"ლეღვმა... გადაგვარჩინა!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმის ჩვენებას რუსეთში, რომელიც აფხაზეთის თემას ეხება - კვირის პალიტრა

"ლეღვმა... გადაგვარჩინა!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმის ჩვენებას რუსეთში, რომელიც აფხაზეთის თემას ეხება

მამა ქართველი ჰყავდა, დედა - უკრაინელი, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა... მისი ნოველები, მინიატიურები და მოთხრობები არაერთ ჟურნალსა და გაზეთში დაიბეჭდა. წერს ქართულად და რუსულად. საზღვარგარეთაც იცნობენ, იქ, სადაც მისი ხელნაწერები გავრცელდა, ინგლისურადაც ითარგმნა. ლტოლვილობის პერიოდში, წლების წინ, აფხაზეთის მთავრობაში პრესცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, დღეს უმუშევარია...

ჟურნალისტი მაია წულაია ამბობს, რომ აფხაზეთი მინი უკრაინაა. წუხს იმაზე, რომ ახლა აფხაზეთს ნაკლებად ახსენებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემმა ძმამ აფხაზეთის მთელი ომი საოპერაციოში გაატარა. ის ქირურგია, მე და ჩემს რძალს საავადმყოფოში მიგვქონდა მასთან საჭმელი და სხვა საჭირო ნივთები. დედაჩემი სთხოვდა, - სამზარეულოში ონკანი შეაკეთეო, მაგრამ ვერ მოიცალა, ქალაქი ყოველდღე იბომბებოდა. ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას მშობლები ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ომის დროს ასე იყო, დილით "გამარჯობას" ეტყოდი მეზობელს ან ვიღაცას და საღამოს, პანაშვიდზე მიდიოდი...მე, დედა, ძმისშვილები და ჩემი შვილი ლეღვმა გადაგვარჩინა!.."

tsulaia-1659611037.jpg

"ჩემი ძმა სამტრედიაში ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა სურსათი და ისევ უკან ბრუნდებოდა. ერთხელაც თქვა, წავიდეთ ახლა სოხუმშიო. ის პერიოდია, როცა სექტემბერში ხელი მოაწერეს ე.წ. პირიმირიას და ხალხი სახლებში დაბრუნდა, სკოლისთვის ემზადებოდნენ... როგორ შეიძლებოდა მათი ნდობა?.. ჩვენ ერთი კვირით დავრჩით, ჩემი ძმა წავიდა. მალე ცხენისწყალი გადაიკეტა, დიდი ბრძოლა ატყდა. ძმაზე არაფერი ვიცოდით. ხმები მოდიოდა, რომ ჩვენი სახლი ჯერ გაძარცვეს, მერე კი დაწვეს..."

"ჩვენს სახლში მცხოვრები, მგონი, 12 ხანში შესული ადამიანი ომის დროს იქვე დარჩა. იმ ხალხისთვის, ვისაც მთელი ცხოვრება რაღაც დოვლათი შეუქმნია, ძალიან ძნელია, თავისი სახლიდან სხვაგან წავიდეს. ყველა მოხუცი დახოცეს, ვინც დარჩა, არც დაუსაფლავებიათ. ბინაში შედიოდნენ და არაფერს ეკითხებოდნენ, ისე ესროდნენ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი