ყარაბაღის მესამე ომი დაიწყო?! - კვირის პალიტრა

ყარაბაღის მესამე ომი დაიწყო?!

დიდი მოლოდინის მიუხედავად, ბოლო დღეებში, საბედნიეროდ, არც სერბეთ-კოსოვოსა და არც ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირების რეგიონებში არ გაუსვრიათ, სამაგიეროდ, ჩვენ სამეზობლოში, მგონი, ყარაბაღის მესამე ომი დაიწყო აზერბაიჯან-სომხეთს შორის....

აზერბაიჯანმა გუშინ, სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა მიაყენა ყარაბაღში განთავსებული სომხური ძალების არტილერიასა და პირად შემადგენლობას, რის შემდეგაც, დაიკავა ორი სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლე, მცირე კავკასიის ქედში შემავალი ყარაბაღის ქედის რაიონში, დაღუპულია ორი და დაჭრილია 19 სომეხი სამხედრო...

სარიბაბას სიმაღლის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვია აზერბაიჯანის მხარემ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც მოსკოვი არ ტყუის - საბრძოლო აქტივობა მართლაც აზერბაიჯანის არმიამ წამოიწყო, რასაც ოფიციალური ბაქოც დიდად არც მალავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონტრტერორისტული სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით - „შურისძიება“...

პრეზიდენტ ალიევის ეს ნაბიჯი გასაგებია, ბაქო ცდილობს, სრულფასოვნად გამოიყენოს მსოფლიოში დღეისათვის შექმნილი ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ყარაბაღის პრობლემას - ბოლომდე აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა!

ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად პრეზიდენტ ალიევს ისიც უწყობს ხელს, რომ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ ხელშეკრულებაში, რომელსაც ბაქოსა და მოსკოვის გარდა, ერევანმაც მოაწერა ხელი, არ არის გამოკვეთილი იმ შეიარაღებული სომეხი ეროვნების პირების სტატუსი, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ არაკონტროლირებად ყარაბაღის დანარჩენ ტერიტორიაზე რჩებიან.

ერევანში მათ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დამცველებად თვლიან, ბაქო კი - ტერორისტებად მიიჩნევს...

პრეზიდენტ ალიევს დამატებითი სტიმული აქტიური სამხედრო მოქმედებების დასაწყებად შეიძლება იმ მნიშვნელოვანმა ფაქტორმაც მისცა, რომ დასავლეთი და, პირველ რიგში, ევროპა, ბაქოს მიმართ უცბად მოლბა - მათ აზერბაიჯანული გაზი და ნავთობი დასჭირდათ რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების დაწესების შემდეგ.

ის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ კიდევ თვეების წინ პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებას არადემოკრატიულ ქმედებებში სდებდნენ ბრალს, დღეს იმედით შეჰყურებენ აზერბაიჯანული გაზით ზამთრისთვის მათი ამომრჩევლების გათბობის პერსპექტივას...

შესაბამისად, ოფიციალურ ბაქოს ხელ-ფეხი ეხსნება გააქტიურებისთვის - ძალით დაკარგულის ძალით დასაბრუნებლად...

მართალია, ოფიციალური ერევანიც ცდილობს, გამონახოს საერთო ენა ევროკავშირთან, მაგრამ ამით სომხები მათ მიერვე საუკუნეების წინ არჩეულ სტრატეგიულ პარტნიორს - რუსეთს განსაკუთრებით აღიზიანებენ, რადგან მოსკოვს იმის გაგონებაც არ სურს, რომ მის მიერვე ინსპირირებული ყარაბაღის პრობლემა პარიზიდან თუ ლონდონიდან მოაგვარონ.

სომხეთი, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული, 26 წლის განმავლობაში, თავს ყარაბაღის ომში გამარჯვებულად თვლიდა, 2020 წელს საშინელი კატასტროფის წინაშე დადგა, ომიც წააგო და, ამასთან, სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის აშკარა ღალატმა მორალურად გაანადგურა. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ჩუმი თანხმობის გარეშე და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტი ალიევი ვერ გაბედავდა 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყარაბაღის მეორე ომის დაწყებას...

დღეს, შეიძლება მესამე ომია უკვე დაწყებული ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზეც აზერბაიჯანის დე-ფაქტო იურისდიქციის აღსადგენად.

ამჯერად, პუტინის თანხმობას ალიევი, ალბათ, არც დაელოდა, რადგან ჩათვალა, რომ უკრაინის ომის ჭაობში ნელ-ნელა და უფრო და უფრო ჩაფლულ კრემლს დღეს ყარაბაღის გარჩევებისთვის ნაკლებად სცხელა...