"ვფიქრობდი, რომ ჩინეთი კრემლის აგრესიულ მოქმედებას დაგმობდა... ჩინეთს შეუძლია რუსეთის ფედერაციას ერთი ადგილი მიუჩინოს" - ზელენსკის რა ინტერვიუს აქვეყნებს ჩინური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, რომ ჩინეთი კრემლის აგრესიულ მოქმედებას დაგმობდა... ჩინეთს შეუძლია რუსეთის ფედერაციას ერთი ადგილი მიუჩინოს" - ზელენსკის რა ინტერვიუს აქვეყნებს ჩინური გამოცემა?

„ვეძებ შესაძლებლობას, რომ პირდაპირ დაველაპარაკო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს - სი ძინპინს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკების გზებს ეძებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეწყვეტის მიზნით“ (40-წუთიანი საუბარი ჩაწერილია Zoom-ის მეშვეობით ჩინელი ჟურნალისტის - ემი ჩუს მიერ).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მე ძალიან მინდა, მას პირდაპირ მოველაპარაკო. სი ძინპინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე, ისიც ერთი წლის წინ. 24 თებერვლის ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვითხოვეთ მასთან საუბარი, მაგრამ ვერ მოხერხდა. არადა, ვფიქრობ, რომ ეს ძალზე საჭირო და სასარგებლო იქნებოდა“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში.

თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, მას ეგონა, რომ პეკინის პოზიცია პრორუსული არ იქნებოდა: „ვფიქრობდი, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ სხვა მიდგომას გამოამჟღავნებდა და კრემლის აგრესიულ მოქმედებას დაგმობდა... საერთოდ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდა, რომ უკრაინისა და ჩინეთის ურთიერთობა ყოველწლიურად მტკიცდებოდეს და ღრმავდებოდეს“.

გასულ წელს პეკინმა და კიევმა ოფიციალური ორმხრივი კავშირების დამყარების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. ჩინეთში უკრაინის საელჩოს მონაცემებით, 2021 წელს ჩინეთი უკრაინის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, მათ შორის საქონელთბრუნვამ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სი ძინპინი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ლიდერებს შორის, რომელიც უკრაინაში „ერთხელ მაინც არის ნამყოფი“ (როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში აქვს 2011 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის - ჰუ ძინტაოს ვიზიტი უკრაინაში, რომლის დელეგაციის შემადგენლობაში, ალბათ, სი ძინპინიც იყო - ავტორის შენიშვნა). ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ წელს, სატელეფონო საუბრის დროს, სი ძინპინმა თბილად გაიხსენა თავისი კავშირები აღმოსავლეთევროპულ ქვეყანასთან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მას კარგად ესმის, რომ ჩინეთს ომის მიმართ „დაბალანსებული მიდგომის“ შენარჩუნება სურს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო - სწორედ რუსული არმია შეიჭრა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე: „რუსები დამპყრობლები არიან. ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ისინი ჩვენი ტერიტორიის დასაპყრობად შემოიჭრნენ. ჩინეთს, როგორც დიდ და მძლავრ ქვეყანას, შეუძლია რუსეთის ფედერაციას ერთი ადგილი მიუჩინოს... მე ძალიან მინდა, რომ პეკინმა რუსეთის ფედერაციის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალოს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთს მოუწოდა, რომ გამოიყენოს მთელი თავისი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა კრემლმა საომარი მოქმედებები შეწყვიტოს: „ჩინეთი ძალზე მძლავრ სახელმწიფოს წარმოადგენს, ჩინეთს ძალზე ძლიერი ეკონომიკა აქვს... ამიტომაც, მას შეუძლია რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - ციტირებს გაზეთი ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამს, - „თუ ყველა უკანონოდ და უსამართლოდ იმოქმედებს, თუ ყოველი ქვეყანა სამხედრო ძალას თავისი შეხედულებით გამოიყენებს, მაშინ რისთვის არის საჭირო უშიშროების საბჭო?“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მისი აზრით, ჩინეთს აქვს ეკონომიკური ბერკეტები, რომ ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოახდინოს ომის შეწყვეტის მიზნით: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის ბაზრის გარეშე რუსეთი სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში იქნებოდა. რისი გაკეთებაც ჩინეთს შეუძლია, არის ის, რომ [რუსეთთან] ვაჭრობა შეამციროს მანამ, სანამ ომი არ დამთავრდება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ენერგომატარებლებზე გადიდებული ფასებით მიღებულ შემოსავლებს, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად („ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცხოვრობენ რუსები“), სამხედრო მიზნებისკენ მიმართავს, იარაღისთვის იყენებს უკრაინასთან ომში: „ეს უნდა შეჩერდეს“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ამჟამად რუსეთი, რომელიც სანქციების გამო ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იარაღის საწარმოებლად აუცილებელ დეტალებს, მაგალითად, ნახევარგამტარებს, აზიის იმ ქვეყნებში ყიდულობს, რომლებიც დასავლეთის დიპლომატიური გავლენის მიღმა არიან დარჩენილნი. „ჩვენი დაზვერვაც, ჩინური დაზვერვის მსგავსად, ეფექტიანად მუშაობს და კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებს მიმართავს მოსკოვი დასახმარებლად ამ სფეროში“.

თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არ სურს, რომ რომელიმე მთავრობისაკენ თითი გაიშვიროს. უბრალოდ, მას უნდა, რომ ყველა ერთად გამოვიდეს რუსეთის ტირანიის წინააღმდეგ და არა ისე, რომ ერთი ქვეყანა ეხმარება და მეორე - არა.

კითხვაზე, დაეთანხმებოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ჩინეთის წინადადებას დანგრეული ეკონომიკის აღდგენის საკითხში, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს, რომ მას ამ საქმეში არა მარტო ჩინური ბიზნესის, არამედ - მთელი მსოფლიოს იმედი აქვს: „მე მინდა, რომ მთელი მსოფლიო დაგვეხმაროს. ჩვენთვის ეკონომიკის აღდგენის საკითხი მძიმე იქნება. რუსულმა სარაკეტო დაბომბვებმა ბევრი ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს“.

ჩინეთი ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ინდოეთი, უარს აცხადებს კონფლიქტის რომელიმე მხარეს მიემხროს. ოფიციალური პეკინის აზრით, დასავლეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის გაუარესებაში და ამით ომის დაწყება დააჩქარა.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი აზრით, უკრაინელებს და ჩინელებს ერთნაირი ფასეულობები აქვთ, ერთნაირ იდეალებს იზიარებენ, მაგალითად - ოჯახისა და შვილებისადმი სიყვარულს. „ყველას უყვარს თავისი შვილები. ყველას სურს მშვიდობიან გარემოში იცხოვროს და ირგვლივ სტაბილურობა იყოს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ