დეტალებს ჰყვებიან 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ოჯახის ახლობლები?

თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ცენტრში იყვნენ შეკრებილები მთელი დღე 7 წლის გიორგი დემურიას მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები. გამწარებული მშობლები კლინიკის ხელმძღვანელობისგან მთავარ კითხვაზე პასუხს ითხოვენ, რატომ მოუკლეს მათ სიცოცხლით სავსე, უსაყვარლესი შვილი. გიორგი მშობლებმა თბილისში გეგმიური ოპერაციისთვის სენაკიდან ჩამოიყვანეს. ბავშვი სენაკში ცხოვრობდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბავშვს უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი, 10-წუთიანი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.

ბავშვის დედა მაია ინჯგია მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ გიორგის ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. დედა თურმე თავად შეესწრო ამ პროცესს, შვილის გვერდით იყო, როცა პატარა ცუდად გახდა და დედას მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა, ვიხრჩობიო.

„ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა... ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო, მითხრა. ვიხრჩობიო! ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა... ნარკოზისტმა თქვა, ეს იცის ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთ, მე მივხედავ ყველაფერსო, ჰოდა, გამომიშვეს აქეთ...

ძალით მომიკლეს ჩემი შვილი! დამიხრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა ბავშვს, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს", - ამბობს გამწარებული დედა მაია ინჯგია.

მშობლები და ახლობლები სასწრაფო წესით დამნაშავე ექიმის დასჯას ითხოვენ. ბუნებრივია, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სამართალდამცველები ალბათ დაადგენენ მომხდარი ტრაგედიის მიზეზს.

ამ უმძიმესი ფაქტის შემდეგ მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთეს კლინიკაში. მანაგაძის კლინიკის დირექტორი, ამბროსი პერტია ამბობს, რომ ოპერაციის ჩატარებამდე ბავშვს ყველა კვლევა ჩატარებული ჰქონდა:

"ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა ჩატარებული იყო ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით", - თქვა ამბროსი პერტიამ.

მისივე თქმით, 7 წლის ბიჭს წინა დღით სტანდარტით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ბავშვს სუნთქვის დარღვევა, გულის გაჩერება ანესთეზიური წამლების შეყვანიდან დაახლოებით, წუთ-ნახევარში განუვითარდა. რეანიმაციული ღონისძიებები 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა.

ის ასევე გამოეხმაურა დედის განცხადებას. „ის, რომ დედამ ანესთეზიის დაწყების დროს დაინახა, რომ ბავშვს სუნთქვა გაუძნელდა, ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ანესთეზიის დაწყების დროს, დედა, რა თქმა უნდა, საოპერაციო დარბაზში არ იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ოპერაციული ჩარევა ბავშვს არ ჩატარებია, იმიტომ, რომ ოპერაციის დაწყება უბრალოდ ვერ მოესწრო. საწყისი ანესთეზიის დაწყებისთანავე, ფატალური შედეგი განვითარდა.

რა არის ამის მიზეზი, ამის თქმა, რა თქმა უნდა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე არ შეიძლება, რომელიც დაადგენს რის გამო განვითარდა, რა იყო კონკრეტული მიზეზი“, - განაცხადა ამბროსი პერტიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პაციენტს კონკრეტული პრეპარატის მიმართ შეუთავსებლობა არ ჰქონდეს, მაგრამ ანაფილაქსიური შოკი განვითარდეს, კლინიკის დირექტორი პასუხობს, რომ იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია:

„იშვიათია, მაგრამ შესაძლოა, განვითარდეს. მე არაფერს ვამტკიცებ, არც ანაფილაქსიურ შოკს, არც არაფერს. ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი.

პატარა ბიჭის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ახლა ოჯახი იქ ელოდება ესპერტიზის დასრულებას, რის შემდეგაც ცხედარს სენაკში გადაასვენებენ. უმძიმესი და ენით აღუწერელია ის ტკივილი, რასაც ოჯახის წევრები და ახლობლები განიცდიან.

"ჩვენს უსაყვარლეს გიორგის უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა და ამის მოგვარება სურდათ მშობლებს, დაგეგმილი ოპერაცია იყო. სასქესო ორგანოზე იყო საოპერაციო, სულ 10-წუთიანი ოპერაცია იყო. შარდავდა ორმხრივად და მილი იყო გასასწორებელი. ორჯერ გაუკეთდა ეს ოპერაცია, მაშინაც არასწორად და ამის მოგვარება უნდოდათ. მეტი არანაირი პრობლემა ბავშვს არ ჰქონდა. სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი ბავშვი იყო. წამით ვერ დასვამდი ერთ ადგილას, სულ მოძრაობდა და თამაშობდა. უზომოდ მოსიყვარულე იყო. ოპერაცია არ დასცალდა. ნარკოზით მოკლეს. ნეტავი სულ არ გაეკეთებინათ, ნეტა ისე ყოფილიყო. ეს რა იცოდა ოჯახმა, უნდოდა მოეწესრიგებინა საშარდე მილზე პრობლემა და იმიტომ წაიყვანეს. არც ალერგიული ბავშვი არ იყო. ორჯერ აქვს ნარკოზი განაკეთები და მაშინ არ შექმნია პრობლემა. ახლა განსხვავებული რა შეუყვანეს, არ ვიცი. უსაყვარლები ბავშვი მოგვიკლეს და გაანადგურეს მთელი ოჯახი. მესამე კლასში გადადიოდა გიორგი. რადგან ადრე ოპერაცია თბილისში იყო გაკეთებული იგივე ექიმთან მიიყვანეს. იმან იცის მდგომარეობა და იმას გავაკეთებინებთო, ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა. ეს ნარკოზისტის შეცდომაა. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

განადგურდა ოჯახი. არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის, როგორ უნდა ვანუგეშო მისი მშობლები.

გიორგის ერთი და ჰყავს, 11 წლის. ის სოფელში იყო ბებიასთან, დედის დედასთან და ბავშვმა არაფერი იცის. ახლა მე მყავს წამოყვანილი და ვერ ვეუბნები. ცრემლებში ვიხრჩობი, როგორ ვუთხრა ეს საშინელი ამბავი. ჯერ არ ჩამოუსვენებიათ ბავშვი. ყველა დაემალა ოჯახს, ვინ დაენახვებოდა, შვილი მოუკლეს.

გელას და მაიას ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, ორ შვილს ზრდიდნენ და დღეს გიორგი არ ჰყავთ. ავად მაინც ყოფილიყო, ვიტყოდით, ოპერაცია ვერ გადაიტანაო, ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც პატარა პლასტიკის გასაკეტებლად მიიყვანეს... ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან ადამიანები. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ქაოსი ამ სფეროში? ბავშვს ესქპერტიზა ჩაუტარდა და გაირკვევა სიმართლეო, ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ როდის დასჯილან ექიმები, რომ დღეს დაისაჯონ.

ამ სფეროს მიხედვა სჭირდება, უნდა დაისაჯონ, რომ კიდევ არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები. ცოტა ხნის წინ, მეორე ბიძაშვილის ცოლს ოპერაციას უკეთებდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიდა ნარკოზისტი... მერე სხვა გამოიძახეს... ასეთი მედიცინის იმედად რომ იქნები, რა უნდა თქვა? ბავშვი მოგვიკლეს, ჩვენ კი დაგვღუპეს და აწი, რას დაარქმევენ, რა მნიშვნელობა აქვს? მოვითხოვთ, ყველა დამნაშავის დასჯას", - ამბობს ოჯახის ახლობელი თეა ჯიჯავა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს 7 წლის გიორგის მშობლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)